21-ე საუკუნის დასაწყისიდან საქართველომ ტრანსფორმაციის საკმაოდ ვრცელი გზა განვლო და განვითარების გარკვეულ დონეს ნამდვილად მიაღწია. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კიდევ რჩება არაერთი გადაუჭრელი სოციალური, ეკონომიკური, თუ ეკოლოგიური პრობლემა, რომელთა მოგვარებაშიც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ.

თუ ხარ 21-დან 35-წლამდე და გაქვს ინოვაციური იდეა, რომელიც შენს საზოგადოებაში სოციალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება, შეგიძლია მონაწილეობა მიიღო სოციალური ინოვაციების კონკურში.

მნიშვნელოვანია, რომ შენი იდეა დაკავშირებული იყოს სოციალურ საკითხებთან. ამასთან, ის ამ პრიორიტეტული მიმართულებებიდან ერთ-ერთს უნდა ესადაგებოდეს:

  • განათლება;
  • სიღარიბის დაძლევა;
  • ადგილობრივი თემის გაძლიერება;
  • გარემოსდაცვა;

სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსში გასულ წელს ხუთმა პროექტმა გაიმარჯვა. სტატიის მომდევნო ნაწილში გამარჯვებულებს შორის ორს გაგაცნობთ.

სპიკერი

ფოტო: Facebook

გასული წლის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია ნათია ჩაჩხიანისა და ელენე კობიძის პროექტი — სპიკერი. ეს პროექტი ისეთი აპლიკაციის შექმნას გულისხმობს, რომელიც კომუნიკაციის საჭიროების მქონე ნებისმიერ პირს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალურ ინკლუზიაში დაეხმარება.

"საუბარია სურათების გაცვლის სისტემაზე, რომელიც ერთ აპლიკაციაში გაერთიანდება. აქ მომხმარებელს შეეძლება ჩატვირთოს მასში ნებისმიერი, მაგალითად, ვაშლის ფოტო და გაახმოვანოს ის. როდესაც კომუნიკაციის სირთულის მქონე პირს მოუნდება მიგვანიშნოს იმ პროდუქტზე (ან ნებისმიერ სხვა რამეზე), რომელიც მას სურს, დააჭერს აპლიკაციაში არსებულ ფოტოზე და პროგრამა გაახმოვანებს მას.

აპლიკაციის ინსტრუქცია ხელმისაწვდომი იქნება ქართულად, ინგლისურად, რუსულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. აღსანიშნავია, რომ ამ იდეის რეალობად ქცევაში სოციალური ინოვაციების კონკურსი დაგვეხმარა. ამ ეტაპისთვის აპლიკაციის საცდელი ვერსია უკვე შექმნილია და ვიწყებთ მის გამოცდას კომუნიკაციის სირთულის მქონე ბავშვებზე", — ამბობს ნათია ჩაჩხიანი.

ნიკოს ეზო

ფოტო: Facebook

იდეების კონკურსის გასული წლის გამარჯვებულია ნიკოლოზ ბაძაღუას პროექტიც. "ნიკოს ეზო" ასე ეწოდება ხობის რაიონში არსებულ საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეს. ამ პროექტის ფარგლებში სოფელ ხეთაში სოციალური მედიის მენეჯმენტის სააგენტო შეიქმნა, რომლის მიზანია, ადგილობრივ ბიზნესს თანამედროვე ტრენდების გამოყენებაში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში და მომხმარებელთან ახალი საკომუნიკაციო გზების ძიებაში დაეხმაროს. ამ ეტაპისთვის პროექტს ორი პოტენციური პარტნიორი უკვე ჰყავს, რომელთანაც "ნიკოს ეზოს" გუნდი მუშაობს.

"თბილისმა და დიდმა ქალაქებმა შედარებით კარგად აუწყვეს ფეხი ბიზნესის გაციფრულებას, დისტანციურ გაყიდვებსა და მომხმარებლებთან სოციალური არხებით კომუნიკაციას, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონებზე. "ნიკოს ეზოს" იდეაც ამაში მდგომარეობდა, რომ ადგილობრივ მეწარმეებს შევთავაზოთ ციფრულ კომუნიკაციაზე გადაწყობა.

სოციალური ინოვაციების კონკურსში გამარჯვების შემდეგ შევიძინეთ ტექნიკა: დრონი, კომპიუტერები, შტატივები, განათება და სხვა რესურსები. ამასთან, დარგის სპეციალისტებმა ჩაგვიტარეს ტრენინგები, რის შედეგადაც შეიკრა ჩვენი საბაზისო გუნდი", — ამბობს ნიკოლოზ ბაძაღუა.

კონკურსის ჟიური წელსაც 5 გამარჯვებულს გამოავლენს. მათ ერთი წლის განმავლობაში, პროექტი გაუწევს კონსულტაციას, რათა მდგრად სოციალურ საწარმოებად ჩამოყალიბდნენ.

ასე რომ, თუ გაქვს იდეა და ამ იდეის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებს ეძებ, გაეცანი სოციალური ინოვაციების კონკურსის პირობებს.