ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს
ფოტო: Wikimedia Commons
იაპონიის უდიდესმა ენერგოკომპანია TEPCO-მ (Tokyo Electric Power Co. Holdings) კაშივაზაკი-კარივას ატომური ელექტროსადგურის მე-6 რეაქტორის ფუნქციონირების ნაწილობრივი აღდგენა დაიწყო. 2011 წლის ფუკუშიმა-დაიჩის კატასტროფის შემდეგ ეს კომპანიისთვის რეაქტორის მუშაობის პირველი განახლებაა.
მე-6 რეაქტორს დაახლოებით 1,35-გიგავატიანი სიმძლავრე აქვს. იაპონიის ბირთვული რეგულაციის სამსახურმა (NRA) მას "სატესტო გამოყენების" უფლება 21 იანვარს მიანიჭა. TEPCO დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში რეაქტორის სიმძლავრის 50%-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შემდეგ რეაქტორს შემოწმების მიზნით დროებით დახურავენ, საბოლოოდ კი სიმძლავრეს კიდევ უფრო მეტად გაზრდიან. უკვე თებერვლის ბოლოსთვის იგი კომერციულ ფუნქციონირებას დაუბრუნდება.
კაშივაზაკი-კარივა ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით, მისგან დაახლოებით 220 კილომეტრის მოშორებით, მდებარეობს. შვიდივე რეაქტორის ფუნქციონირებისას იგი მსოფლიოში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, მათი საერთო სიმძლავრე კი 8,2 გიგავატია. იმის მიუხედავად, რომ იგი იაპონიის ზღვის ნაპირზეა განთავსებული, წარმოებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი ტოკიოს მეტროპოლიურ არეალს მიეწოდება.
მნიშვნელოვანია, რომ მე-7 რეაქტორის ფუნქციონირების განახლება მიმდინარე ათწლეულის ბოლოს დაიწყება. ამის მიზეზი ისაა, რომ ფუკუშიმის ტრაგედიის შემდეგ შემოღებული რეგულაციების მიხედვით, ადგილზე ანტიტერორისტული დაწესებულება შენდება.
2011 წლის მიწისძვრითა და ცუნამით პროვოცირებული კატასტროფის გამო იაპონიამ 54-ივე რეაქტორი დახურა. მანამდე ბირთვული ენერგია ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 30%-ის წარმოებაზე იყო პასუხისმგებელი. დღესდღეობით იქ გამოსაყენებლად ვარგისი 33 რეაქტორი არსებობს, თუმცა ამჟამად, კაშივაზაკი-კარივას ჩათვლით, მხოლოდ 15 მათგანი ფუნქციონირებს; 2023 წელს ბირთვულ ენერგიაზე იაპონიის ელექტროენერგიის დაახლოებით 8,5% მოდიოდა. Reuters-ის ინფორმაციით, მთავრობა 2040 წლისთვის ამ წილის 20%-მდე გაზრდას გეგმავს.
TEPCO-თვის ეს განახლება ფინანსური კუთხითაც მნიშვნელოვანია. Nikkei-ს ინფორმაციით, ერთი ბირთვული რეაქტორის ოპერირებამ მოგებიანობა შეიძლება 100 მილიარდი იენით (დაახლოებით 630 მილიონი აშშ დოლარი) გაზარდოს. ეს წიაღისეული საწვავის იმპორტირების ხარჯების შემცირებით გახდება შესაძლებელი.
რეგულაციების მიუხედავად, ეს განახლება პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით მგრძნობიარე საკითხად რჩება. მოსახლეობის დიდ ნაწილს ბირთვული ენერგიის უსაფრთხოებაში ეჭვი ეპარება. მეორე მხრივ, TEPCO განმარტავს, რომ განახლების თითოეული ეტაპი უდიდესი სიფრთხილით შესრულდება და კომერციული ოპერაციები მხოლოდ ყველა რეგულაციის დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება.
კომენტარები