არქეოლოგები დღემდე მსჯელობენ, თუ როგორ აღმოჩნდა სტოუნჰენჯის დიდი ზომის ქვები სამხრეთ ინგლისში. ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა თეორია, რომლის თანახმადაც, გამყინვარების პერიოდში უელსიდან ან შოტლანდიიდან ლოდები მყინვარებმა გადააადგილა. კერტინის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, ნეოლითური ხანის ადამიანებმა ლოდები ამ ადგილამდე თავად გადაიტანეს, რაც ადრეული სატრანსპორტო საშუალებებით უნდა მოეხერხებინათ.

მკვლევრებმა სტოუნჰენჯთან ახლოს მდინარის დანალექებში შემონახული მიკროსკოპული "მარცვლები" შეისწავლეს, რისთვისაც მინერალური დაქტილოსკოპიის მეთოდი გამოიყენეს. გუნდმა 500-ზე მეტი ცირკონის კრისტალი გააანალიზა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მინერალია, ამიტომ მეცნიერები მას ხშირად ერთგვარ გეოლოგიურ დროის კაფსულად აღიქვამენ.

"შოტლანდიიდან ან უელსიდან ლოდები მყინვარებს რომ ჩამოეტანა, შესაბამისი მინერალური ხელწერა აუცილებლად დარჩებოდა", — განაცხადა ენტონი კლარკმა, კვლევის ავტორმა — "ეს ლოდები დროთა განმავლობაში გამოიფიტებოდა, შედეგად კი პატარა მარცვლებს მივიღებდით, რომლებიც მათი ასაკისა და წარმომავლობის გარკვევაში დაგვეხმარებოდა".

გუნდმა სტოუნჰენჯის მახლობლად არსებული ქვიშა გამოიკვლია, მაგრამ მასში ზემოთ ნახსენები მინერალური ხელწერა არ აღმოჩნდა. სწორედ აქ ჩნდება ალტერნატიული ახსნა — ლოდები ადამიანების მოტანილია. ლოდების ტრანსპორტირების ზუსტი მეთოდი უცნობია. შეიძლება ისინი მდინარის გავლით გადმოიტანეს ან სახმელეთო გზით, მაგალითად, მბრუნავი მორებით.

კვლევის თანაავტორი, კრის კირკლენდი, ფიქრობს, რომ მათმა ნაშრომმა შემდეგი რამ ცხადყო: თანამედროვე გეოქიმიური ხელსაწყოებით მრავალსაუკუნოვანი დებატებიც კი შეიძლება გადავწყვიტოთ. მან ასევე აღნიშნა, რომ სტოუნჰენჯს, სავარაუდოდ, სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ, მაგალითად, კალენდრული ფუნქციით, უძველეს სალოცავად ან სანადიმო ადგილად.

"მსგავსი შეკითხვების დასმასა და პასუხების პოვნას სხვადასხვაგვარი მონაცემები სჭირდება. ჩვენი კვლევა ამ დიდ სურათს მნიშვნელოვან ფრაგმენტს მატებს", — დაამატა კირკლენდმა.

კვლევა გამოცემაში Communications Earth and Environment გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.