სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა არჩევნები 2-3 კვირით ადრე ჩატარდება თუ გვიან. ასე ეხმაურება ის ეპიდსიტუაციის მიზეზით თვითმმართველობის არჩევნების გადადების იდეას.

"არ გვაქვს [საუბარი] არჩევნების დიდი დროით გადადებაზე. 2-3 კვირით ადრე ჩატარდება არჩევნები თუ 2-3 კვირით გვიან, ნამდვილად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჯობია, ხალხის სიცოცხლე დავიცვათ", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს ამ საკითხზე "აბსოლუტურად უპასუხისმგებლოს" უწოდებს. მისი თქმით, ქართული ოცნების მიზანია ყველა პარტიისა და სახალხო დამცველის ერთ სუბიექტად წარმოჩენა და ამით ორპოლუსიანობის განმტკიცება.

"ამ მძიმე ფონზე ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რასაც გუშინ და დღეს ვისმენთ არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. რამდენად უპრინციპო უნდა იყო ადამიანი, როდესაც კვლავ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ კოვიდპანდემიას. ჩვენს ყველა განცხადებაში ყოველთვის რბილად ვსაუბრობდით არჩევნების გადადების საკითხზე.

რა არის მათი მიზანი?! მიზანი არის ის, რომ კვლავ აჩვენონ ქვეყანაში ორპოლუსიანობა; ისევ თქვან, რომ ყველა ერთი პარტიაა, მათ შორის სახალხო დამცველიც; თქვან, რომ პარტიებს შორის განსხვავება არ არის, პოლიტიკოსებს შორის განსხვავება არ არის", — განაცხადა ვაშაძემ.

ომბუდსმენი ფიქრობს, რომ ეპიდვითარების გამო უნდა დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. ლომჯარიამ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისი მიმართვის ადრესატი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, რადგან მას აქვს უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. ლომჯარიას განმარტებით, სწორედ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გახდეს არჩევნების გადადების წინაპირობა. სახალხო დამცველის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ საკითხზე საუბარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთანაც ჰქონდა, თუმცა წელს ამის საჯაროდ გაცხადება თავად გადაწყვიტა.

ლომჯარიას დაანონსებულ ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე მოულოდნელად ჩაინიშნა ბრიფინგი ქართულ ოცნებაში. მმართველი პარტია არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. პარტიის ერთ-ერთმა სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არ უნდა დააბრალოს, თუმცა უშვებს, რომ ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "გარე სპიკერი" და "[მიხეილ] სააკაშვილის დავალების შემსრულებელი" აღმოჩნდეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახალხო დამცველის იდეას პირდაპირ უწოდა "ნაციონალების შემუშავებულ გეგმა".

გაიგე მეტი: