მიყურადება ელჩებზე, აქტივისტებზე, NGO-ებზე, სასულიერო პირებზე და პატრიარქის არჩევნების მოლოდინი — რა წერია ფაილებში, ნაწილი II
ფარული მასალების გავრცელებიდან 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ, სუს-მა ინფორმაციის გაჟონვა არც უარყო და არც დაადასტურა. სანამ პოლიტიკოსები მასალების გავრცელებას ერთმანეთს აბრალებენ, მმართველ გუნდში კი "ფაბრიკაციაზე" საუბრობენ, იზრდება იმ ადამიანების სია, ვინც ფაილებში საკუთარი თავი ამოიცნო.
ვის უსმე(ნდ)ნენ
On.ge-მ ფაილებში იპოვა იმ ნომრების ჩამონათვალი, რომლებსაც, სავარაუდოდ, უსმე(ნდ)ნენ. ეს არის Word-ის დოკუმენტი ადამიანების სიით, რომლებშიც მოცემულია სხვადასხვა პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, პოზიცია და გარკვეული კოდი. რამდენიმე შემთხვევაში, ამ მონაცემების გასწვრივ მითითებულია, რომ ის არის კონკრეტული ადამიანის საყვარელი, "მექალთანე", "არატრადიციული" (სავარაუდოდ, აქ იგულისხმება ჰომოსექსუალობა) და ა.შ. იმას, რომ ეს ნომრები მოსასმენადაა გადაცემული, ადასტურებს ფაილები, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში ითხოვენ სხვადასხვა ნომრის ჩართვას, ზოგიერთში კი — ვადის გახანგრძლივებას.
გავრცელებული მასალები არ არის დალაგებული არც ქრონოლოგიურად, არც თემატურად. არსებობს საქაღალდეები, რომლებშიც ფაილები კონკრეტული თემატიკის მიხედვითაა თავმოყრილი, თუმცა იმავე მიმართულებით კიდევ არაერთი დოკუმენტია ამ საქაღალდის მიღმაც. მათ შორის ზოგს აწერია, ვინ არის ცნობის ავტორი, ვინაობისა და სამსახურებრივი პოზიციის მითითებით, ზოგს კი თარიღიც არ აქვს დატანილი და მხოლოდ შინაარსიდან შესაძლებელია ვარაუდი, რა პერიოდს მოიცავს.
ფაილების გაცნობის შემდეგ, თუ ეს მასალები ავთენტურია, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მოსმენები/თვალთვალი/მიყურადება მასშტაბური ხასიათისაა. უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებს, საელჩოების თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ძალადობრივი ჯგუფის წევრებსა და ლიდერებს, სასულიერო პირებს და ამ ადამიანებთან კავშირში მყოფ მოქალაქეებს. ამასთან, ჩამონათვალში შეხვდებით კონკრეტული სასულიერო პირების მძღოლებს, საპატრიარქოს დაცვას, სტიქაროსნებს, თეოლოგებს და სამების დამლაგებელსაც კი.
ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.
დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.
მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.
ფაილებიდან ჩანს, რომ მინიმუმ 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით უთვალთვალებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და აგროვებენ მათ შესახებ ინფორმაციას. ასევე, მოძრაობა სირცხვილიას და ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფებების წევრებს. მასალებში დეტალურად არის გაშიფრული კომუნიკაციები, შეხვედრები. დოკუმენტებში ვხვდებით საქართველოში მოქმედი ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირად მონაცემებს — სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ორგანიზაცია. არსებობს ფაილი, სახელწოდებით: "არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამოირჩევიან საპატრიარქოს მიმართ ცალკეულ საკითხებში განსაკუთრებული კრიტიკით". ჩამონათვალში მითითებულია კონკრეტული ორგანიზაციები და ასევე, დამკვირვებლის პოზიცია მათი საქმიანობის შესახებ, რაც, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ [სტილი დაცულია]:
- ა/ო ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ს/კ - - . (კოდი დაშტრიხულია On.ge-ს რედაქციის მიერ) ხელმძღვანელი — თამთა მიქელაძე. ასოცირდება ტოლერანტობის ცენტრთან. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ეკლესიის ზედმეტად დიდ ძალაუფლებაზე. კრიტიკულად აფასებს პატრიარქის ეპისტოლეებს. აკრიტიკებს საპატრიარქოს სახელმწიფოს მიერ მიღებული დაფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში;
- ა/ო ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ს/კ - -.
ხელმძღვანელები — ეკა ჭითანავა და ბექა მინდიაშვილი. ასოცირდება ტოლერანტობის ცენტრთან. ორგანიზაცია პატრიარქს ადანაშაულებს ჰომოფობიური და ანტიქრისტიანული განცხადებების გაკეთებაში. საუბრობს საპატრიაქოს მხრიდან პოლიტიკაში ზედმეტად ჩარევაზე, რასაც უწოდებს პოლიტიკურ მართლმადიდებლობას. ადანაშაულებს სასულიერო პირებს საკუთარი სტატუსის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში. აკრიტიკებს საპატრიარქოს სახელმწიფოს მიერ მიღებული დაფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში. - სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. ხელმძღვანელი — ბექა მინდიაშვილი. განსაკუთრებული ზიზღითაა განწყობილი საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის მიმართ. აკრიტიკებს პატრიარქს, საპატრიარქოს და სასულიერო პირებს ყველა ასპექტში.
- ჟურნალი ტაბულა, ს/კ - -. ხელმძღვანელი — თამარ ჩერგოლეიშვილი. ჟურნალი აქტიურად აკვირდება და აკრიტიკებს საპატრიარქოში მიმდინარე ყველა პროცესს. ყურადღებას ამახვილებს სასულიერო პირების ცხოვრების უარყოფით მხარეებზე. ადანაშაულებს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში და სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის სხვადასხვა უძრავი ქონების, თუ მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტებს.
- ა/ო თავისუფლების ინსტიტუტი, ს/კ - - . ხელმძღვანელი — ლევან რამიშვილი. გამოდის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და მრევლში არსებული ექსტრემიზმისა და ფანატიზმის წინააღმდეგ. მძაფრად რეაგირებს აღმსარებლობის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებზე. წლების განმავლობაში აქტიურად იცავდა "იეღოველების" უფლებებს. უმცირესობათა უფლებების დაცვის საბაბით, ყველანაირი მეთოდით ცდილობს შეურაცხყოს მრავალსაუკუნოვანი ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია. ასევე უარყოფითად აფასებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი დაფინანსების საკითხს.
- ა/ო იდენტობა. ხელმძღვანელი — გიორგი რუსაძე. საპატრიარქოს ადანაშაულებს სექსუალური უმცირესობების მიზანმიმართულ ჩაგვრაში და მათი უფლებების დარღვევაში. სასულიერო პირებს მოიხსენიებენ, როგორც გაზულუქებულ მონოპოლისტებს. მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უარყოფითმა განცხადებებმა იმატა მას შემდეგ, რაც იდენტობის წარმომადგენლების ინიციატივას, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის დაარსების შესახებ, საპატრიარქოს მხრიდან მოჰყვა უარყოფითი შეფასება.
- ა/ო ლგბტ საქართველო. ხელმძღვანელი — ლევან ბერიანიძე. საპატრიარქო და მართლმადიდებელი სასულიერო პირები მიჩნეული ჰყავთ მტრად. საპატრიარქოს ადანაშაულებენ ჰომოფობიაში, ასევე მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ რადიკალური ჯგუფების მობილიზებაში და სასულიერო პირების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაში. 2016 წლის 17 მაისს, საპატრიარქოს კედელზე გააკრეს....
- ლგბტქი ასოციაცია თემიდა. ხელმძღვანელი — კობა ბიწაძე. ასოცირდება იდენტობასთან.
- ა/ო საფარი. ხელმძღვანელი — ბაბუცა პატარაია. ასოცირდება იდენტობასთან.
- ა/ო ინკლუზივი. ხელმძღვანელი — პაატა საბელაშვილი. საპატრიარქოს ადანაშაულებს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში. სასულიერო პირებს, მათ შორის პატრიარქსაც ბრალს სდებს საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ პროპაგანდაში მონაწილეობასა და სუკ-თან თანამშრომლობაში. მიიჩნევს, რომ საქართველოს საპატრიარქო იმართება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისგან. საეკლესიო პრესას ადანაშაულებს ქსენოფობიურ, ანტისემიტურ, ანტისომხურ და ანტილიბერალურ პროპაგანდაში. მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხელს უწყობს სიძულვილის გაღვივებას სომხური ეკლესიისა და ეთნიკურად სომხების მიმართ.
- ა/ო ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ხელმძღვანელი ნათია გვიანიშვილი.
- ქართველ მუსლიმთა კავშირი. ხელმძღვანელი — ტარიელ ნაკაიძე. მიიჩნევს, რომ საპატრიარქო ზედმეტად ერევა მუსლიმთა საქმიანობაში, მათი სამლოცველოების მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში. საპატრიარქოს დომინანტ სასულიერო პირებს ადანაშაულებს მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების გაღვივების მიზნით, განხორციელებულ მიზანმიმართულ ქმედებებში. უარყოფითად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს დაფინანსების საკითხს. მიაჩნია, რომ ამგვარი ლოგიკით უნდა განხორციელდეს მუსლიმთა კავშირის დაფინანსებაც.
- საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო. ხელმძღვანელი — არნოლდ სტეფანიანი. სასულიერო პირებს ხშირად აკრიტიკებს ქსენოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამების გამო.
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. თავმჯდომარე — ანა აბაშიძე. სახალხო დამცველის აპარატი.
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. თავმჯდომარე — ანა ნაცვლიშვილი. უარყოფითად აფასებს პატრიარქის ეპისტოლეებში გამოთქმულ მოსაზრებებს. საპატრიარქოს და სასულიერო პირებს ადანაშაულებს ბიზნეს ინტერესებში, სექსუალური უმცირესობების მიმართ გამოხატულ სექსუალურ შევიწროებაში და ქალთა დისკრიმინაციაში. ახორციელებს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა სახლების მონიტორინგს და უარყოფითად აფასებს იქ არსებულ ცხოვრების პირობებს.
- ა/ო საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო. ხელმძღვანელი — ეკა გიგაური. აპროტესტებს სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს დაფინანსების და აღნიშნული თანხების არამიზნობრივად ხარჯვას. უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საპატრიარქოზე არ ვრცელდება ხარჯების ანგარიშგების ვალდებულება. აპროტესტებს ეპისკოპოსების მიერ საკუთარი სტატუსების პირად ინტერესებში გამოყენებას, მათ გაზრდილ შემოსავლებს და ბიზნესინტერესებს.
ეს არასრული ჩამონათვალია. ზოგიერთ ადამიანზე მხოლოდ სახელი, გვარი და პოზიციაა მითითებული. ფაილი 2016 წლით თარიღდება.
გარდა ამისა, ცალკე საქაღალდეა ლგბტ ორგანიზაციებისთვის, რომელშიც თავმოყრილია 2014 წელს შექმნილი ფაილები. აქ არის დეტალური ინფორმაცია იდენტობაზე და მის საქმიანობაზე, კერძოდ, ფინანსები, შესყიდვების ნაწილი, ასევე, აღწერილია ზოგიერთი საქმიანი შეხვედრა და დასახელებულია მონაწილეები, ფოტოების, პირადი ნომრებისა და მისამართების მითითებით. არის ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და წევრების, ასევე, ლგბტ აქტივისტებისა და სხვა უმცირესობებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრების ანალოგიური ჩამონათვალიც. სხვა ფაილში არის ინფორმაცია ერთ-ერთ ლგბტ ორგანიზაციის მიერ აქციის დაგეგმვის შესახებ და განხილულია, კონკრეტულად რა ითქვა შესაბამის თათბირზე.
უფრო გვიანდელ ფაილებში გვხვდება ინფორმაცია თბილისი პრაიდისა და თანასწორობის მოძრაობის შესახებაც. მათ შორის, ორგანიზაციის წევრების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, კონკრეტულ საუბრებსა თუ ყოფით საკითხებზე. ფაილებში შეხვდებით გიორგი თაბაგარისა და შსს-ს წარმომადგენლის, ასევე, ორგანიზაციის წევრისა და ოფისის მეპატრონის საუბრებს და ასეთ ინფორმაციებს:
ამასთან, არსებობს ფაილი, სახელწოდებით "ანალიტიკური ტრანსები". დოკუმენტის მიხედვით, ეს ადამიანები 2014 წლის 17 მაისს პროკურატურასთან აქციას გეგმავდნენ. ფაილში მითითებულია მათი სახელები, "მეტსახელები", პირადი ნომრები, მობილური ნომრები, დაბადების თარიღი და მისამართები.
ამ მასალების მიხედვით, უთვალთვალებენ და უსმენენ მოძრაობა სირცხვილიასაც, ასევე, ჰყავთ ინფორმატორები დახურულ ჯგუფში: "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება".
ფაილებიდან ჩანს ისიც, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღებით უთვალთვალებენ სხვა რელიგიურ კონფესიებს, მათ შორის, ბაპტისტურ ეკლესიას, ორმოცდაათიანელთა ეკლესიას, იეჰოვას მოწმეებს, სომხურ ეკლესიას და ა.შ. მეტიც, აკვირდებიან მათთან კავშირში მყოფ პირებსაც და დეტალურად აღწერენ საუბრებს, რომლებიც ხშირად ისეთ ყოფით საკითხებს გამოხატავს, როგორიცაა კონფლიქტი სამსახურში, ინტერვიუ ჟურნალისტებთან, კონფერენციები, შეხვედრები, პროექტები და ა.შ.
გარდა ამისა, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შეიქმნა ლიტერული საქმე #687 დასახელებით, რომელიც გულისხმობს კონტრდაზვერვითი მუშაობის ორგანიზებას, "საქართველოს საპატრიარქოსთან დაპირისპირებულ ცალკეულ პირთა და სხვა ქვეყნების რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ, ასევე საპატრიარქოს და სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობისკენ მიმართული შესაძლო ანტიკონსტიტუციური საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის მიზნით".
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ათასობით ფაილისა, რომლებიც გავრცელდა. შესაძლებელია, რომ მათ შორის არსებობს ინფორმაცია სხვა ადამიანების შესახებაც.
პატრიარქის არჩევნები?
ფაილებიდან ჩანს, რომ 2018 წელს სპეცსამსახურები პატრიარქის არჩევნებისთვის ემზადებოდნენ. კერძოდ, არსებობს ფაილი სახელწოდებით: პატრიარქის არჩევნები 2018. ეს არის ცნობა "საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული ვითარების და მოსალოდნელი პროცესების შესახებ". დოკუმენტის მიხედვით:
"უახლოეს პერიოდში, პატრიარქ ილია II-ის ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგება მომავალი პატრიარქის არჩევის აუცილებლობა".
ამ ჩანაწერს მოჰყვება პატრიარქის არჩევის წესი, შემდეგ კი მითითებულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, პატრიარქის ტახტზე შეიძლება რამდენიმე ადამიანი დასახელდეს. ამ შემთხვევაში მითითებულია 4 სასულიერო პირის დახასიათება და ინფორმაცია მათი კავშირების შესახებ, პოლიტიკური შეხედულებები, სავარაუდო მხარდამჭერები. ესენი არიან:
- გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა;
- ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დათუაშვილი დანიელი;
- ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე;
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (გურამ) გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი შექმნილია 2018 წელს, თანამოსაყდრედ შიო მუჯირის დასახელებამდე რამდენიმე თვით ადრე. ფაილში მოცემულია ინფორმაცია მუჯირის ცხოვრებისა და კავშირების შესახებაც.
მასალებში წერია, რომ საპატრიარქოში არსებული რთული ვითარება მუჯირის მოსაყდრედ დასახელების ფაქტმა კიდევ უფრო შეცვალა და ერთგვარად დაამძიმა.
"ამ მოვლენას გაუჩნდა მომხრე და მოწინააღმდეგე მღვდელმთავართა საკმაოდ დიდი ჯგუფი. სასულიერო პირთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ეკლესიიდან და პოლიტიკური ელიტიდან წამოსული ზეწოლის გათვალისწინებით, ასევე საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით", — მითითებულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ფაილებში წერია ისიც, რომ სასულიერო წრეებში ამ გადაწყვეტილებაში ხედავენ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინტერესებსაც, რადგან ის და მუჯირი ბავშვობიდან მეგობრობენ და "ქორეპისკოპოსი [შიო მუჯირი] ყველა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საკითხს ათანხმებს ლ. ვასაძესთან".
ამ წინადადებას მოჰყვება შიო მუჯირის ბიოგრაფია, რომლის მიხედვით, მან ეკლესიური ცხოვრება პატრიარქის "პატრონაჟით" დაიწყო, რადგან მშობლებმა ილია მეორეს მასზე მზრუნველობა გარდაცვალებამდე სთხოვეს.
"სასულიერო პირებთან ურთიერთობაში არის მკაცრი და მომთხოვნი. ცხოვრობს მარტო. ინარჩუნებს კავშირებს ყოფილ თანაკლასელებთან, მეგობრებთან და მათი ოჯახის წევრებთან".
ფაილში ჩამოთვლილია იმ მღვდელმთავრების სახელები რომლებიც, სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ ან შეეწინააღმდეგებიან შიო მუჯირის კანდიდატად დასახელებას. ჩამოთვლილია ის მღვდელმთავრებიც, რომლებიც შეიძლება დადებითად განეწყონ მის მიმართ ხელისუფლების ღია თუ ფარული მხარდაჭერის შემდეგ, ასევე, წერია იმ სასულიერო პირების სია, რომლების პოზიციაც ფაილის შედგენის დროს გაურკვეველი იყო.
"შ. მუჯირი არის განათლებული და სამართლიანი პიროვნება. ადგილობრივ მოსახლეობაში და ეპარქიის სასულიერო პირებში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია და შესწევს უნარი დაალაგოს ურთიერთობები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უარყოფით კონტექსტში შესაძლოა განხილულ იქნას შ. მუჯირის ხისტი, უხეში და ფიცხი ხასიათი. მარტივად ექცევა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი თავისი სიძის, ლევან სალუქვაძის და ბიზნესმენ ლევან ვასაძის გავლენის ქვეშ. არის ფუფუნების და კომფორტის მოყვარული. ამასთან, აღსანიშნია, რომ მოსაყდრედ დადგენის შემდეგ გარკვეული მღვდელმთავრებისგან წამოსულმა წინააღმდეგობებმა გამოიწვია მისი დეზორგანიზება, გახდა ინერტული, ცდილობს თავი აარიდოს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ფაილის შემდგენი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობის ფონზე, შიო მუჯირი სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესების სასარგებლოდ გაითვალისწინებს ხელისუფლების პოზიციებს და მხარს დაუჭერს მათ. შესწავლილია მისი კავშირები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდთანაც.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, შიო მუჯირის სტატუსის მიუხედავად, გრძელდება პატრიარქობისთვის ბრძოლა და ძალთა გადანაწილება. ფაილის შემდგენი ვარაუდობს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართულ ეკლესიაში მოვლენები შესაძლოა განვითარდეს განსხვავებული მიმართულებით. კერძოდ, მოხდეს პატრიარქალურიდან სინოდალურ მმართველობაში გადასვლა. ფაილის მიხედვით, ამის მომხრეებად მოიაზრებიან ე.წ. "ლიბერალური ფრთის" წარმომადგენლები. ამავე დოკუმენტის მიხედვით, პატრიარქალური მმართველობის გაგრძელების მომხრეებად მოიაზრებიან მიტროპოლიტები შიო მუჯირი, ანდრია გვაზავა, იობი აქიაშვილი, ისაია ჭანტურია, მთავარეპისკოპოსები ილარიონ ქიტიაშვილი, ეფრემ გამრეკელიძე, ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელანი, ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან "ლიბერალური ფრთის" წარმომადგენლებს (შ.თეთრუაშვილი მისთვის სასურველი კანდიდატურის დაყენების შემთხვევაში, მხარს დაუჭერს პატრიარქალური მმართველობის მოდელს).
ვინ ვის გუნდშია საპატრიარქოში
დოკუმენტში მითითებულია, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უშუალოდ მართვას და ყოველდღიური აქტუალური საკითხების გადაწყვეტას, საპატრიარქოს ოფიციალური სტრუქტურებისაგან დამოუკიდებლად უნდა ახორციელებდეს უშუალოდ პატრიარქი ილია II, "თუმცა ბოლო დროს, მისი ასაკიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და სასულიერო პირთა რიცხვიდან გამომდინარე, ვეღარ ახერხებს კონტროლს და დაახლოებულ პირთა გავლენით ღებულობს ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს".
ამის შემდეგ, ჩამოთვლილია, ვინ რას კურირებს საპატრიარქოში და მოყვანილი ინფორმაცია ემთხვევა საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას — აპარატის ყოველდღიურ საქმიანობას "პატრიარქის მიერ არაოფიციალურად დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე" კურირებს მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი. დოკუმენტის მიხედვით, წარსულში მის კონტროლქვეშ იყო კონკრეტულად საპატრიარქოს ფინანსები, ამჟამად კი მონაწილეობას იღებს საპატრიარქოში მიმდინარე ყველა პროცესში.
გარდა თეთრუაშვილისა, 2018 წლის დოკუმენტის მიხედვით, საპატრიარქოს მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ:
- ქორეპისკოპოსი იაკობ (კონსტანტინე) იაკობიშვილი — ჩაბარებული აქვს საფინანსო-სამეურნეო სფერო და ხელისუფლებასთან ურთიერთობა;
- ქორეპისკოპოსი თეოდორე (დიმიტრი) ჭუაძე — არის შორენა თეთრუაშვილის გავლენის ქვეშ;
- მიტროპოლიტი ანდრია (ამირან) გვაზავა, რომელიც არის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი;
- საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი, რომელსაც უშუალოდ პატრიარქის დავალებით, ეკისრება სხვადასხვა ფუნქციები და ჩართულია ეკლესიის ყოველდღიურ საქმიანობაში.
გარდა ამისა, დოკუმენტებს შორის არის ფაილი სახელწოდებით: "საპატრიარქოში არსებული დაჯგუფებები". ამ მასალებს თუ ვენდობით, სინოდის 47 წევრიდან ყველაზე მეტი, 14 ადამიანი შორენა თეთრუაშვილი "დაჯგუფებაშია". თუმცა დოკუმენტი შექმნილია 2014 წელს და ბოლო ცვლილება 2015 წელს არის შესული, შესაბამისად, ეს ფაილები ავთენტური რომც იყოს, სხვა ფაილების შინაარსიდან და საპატრიარქოში არსებული დაპირისპირებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამ დროისთვის "დაჯგუფებების" შემადგენლობა შეცვლილია.
რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას ხელისუფლების და სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ, ფაილებში მითითებულია, ეკლესია საზოგადოების წინაშე ყოველთვის წარმოჩნდება ნეიტრალურ მხარედ, თუმცა, საჯარო სივრცეში არსებული მაღალი რეიტინგის და ავტორიტეტის გათვალისწინებით, შესწევს ძალა გარკვეული გავლენა იქონიოს, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ასევე პოლიტიკურ და სახელისუფლებო ჯგუფებზე.
"პროცესების სამომავლო განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს ის გარემოება, თუ რომელი მხარე მოიპოვებს ხელისუფლების მხარდაჭერას. აღნიშნულის განხორციელების შემდეგ, შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს ზოგიერთი მღვდელმთავრის პოზიცია და ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის პოზიციაში მყოფმა სინოდის წევრებმა შესაძლოა ღიად დააფიქსირონ თავიანთი შეხედულებები", — მითითებულია ფაილში და იქვე აღნიშნულია, რომ როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, მღვდელმთავრებს შეუძლიათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეიცვალონ პოზიცია და გაითვალისწინონ ხელისუფლების მოთხოვნები სახელმწიფოს საჭიროებებთან დაკავშირებით.
დოსიეები — ნაწილი I
გავრცელებულ დოკუმენტებში არსებობს არაერთი სასულიერო პირის დოსიე, სადაც დეტალურად არის საუბარი მათ ბიოგრაფიებზე, კავშირებზე, კონფლიქტებზე, სხვადასხვა პირთან კომუნიკაციაზე და ა.შ.
ამჯერად გთავაზობთ საქაღალდეში: "წმინდა სინოდი (დოსიე)" შესული ფაილების მოკლე მიმოხილვას. აქ თავმოყრილია 2013 წელს შექმნილი ფაილები კონკრეტულ მაღალიერარქებზე, მათ შორის, ილია მეორეზე. დოკუმენტში მხოლოდ დაბადებისა და პატრიარქობის წლებია მითითებული. თუმცა, სხვა სასულიერო პირების შემთხვევაში, ამ ტიპის ინფორმაციის გარდა, ვხვდებით ასეთ ჩანაწერებსაც:
"საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხასიათდება უარყოფითად, არის უკმეხი, უკონტაქტო და უყურადღებო პიროვნება, ძირითადად იმყოფება ევროპაში".
"გადამეტებულად მოიხმარს ალკოჰოლს".
"არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და კარგ ურთიერთობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილთან".
"გავრცელებულია მოსაზრება, რომ მთლიანად ითვისებს ეპარქიაში შემავალი ეკლესიების შემოწირულობებს და საეკლესიო ნივთების რეალიზაციიდან მიღებულ მოგებას, რის გამოც ფარული დაპირისპირება აქვს მის დაქვემდებარებაში მყოფ სასულიერო პირებთან".
"გააჩნია ფართო კავშირები საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, მათ შორის კრიმინალურ სამყაროში".
"[ეკლესიის წინამძღვრებზე] სისტემატურად (თვეში 2-3 ჯერ) ახდენს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და აიძულებს მათ (კერძო ბიზნესში და ეკლესიაში შესული შემოწირულობიდან) გარკვეული თანხის მიტანას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტექნიკურად ახორციელებს მათ შევიწროებას"
"ახლო ურთიერთობა გააჩნია ვანო ჩხარტიშვილთან, რომელმაც მას საჩუქრად გადასცა ჯიპი. გარდა ამისა, იგი აფინანსებს ეპარქიაში სხვადასხვა ტაძრების მშენებლობას და რესტავრაციას. კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია გაითვალისწინოს ვანო ჩხარტიშვილის მოსაზრებები".
"მღვდლად მსახურების დროს გაუხმაურდა ურთიერთობა თანასოფლელ ქალბატონთან, რაც გახდა მიზეზი მისი გადაყვანის თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში, სადაც ასევე მის ირგვლივ თავი მოიყარეს საეჭვო რეპუტაციის მქონე პირებმა. ამავე პერიოდში სარგებლობდა რუსეთის საზღვრის უვიზოდ გადაკვეთის უფლებით და ჩრ.ოსეთის მხარეს ურთიერთობა ჰქონდა ხალხთან, რომლებიც ასოცირდებოდნენ ნარკობიზნესთან თუმცა მონაცემები საზღვრის კვეთის შესახებ არ არსებობს".
"მფარველობს და შესაბამისი წილები გააჩნია ქ.ქუთაისში მოქმედ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მწარმოებელ, ხის გადამამუშავებელ და რკინის ნაკეთობების მწარმოებელ საამქროებში".
"წარსულში ნასამართლევია ხულიგნობისთვის (ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ რაიკომის მდივანს). აღნიშნულს დღესაც სიამაყით იხსენებს".
"ერთ-ერთი ბიზნესმენისაგან (ვინაობა უცნობია), რომელიც საქმიანობს დიდ ბრიტანეთში, საჩუქრად მიიღო ძვირადღირებული (დაახლოებით 150-250 ათასი ევრო) თეთრი ფაეტონი, რომელიც განათავსა სალხინოს საეპისკოპოსო რეზიდენციაში"
"არის პრორუსული ორიენტაციის, აქვს ფართო კონტაქტები რუსეთის ფედერაციაში. სადაც იმყოფებოდა რამდენჯერმე, შეხვედრა ჰქონდა აგრეთვე რუსეთის პატრიარქთან, პერიოდულად იმყოფება აფხაზეთში — დედის სანახავად".
"ინტელიგენტი, მუსიკოსი, კონსერვატორი და გაწონასწორებული პიროვნება.
არის კოალიცია ქართული ოცნების" მხარდამჭერი".
დოსიეებში ხშირად გვხვდება ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ასახავს, მათ შორის, საუბარია ლგბტ ადამიანებთან სექსუალურ კავშირზეც, ასევე, არის მონაცემები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის საფუძველია — პედოფილია, გაუპატიურება და ა.შ. ამ თემაზე ნაწილობრივ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში.
გარდა ამისა, არსებობს ფაილები, სახელწოდებით: "სასულიერო პირები, რომლებმაც შესაძლოა წინასაარჩევნოდ იაქტიურონ" და "ნაცებთან კავშირში მყოფი სასულიერო პირები". აქვე არის საქაღალდე: თ ა ბ ა ხ ზ ე დ ა ს ა ბ ე ჭ დ ი, სადაც არის სამი ფაილი კონკრეტული სასულიერო პირების ფოტოებითა და მცირე ტექსტით მათი საქმიანობისა და პოლიტიკური განცხადებების შესახებ. არ ჩანს, რა მიზნით უნდა ამოებეჭდათ ეს ფაილები.
On.ge ამ დრომდე ეცნობა დოკუმენტებს და სხვა ფაილების მოკლე მიმოხილვას კვლავ შემოგთავაზებთ.
გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე:
- პედოფილია, პირადი ცხოვრების დეტალები და კავშირები რუსეთთან — რა წერია გავრცელებულ ფაილებში, ნაწილი I
- პრეზიდენტი აპირებდა თავისი გამოსვლის ტექსტი პატრიარქისთვის შესასწორებლად გადაეგზავნა — გავრცელებული ჩანაწერები
- როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
კომენტარები