Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა
ფოტო: OpenAI
OpenAI-მ თარგმნისათვის განკუთვნილი ინსტრუმენტი გამოუშვა, რომელიც ჩატბოტ ChatGPT-ს ბაზაზე მუშაობს. ბევრი ადამიანი ჩატბოტს თარგმნისთვისაც ჩვეულებრივ იყენებს, თუმცა ამიერიდან ეს სერვისი ცალკე ვებგვერდის — ChatGPT Translate — სახით იქნება ხელმისაწვდომი. ეს სიახლე მედიამ Android Authority შენიშნა.
OpenAI ამბობს, რომ სერვისი დაახლოებით 50 ენაზე თარგმნის ტექსტებს, მიწოდებულ ხმოვან მასალასა და სურათებს, ამისათვის კი წამები სჭირდება. ვებგვერდს ენის ამოცნობის ავტომატური ფუნქციაც აქვს.
საინტერესოა, რომ ChatGPT Translate სერვისს შეუძლია, ნათარგმნი ტექსტი სხვადასხვა ტონსა და კონტექსტს მოარგოს — დაახლოებით ისე, როგორც ტექსტის გენერირებისთვის განკუთვნილი AI ხელსაწყოები აკეთებს. მაგალითად, თითის ერთი დაჭერა და ტექსტი შეიძლება მეტად ბუნებრივი, ფორმალური, აკადემიური ანდა ბავშვებისთვის მარტივად გასაგები გახადოს. ვებგვერდის მიხედვით, ChatGPT Translate-ს "ტონი, იდიომები და კონტექსტი" ესმის.
ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია, თუმცა ChatGPT Translate შეიძლება ჯერაც დასახვეწი აღმოჩნდეს უკვე დამკვიდრებულ Google Translate-თან შედარებით. ეს უკანასკნელი უკვე ათწლეულებია არსებობს, ახლახან კი Gemini-ს ჩართულობით განაახლეს, რომ იდიომები თუ ჟარგონები უკეთ გაიაზროს.
Android Authority-ს მიხედვით, ChatGPT Translate-ის დესკტოპვერსიაზე, განსხვავებით მობილური ვერსიისგან, ხმოვანი მასალის თარგმნა ჯერჯერობით არაა შესაძლებელი.
ამბობენ, რომ სერვისს სურათებიდან ტექსტის თარგმნის ფუნქციაც აქვს, თუმცა ამჟამად საიტზე სურათის ატვირთვა შეუძლებელია. ჯერჯერობით მიუწვდომელია ვებსაიტების, დოკუმენტების ან ხელნაწერის თარგმნის ფუნქციებიც.
საგულისხმოა, რომ ChatGPT Translate მხოლოდ ვეგბვერდის სახით მუშაობს, ანუ ცალკეული აპლიკაცია არ აქვს. შესაბამისად, ინტერნეტკავშირის გარეშე მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, სერვისი რეალურ დროში მიმდინარე საუბრებსაც ვერ თარგმნის (სხვათა შორის, ეს ფუნქცია უკვე აქვს Google-ის Pixel 10 მოდელს).
დაუზუსტებელია, როდის ამუშავდა ChatGPT Translate, რადგან OpenAI-ს ამის შესახებ არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ბმულზე, ინტერნეტარქივში, ნოემბრის დროინდელი ეკრანის ანაბეჭდია შემონახული, რომელზე ასახული ვებგვერდიც ახლანდელს ძალიან ჰგავს. სავარაუდოდ, თვეების წინ კომპანია ხელსაწყოს გამოქვეყნებულ ვერსიას ტესტავდა.

კომენტარები