ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე სავარაუდო მოსმენებს მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემის მოსმენას ადარებს და აცხადებს, რომ "იმას რამე უბედურება თუ სჭირს", უნდა მიეხმაროს. ამის შესახებ მან GTTV ჯორჯიან თაიმსის ეთერში ისაუბრა.

"კაცობრიობა, ვცდილობთ ყოველდღე მოვუსმინოთ დედამიწის ქერქს, კრატერებს, ვულკანებს, კოსმოსს მოვუსმინოთ, რომ საფრთხე ავიცილოთ, რომ უსაფრთხოება ნიშნავს საფრთხის აცილებას [...] მე მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენჯერ მომისმენია, იმის ნებართვა კი არ ამიღია, იმას რამე უბედურება თუ სჭირს, მე მას უნდა მივეხმარო.

უშიშროება სხვა თემაა, უსაფრთხოება ყველაფერში, განათლებაში, ჯანმრთელობაში, მედიცინაში, მასმედიაში, უსაფრთხო უნდა იყოს სივრცე, ეკოსივრცე უსაფრთხო. უსაფრთხოება ნიშნავს ათი ყური, ასი თვალი, შემეცნება, ტელევიზია. ოღონდ მიღებული მონაცემები არც პოპულაციის, არც საზოგადოების და არც ინდივიდის საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენო, მის დასაცავად უნდა გამოიყენო", — განაცხადა მან.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: