სტატია შეიცავს სპოილერებს წიგნიდან / ფილმიდან დიუნი.

დენი ვილნევის დიუნმა უკვე მოახერხა მაყურებელთა გულების დაპყრობა და გაამართლა ის დიდი მოლოდინები, რაც ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების წიგნის ახალი ეკრანიზაციის მიმართ არსებობდა. თუმცა ფილმს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, ვისთვისაც დიუნის ეს ვერსია შედარებით გაწელილ და მოსაბეზრებელ ფილმად იქცა.

კრიტიკის მიუხედავად, ფილმმა, ნამდვილი ვარსკლავური სამსახიობო შემადგენლობისა თუ შთამბეჭდავი კადრების დამსახურებით, მსოფლიო მასშტაბით უკვე 374 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. თუმცა, დიუნის წარმატების გასაღები მხოლოდ ტიმოთი შალამესა და ზენდეიას შესანიშნავი წყვილი არ ყოფილა — ამ სრულყოფილმა ეკრანიზაციამ მსოფლიოს ყურადღება მრავალი სხვა მიზეზითაც დაიმსახურა.

სიუჟეტი

დიუნი ცნობილია თავისი ჩახლართული სიუჟეტით, რომელიც აერთიანებს მრავალი ერის კულტურულ მახასიათებლებს, მე-20 საუკუნის პრობლემების ანალიზსა და ისეთ პოლიტიკურ ინტრიგებს, რისიც სამეფო კარის თამაშებსაც კი შეშურდებოდა.

მთავარი პერსონაჟი, პოლი, ახალგაზრდა არისტოკრატია, ძლევამოსილი ატრეიდასების საგვარეულოს მემკვიდრე, რომლის სახელიც მოახლოებულ უბედურებაზე მიგვანიშნებს: ატრევსი მიკენეს მეფე იყო (მისი ტრაგიკული ბედი აღწერილია ილიადასა და ოდისეაში). დიუნის მთლიანი სამყარო ემორჩილება იმპერატორს, რომელიც გალაქტიკებსა და პლანეტებს მართავს. ერთ-ერთი მათგანია არაკისი — ქვიშით დაფარული, უდაბური პლანეტა. სიცოცხლე არაკისზე თითქმის შეუძლებელია: ცხელი ჰაერი, მცენარეთა ღარიბი საფარი და წყლის ნაკლებობა კლავს ყველას, ვინც შესაბამისად აღჭურვილი არაა.

ფოტო: Mark Molnar

გარდა ამისა, პლანეტაზე ქვიშის გიგანტური მატლებიი ბინადრობენ, რომლებიც ვერ იტანენ ვიბრაციას და შთანთქავენ ყველაფერს, რაც წინ შეხვდებათ. ისინი გამოყოფენ კოსმოსურ მელანჟს — სუბსტანციას, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს აფართოებს და დიუნის სამყაროში კოსმოსური მოგზაურობებისთვის გამოიყენება.

იმპერიამ არაკისი, სუნელის სრულად დასაკუთრების მიზნით, კოლონიად გადააქცია, თუმცა იმპერიის ჯარისკაცებს წინააღმდეგობას ბედუინთა მსგავსი ერი — ფრემენები უწევენ, რომლებმაც შეითვისეს უდაბნოს ძალა და ქვიშის მატლებს ეთაყვანებიან.

ფოტო: Matt Griffin

სწორედ ამ დროს ჩაანაცვლებენ ატრეიდასები ჰარკონენებს, რომლებიც პლანეტას ბოლო 80 წლის განმავლობაში მართავდნენ. ისინი სუნელს აწარმოებდნენ და თავს ესხმოდნენ ფრემენებს. პოლის მამამ — ჰერცოგმა ლეტო ატრეიდასმა იცის, რომ ეს არაფერია, თუ არა იმპერატორის გეგმა, შეამციროს ატრეიდასების გავლენა და კონფლიქტი გამოიწვიოს მათსა და ხარბ ჰარკონენებს შორის.

პოლის ცხოვრება ადვილი არ არის. 15 წლის ბიჭს ხან მამამისის ტიტული ზღუდავს, ხან კი დედამისის მემკვიდრეობა. ლედი ჯესიკა ბენე გესერიტის ორდენის, ფსევდორელიგიური ორგანიზაციისა და იმპერიის მალული მთავრობის, მიმდევარია. ისინი Kwisatz Haderach-ის, "რჩეულის" შექმნის იდეით არიან შეპყრობილნი. ორდენმა არაკისზე რჩეულის შესახებ ჭორები დიდი ხნის წინ გაავრცელა და სწორედ აქ უწევს პოლს საკუთარ ბედისწერასთან პირისპირ შეხვედრა.

დიუნში პოლი ითავსებს მესიის როლს, რომელიც აერთიანებს შიიზმისა და სუნიზმის (ისლამის ორი განშტოების) ელემენტებს. ეს კი მხოლოდ ერთი მაგალითია იმ მრავალი კულტურული მახასიათებლისა, რომელიც დიუნის სამყაროში არსებობს.

ფოტო: Warner Bros. Productions

თუმცა ეს მხოლოდ ფილმის შესავალია — პროლოგი ფრენკ ჰერბერტის შთამბეჭდავ რომანთა სერიისა. ფილმის გადაღების დროს რეჟისორს დიდ გამოწვევასთან გამკლავება მოუწია: მას მაყურებლის დაბნევის გარეშე უნდა აეხსნა, თუ როგორ მუშაობს ეს სამყარო. ვილნევმა მთავარი პერსონაჟი გამოიყენა წინამძღოლად, რათა მაყურებლისათვის ახალი სამყარო გაეცნო.

ნელი ტემპი

ჩამოსვლისა და დანის პირზე მორბენალი 2049-ის რეჟისორს უკვე დაპყრობილი ჰქონდა მაყურებელთა გული თავისი ნიჭით, გარდაქმნას ნებისმიერი ამბავი დიდებულ ეპოსად. დიუნის დეტალური და ვრცელი სამყარო მისთვის იდეალური იყო. გარდა ამისა, ვილნევი აღნიშნავს, რომ ის ამ წიგნით ბავშვობიდანვე გატაცებული იყო.

მრავალი მაყურებლის აზრით, ფილმი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, თუმცა მოვლენები ძალიან ნელა ვითარდებოდა. არაკისის უდაბნოს დიდებულ ხედებს იმდენივე დრო დაუთმეს, რამდენიც კულისებს მიღმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საბრძოლო სცენებს ერთად. თუმცა ვილნევის მიზანი სამეფო კარის თამაშების გადაღება არ ყოფილა. მისი ამოცანა თავდაპირველი ამბის ზუსტად გამოსახვა იყო.

ფოტო: Warner Bros. Production

თანამედროვე მაყურებელს შესაძლოა გაუჭირდეს დაუდგრომელი, უძრავი სამყაროს გაგება, სადაც დაბალანსებულია შუა საუკუნეების ტრადიციები და კოსმოსური მოგზაურობა.

ეს არის სამყარო, რომელმაც უარყო კომპიუტერები, ციფრული სფერო და აირჩია განვითარების სხვა გზა: რელიგია, გონებრივი შესაძლებლობები და ტრადიციები, რაც მათთვის ტექნიკურ პროგრესზე უფრო მნიშვნელოვანია.

საკვანძო თემები

ფილმი ისეთ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორებიცაა ეკოლოგია და პროფემინისტური შეხედულებები (რაც გამოსახულია არაკისის გამწვანების მცდელობებსა და მხოლოდ ქალთა ორგანიზაცია ბენე გესერიტში).

ფილმში ასევე განხილულია კოლონიალიზმი: მშვიდობიანი ატრეიდასებისგან განსხვავებით, რომლებმაც ფრემენებთან შეთანხმება სცადეს, ჰარკონენებმა პლანეტა მხოლოდ მელანჟის რესურსად გამოიყენეს.

ფოტო: Warner Bros. Productions

ვილნევმა მაყურებელი მოსალოდნელი ქარიშხლისათვის საგულდაგულოდ მოამზადა: ძალადობა მხოლოდ ძალადობას შობს და ფრემენები, რომლებსაც წინ პოლი უძღვება, ომისთვის ემზადებიან. პოლ ატრეიდასი, რომლის ინტერესს არასდროს წარმოადგენდა ძალაუფლება, იძულებულია, გაუყვეს ძალადობის გზას, სადაც ახალი რელიგია უზრუნველყოფს მის ძლევამოსილებას.

ფილმი სავსეა შთამბეჭდავი დეტალებით: ყველა ელემენტი მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. მაყურებელს შეუძლია დააკვირდეს წყალს პოლის მშობლიურ პლანეტაზე, ფიგურას მის ოთახში ან მამამისის ბეჭედს.

ფოტო: Warner Bros. Productions

დაუმორჩილებელი ურჩხული საბოლოოდ მოთვინიერდა?

იმპერიის შეიარაღებული ძალებისა და ატრეადასების სიდიადე განზრახაა ნაჩვენები მარტივად. ასე მხოლოდ ორ მთავარ პერსონაჟს ვხვდებით: სუსტ პოლსა და მომაკვდინებელ პლანეტას.

უსაზღვრო უდაბნო და შემზარავი ადგილები ხაზს უსვამს ადამიანების უმნიშვნელო როლს ამ პლანეტაზე. მოახლოებული ომი ორ საგვარეულოსა და ფრემენებს შორის არაფერია ქარიშხლის ძალასთან შედარებით, რომელიც პოლსა და არაკისს სამუდამოდ დააკავშირებს.

თავდაპირველად, გულშემატკივრები მსახიობების მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ ტიმოთი შალამემ დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ პოლის რომანისეული ასლია (შავგვრემანი ბიჭი, რომელიც საკუთარ ასაკთან შედარებით, კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება), არამედ გამორჩეული მსახიობიცაა. ის უნაკლოდ განასახიერებს იმ კაცს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ბედისწერის არჩევა და საბოლოოდ, ადამიანობასაც კარგავს.

ფოტო: Warner Bros. Productions

დენი ვილნევის დიუნი უფრო შეესაბამება თავდაპირველ ნაწარმოებს, ვიდრე აქამდე არსებული ეკრანიზაციები. ქალთა იდუმალი ორგანიზაცია, რომელიც ფარულად, რელიგიური კულტების დახმარებით, მართავს იმპერიას და კულისებს მიღმა ქმედებები, რაც ძალზე დამაჯერებელი და შიშის მომგვრელია; ვლადიმირ ჰარკონენის სცენები კი ერთდროულად მომხიბვლელი და შემაძრწუნებელია.

ფილმი თითქმის იდეალური ადაპტაციაა. Ჰერბერტის რომანი გვაჩვენებს მხოლოდ პატარა ნაწილს იმ ცივილიზაციისა, რომელსაც შეუძლია მოგზაურობა კოსმოსში, მაგრამ მაინც რეგრესისკენ აქვს გეზი აღებული. ამიტომაც ფილმი არ ჩქარობს ყველა საიდუმლოს გამჟღავნებას. მაყურებელი სამყაროს იკვლევს პოლთან ერთად, რომელიც სიზმრებში იდუმალ ფრემენ გოგოს ხედავს.

ფოტო: Warner Bros. Productions

ფილმის მიზანი არ ყოფილა იმ ამბის გადმოცემა, რომელიც რამდენიმე სეზონს გასტანდა. დენი ვილნევმა დაგვანახა ამ ბრწყინვალე სამყაროს ნაწილი და დაასრულა ამბის თხრობა ზუსტად იქ, სადაც მთავარი პერსონაჟი ხელმეორედ უნდა დაიბადოს. მან მოამზადა მაყურებელი ეპიკური Kwisatz Haderach-ის ომისა და იმ მესიის სანახავად, რომლადაც პოლი გადაიქცა.