"კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა
ფოტო: LOFAR/Pan-STARRS/S. Kumari et al.
მეცნიერებმა ზემასიური შავი ხვრელის "გამოღვიძება" დააფიქსირეს, თანაც 100-მილიონწლიანი ძილიდან. ახალი კვლევა გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
ეს ობიექტი უზარმაზარი გალაქტიკის ცენტრშია, რომელიც უკიდურესად ძლიერ რადიოტალღებს ასხივებს. მათმა ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ შავი ხვრელი კოსმოსში პლაზმის უზარმაზარ ნაკადებს ასობით ათასი სინათლის წლის მანძილზე აფრქვევდა, შემდეგ კი ეს პროცესი შეწყდა. კვლევის თანახმად, ნაკადები ახლა ისევ გააქტიურდა და გარშემო არსებულ აირებთან უჩვეულოდ ურთიერთქმედებს.
ზემასიური შავი ხვრელების მხოლოდ 10-20%-ს ახასიათებს ისეთი ნაკადები, რომლებიც რადიოსიგნალებს ასხივებს. გალაქტიკებში ასეთი შავი ხვრელების გარშემო მტვრისა და პლაზმის დისკო ბრუნავს და მათ დიდი რაოდენობით "საკვებით" ამარაგებს. ნაკადებიც სწორედ ასე წარმოიქმნება: შავ ხვრელში მატერიის ჩადინება ჩახლართულ მაგნიტურ ველს ქმნის, რომელიც ამ მატერიის ნაწილს განდევნის. იშვიათ შემთხვევებში დისკოში მიმდინარე ცვლილებებმა ეს რადიონაკადები შეიძლება "ჩართოს" და "გამორთოს".
ახალი კვლევის ფარგლებში ავტორებმა რადიოტელესკოპთა ქსელი LOFAR გამოიყენეს. მისი მეშვეობით 20-ზე მეტი გალაქტიკათა გროვა იპოვეს, რომლებშიც უჩვეულო ფორმის ნაკადების მქონე გალაქტიკებია. მეცნიერები ერთ-ერთ მათგანზე კონცენტრირდნენ, რომელსაც J1007+3540 ჰქვია და განსაკუთრებით უცნაურად გამოიყურება.
გალაქტიკაში პლაზმის უზარმაზარი რეგიონებია, რომლებიც ნაკადების 240 მილიონი წლის წინანდელ აქტივობაზე მიგვანიშნებს. ამ არეალებში შედარებით მცირე ზომის, უფრო კაშკაშა პლაზმის ნაკადებიცაა, რომლებიც დაახლოებით 140 მილიონი წლის უნდა იყოს. სავარაუდოდ, ეს იმას მოწმობს, რომ აქტიური გალაქტიკური ბირთვი დიდხნიანი "სიჩუმის" შემდეგ კვლავ ამოქმედდა. ცნობისთვის, ასე ეწოდება გალაქტიკის ცენტრალურ რეგიონს, რომელშიც ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს.
J1007+3540-ის გროვაში გალაქტიკებს შორის სივრცე გაცხელებული აირითაა (ICM) სავსე. ეს აირი რადიონაკადებთან ურთიერთქმედებს, კერძოდ მათ ფორმას უცვლის. ერთ-ერთ უფრო ძველ რეგიონს გრძელი გამრუდებული "კუდი" აქვს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ICM ამ ნაკადებზე განსხვავებულად მოქმედებს.
J1007+3540-ზე დაკვირვება მეცნიერებს იმის განსაზღვრაში დაეხმარება, თუ რამდენად ხშირად აქტიურდება გალაქტიკური ბირთვი და როგორ ურთიერთქმედებს ძველი ნაკადები გარემოსთან. მკვლევრები ამბობენ, რომ ამ საკითხის დამატებით შესწავლაა საჭირო, რასაც ისინი სამომავლოდ გეგმავენ.

კომენტარები