გორის რაიონ სოფელ კარალეთში, ახალგახსნილი საწარმოს შესასვლელში ვდგავართ და მისი დაფუძნების ისტორიას ვისმენთ. ათობით სტარტაპის დამფუძნებლისთვის მომისმენია, თუმცა, ქეთი განსაკუთრებული ემოციით საუბრობს თავის შექმნილ სამკერვალოზე. რომც არ ეთქვა, რთული მისახვედრი არ იქნებოდა, რომ ეს მისი ოცნების საქმეა.

ქეთი პროფესიით იურისტია, მაგრამ, როგორც ამბობს, ამ საქმეში საკუთარი თავი ვერ იპოვა. ამიტომ, კერვა დაიწყო და ეს საქმე იმდენად შეიყვარა, რომ მისი კეთებისას აღარც დრო ახსოვდა და არც — ანაზღაურება. კერვა მან პროფესიონალურ დონეზე შეისწავლა, დღეს კი, როცა უკვე პირველი საწარმოს გახსნა, თავის ცოდნასა და გამოცდილებას სხვებს უზიარებს. ამასთან, მდგრადობის პრინციპს მიჰყვება და ნარჩენების შემცირებაზე ზრუნავს. ამდენად, ბამანე სოციალური და მწვანე საწარმოს შერწყმაა.

CENN-ის ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში სწორედ სოციალურ და მწვანე საწარმოებს ვსტუმრობთ. გორის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებული ექვსი ასეთი დაწესებულება გაიხსნა. ბამანე ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელსაც გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ გარდამტეხ მომენტში დახმარების ხელი გაუწოდა.

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

"აღმოჩნდა, რომ სამკერვალო ნარჩენი დიდი რაოდენობით გროვდებოდა, მე კი გადაყრა მენანებოდა, ამიტომ ვინახავდი; ნაწილს გავაჩუქებდი ხოლმე, შემდეგ კი გამიჩნდა იდეა, რომ ეს მასალა რაიმე სახით გამოგვეყენებინა წარმოებაში: საძილე ტომრების ან თუნდაც სათამაშოების დასამზადებლად", — იხსენებს ქეთი, — "სწორედ CENN აღმოჩნდა ის ორგანიზაცია, რომელმაც ჩვენი იდეა გაიზიარა და მხარი დაგვიჭირა. ვგრძნობდი, რომ მისმენდნენ და აინტერესებდათ ის, რაზეც ვფიქრობდი. ეს იყო ორგანიზაცია, რომელმაც მეგობრული რჩევიდან ფინანსურ მხარდაჭერამდე ყველანაირი რესურსით უზრუნველგვყო".

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ასე ჩამოყალიბდა სამკერვალო ბამანე, რომელიც საძილე ტომრებს აწარმოებს. საწარმომ ადგილობრივი ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების დასაქმებასაც შეუწყო ხელი, რითაც სოციალური ფუნქცია შეიძინა.

ამასთან, ისინი ქმნიან სადღესასწაულო კაბებსაც, თუმცა, ძირითადი აქცენტი მაინც საბავშვო საძილე ტომრებზე კეთდება. ამ პროდუქციის ხაზს საგანგებო სახელიც ეწოდა — აბა — რომელიც, როგორც გავიგეთ, ქეთის შვილის პირველი სიტყვაა. სხვათა შორის, აბა და მისი სახელის ავტორიც თითქმის თანატოლები არიან.

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

"იმედია, აბა ყველას შეგიყვარდებათ, ყველასთვის ცნობილი გახდება და ყველას ოჯახში შევა", — ამატებს ქეთი.

დიდი მიზნები

ტექსტილის ნარჩენების შემცირებაზე ზრუნავს კიდევ ერთი საწარმო — ლიდერი — რომელიც გორში ფუნქციონირებს. სამკერვალოსთვის, რომელიც არაერთი პრესტიჟული კონკურსის მონაწილე და პრიზიორიც კი გახდა, სოციალური აქცენტები ძირითადი საქმიანობის ნაწილია. ის პირველი იყო, რომელმაც რეგიონში საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად ნარჩენების გამოყენება დაიწყო, ამავდროულად, მიზნად ქალთა გაძლიერება დაისახა და საწარმოში დასაქმებული ქალების მხარდაჭერასთან ერთად აქტიურად ჩაერთო გენდერული თანასწორობის ადგილობრივ თუ გლობალურ კამპანიებში.

ლიდერმა მოწყვლადი ჯგუფებიდან გამოსულ ადამიანებს ერთი მხრივ ხელსაქმე, მეორე მხრივ კი სამეწარმეო საქმიანობის სპეციფიკა და დამოუკიდებელი მართვის უნარი შეასწავლა.

საწარმოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვსტუმრობთ. გორის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს წევრს ლიდერის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნინო გიორგაძე, საქმიანობის სპეციფიკას დეტალურად უხსნის.

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

"35 საწარმოსთან ვთანამშრომლობთ", — ჰყვება ნინო, — "ესენია დიდი სამკერვალო საწარმოები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, რომლებიც ტექსტილის ნარჩენს გვაწვდიან. წლის ბოლოსთვის დაგეგმილზე 5-ჯერ უფრო დიდ შედეგს ველოდებით, რადგან 10 ტონა ნარჩენი გვექნება გადამუშავებული".

ნინოს თქმით, ნავთობის შემდეგ ტექსტილის ნარჩენები გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელია, ამიტომ მათი საქმიანობის გაფართოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დანადგარი, რომელიც ნარჩენებს ამუშავებს, საგანგებოდ ლიდერისთვის შეიქმნა ჩინეთში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი საქმიანობის დიდი გამოცდილება არაა დაგროვებული, ნინოს იმედი აქვს, რომ საქმეს სრული დატვირთვით განაგრძობენ და წელიწადში 15 ტონამდე ნარჩენის გადამუშავებას შეძლებენ.

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ამასთან ერთად, ლიდერი თავის სოციალურ მისიას აგრძელებს და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს რეალიზებაში უწყობს ხელს. ნინო ამბობს, რომ მათთან მუშაობის სურვილი წელს 72-მა ადამიანმა გამოთქვა და ძალიან გაუჭირდათ მათგან 30 ბენეფიციარის შერჩევა.

"ნარჩენებისგან ვამზადებ სხვადასხვა აქსესუარს. ვცდილობ, რომ საქმიანობა გავამრავალფეროვნო. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ახალი პროდუქტის შექმნის პროცესში ვმონაწილეობ", — აცხადებს ერთ-ერთი მათგანი.

თუმცა, ლიდერის პროდუქციას მრავალფეროვნება არ აკლია — საბავშვო სამოსს, რომელიც საწარმოს ძირითადი ხაზია, განსაკუთრებული დატვირთვაც აქვს: მასზე დატანებული ნაქარგები პატარების სოციალურ-კოგნიტიური უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

როცა ნინოს ბოლოს ვესაუბრეთ, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, მან გვითხრა, რომ სამომავლო გეგმები პროდუქციის ექსპორტზე გატანას უკავშირდებოდა. როგორც ჩანს, ამ დიდი გეგმის ნაწილი სწორედ CENN-ის დახმარებით განახორციელეს — მომავალ კლიენტს სომხეთში ერთ-ერთ გამოფენაზე შეხვდნენ. ამასთან, კვლავაც აქტიურად აგრძელებენ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას და პროდუქციის გლობალური ონლაინმაღაზიებით რეალიზაციას.

CENN-ის წარმომადგენლისა და პროექტის ხელმძღვანელის, მარიამ ხერგიანის თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ლიდერი გარემოსდაცვით და სოციალურ მეწარმეობას აერთიანებს, ამავდროულად, ამაღლებს ცნობიერებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ნარჩენების გადამუშავებაა.

საქმედ ქცეული ჰობი

საქმეზე განსაკუთრებულად შეყვარებული ხალხი გვხვდება სოფელ პატარა გარეჯვარშიც, სადაც ყვავილების სათბურს ვსტუმრობთ. მასპინძელი ნათია ირემაძე გულწრფელად გვიზიარებს, რომ საქმიანობის დაწყების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა მეზობელთან ოთახის იები შენიშნა და მოისურვა, თავადაც ჰქონოდა ლამაზი ყვავილები. მეზობლისგან გამორთმეული ფოთლები დააფესვიანა და ასობით გაამრავლა, რომელთაც შეძენის მსურველები მალევე გამოუჩნდათ.

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ასე გადაიზარდა ნათიას გატაცება ბიზნესში — 2021 წელს სათბურიც გახსნა და ვარდების, ქოთნისა და სხვა სახეობის ყვავილების მოვლა-რეალიზაციას მიჰყო ხელი. მოგვიანებით, თავისი სიყვარული სხვებსაც გაუზიარა და საქმიანობაში კიდევ ერთი ადამიანი ჩართო. იგი დევნილი ოჯახიდანაა და აქამდე არ მუშაობდა.

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

"ძალიან მიყვარს ეს საქმე", — ერთვება საუბარში ნათიას თანაშემწე, — "ყოველ დილით ჩემი დღე ასე იწყება: სათბურში მოვდივარ, კარებს ვაღებ, ვანიავებ და ყვავილებს დავხედავ ხოლმე. ნათიამ ეს საქმე შემაყვარა და მისი მადლიერი ვარ. რა თქმა უნდა, როცა სათბური გაფართოვდება, ეს ჩემი ოჯახის მდგომარეობაზეც დადებითად აისახება".

საქმიანობის გაფართოება კი სათბურის დამფუძნებლის გეგმებში ნამდვილად შედის. ნათია ირემაძე აპირებს, პოპულარული გახადოს არა მხოლოდ თავისი მოყვანილი ყვავილები, არამედ პროფესიაც.

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

"გვსურს, დავასაქმოთ კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს", — აღნიშნავს ნათია, — "გვინდა, სკოლიდანაც მოვიწვიოთ ბავშვები, რათა შევაყვაროთ მცენარეები და ამ საქმისადმი ინტერესი გავუღვივოთ".

ინოვაცია და მდგრადობა

დღის დასასრულს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში აღმოვჩნდით, სადაც ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია FIT და მათი წარმოებული პროდუქცია ჩემპი გველოდება. მადის აღმძვრელი სურნელით სავსე საწარმოს ბოლოსთვის შემოტოვება ალბათ არ სჯობდა, თუმცა, გემრიელი ლუკმა მაინც გვხვდება — ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტს ვაგემოვნებთ. და, სანამ ტკბილი ხემსი საქმეს დაგვავიწყებს, სტარტაპის თანადამფუძნებელთან, თამარ შეითნიშვილთან, გასაუბრებასაც ვასწრებთ.

"ვაშლის ჩიფსების წარმოება 2018 წელს დავიწყეთ. თავიდანვე ავიღეთ სოციალური პასუხისმგებლობა და ამიტომ საწარმო გორის რაიონ სოფელ დიცში დავაფუძნეთ, რადგან ის საოკუპაციო ხაზთან ახლოსაა; ამასთან, გვსურს, ადგილობრივი ნედლეული გადავამუშავოთ", — ჰყვება თამარი, — "საქმიანობა სამმა სტუდენტმა წამოვიწყეთ: მე, ნონამ და შაკომ. ამ ეტაპზე 12 სახეობის ვაშლის ჩიფსს ვაწარმოებთ, თუმცა, თავიდან, რა თქმა უნდა, ერთი სახეობითა და მცირე რაოდენობით დავიწყეთ".

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

წარმოება კი სხვადასხვა პროექტში მონაწილეობითა და საკუთარი ძალისხმევით მალევე განავითარეს. ამის შემდეგ გაჩნდა ახალი მიზანი — უნარჩენო საქმიანობა — რასაც CENN-მა დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი. თამარის თქმით, მათ მიერ წარმოებული ჩემპის ნარჩენისგან ქმნიან ახალ პროდუქტს — ერთგვარ ტყლაპს, უფრო თანამედროვე და მოსახერხებელი ფორმით.

ამ დროისათვის წლიურად პროდუქციის ასი ათასამდე ერთეულს აწარმოებენ, თუმცა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, წარმოების კიდევ უფრო გაფართოების საჭიროება დგება დღის წესრიგში. ამასთან, ჩემპი საქართველოს საზღვრებს გარეთ, აშშ-შიც იყიდება უკვე, ამიტომ ახალი სეზონიდან სექტემბრიდან, საწარმოში დასაქმებულების, დიდწილად ქალების და ახალგაზრდების, რაოდენობაც გაიზრდება.

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი

ჩემპის გამორჩეულობა კი არა მხოლოდ დამზადების უნიკალურ ტექნოლოგიაში მდგომარეობს, არამედ იმაშიც, რომ ის მხოლოდ ინგრედიენტს — ვაშლს ან ვაშლის ბაზას — შეიცავს. არ აქვს არც დამატკბობლები და არც ხანგრძლივი შენახვისთვის განკუთვნილი დანამატები.

"ვაშლს გააჩნია უფრო დიდი პოტენციალი, ვიდრე, უბრალოდ, ვაშლის ჩიფსია", — აგრძელებს თამარი, — "ეს გულისხმობს ვაშლის ბაზად გამოყენებას და მისით სხვადასხვა გემოს შექმნას. ეს ხილი ბევრ ვიტამინს შეიცავს, ჩვენს ქვეყანაში და, მით უმეტეს, გორის რაიონში კი ძალიან გემრიელი მოდის, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ვაშლით მრავალფეროვანი სნექების შექმნას შევძლებთ".


ყველა ეს საწარმო იმის კარგი მაგალითია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქმის სიყვარული მისი წარმატებისთვის. ამას ხაზი ბამანეს ხელმძღვანელმა, ქეთი კვაჭანტირაძემაც, გაუსვა და აღნიშნა, რომ ცდილობს, მათთან დასაქმებულ ახალგაზრდებს საყვარელი საქმის პოვნაში დაეხმაროს.

გარდა ამისა, ნიშანდობლივია მეწარმეების მიზანიც — ზრუნვა საზოგადოებასა და მის საცხოვრებელ გარემოზე. ცნობილმა პოლიტიკოსმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რამდენიმე წლის წინ შეგვახსენა, რომ "ბიზნესი წინანდებური ფორმით მკვდარია, მწვანე ზრდა კი, ერთდროულად ეკონომიკური და კლიმატის პრობლემების გადაჭრის გზაა".

სწორედ ამიტომ, CENN, რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED). გარდა იმისა, რომ პროექტი მწვანე საწარმოებს უჭერს მხარს, ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდების, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების რეალიზაციას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას — ეს ყველაფერი ჩვენი მდგრადი, ინკლუზიური მომავლისთვის.