რამდენიმე ათასმა უკრაინელმა კიევში აქცია გამართა, რათა რუსეთის შეჭრის საშიშროების ფონზე ერთიანობა ეჩვენებინათ.

"დიდება უკრაინას" — სკანდირებდნენ შეკრებილები, თან კი ჰქონდათ უკრაინის დროშები და ბანერები.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 12 თებერვალს განაცხადა, რომ ახლა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ერთიანობა, ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავება, რომელიც სტაბილურობას ძირს უთხრის და თესავს პანიკას.

უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან უკრაინაში.

11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას.

მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.

სხვა ქვეყეყნებიც, მათ შორის ბრიტანეთი, ასევე მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა. დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში, მელინდა სიმონსმა კი Twitter-ზე დაწერა, რომ კიევში რჩება და გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს.

გაიგე მეტი: