აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ
აშშ-მა ახალი ტანკი წარადგინა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ინტეგრირებული.
ფოტო: US Army
აშშ-ის უახლესი M1E3 Abrams-ის ტანკი უფრო მსუბუქია და ის იმაზე ადრე დაამზადეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ გენერალმა რენდი ჯორჯმა 20 იანვარს განაცხადა.
"ახალი თაობის ტანკი გასულ კვირას დეტროიტის ავტომობილების შოუზე წარადგინეს, როგორც პროტოტიპი. ტანკს აქვს ფორმულა 1-ის კაბინა და მძღოლის ინტერფეისი, რომელიც X-Box-ის ჯოისტიკს წააგავს. ტანკი ჰიბრიდულ-ელექტრული ძრავის ხარჯზე საწვავს 50%-ით ნაკლებს მოიხმარს", — იტყობინება Defense News.
M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ
რენდი ჯორჯის თქმით, M1E3 ამჟამად პროტოტიპია და ეს ყველაფერი დაგეგმილზე 6 წლით ადრე ხდება. თავდაპირველად, M1E3-ს 2030 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა გასული წლის დეკემბერში შევიტყვეთ, რომ პირველი პროტოტიპები 2026 წელს გამოჩნდებოდა.
გენერალ ჯორჯის თქმით, ტანკს Caterpillar-ის ძრავა აქვს. მისი პროგრამული უზრუნველყოფა, რამდენიმე ტექნოლოგიურმა კომპანიამ შექმნა. აშშ-ის არმიის პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ M1E3-ში ხელოვნური ინტელექტიც იქნება ჩანერგილი.
M1E3 Abrams-ის მთავარი კომპონენტი ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ციფრული სისტემებია, მათ შორის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი(GenAI). ეს ტექნოლოგიების სწრაფად ინტეგრირების საშუალებას იძლევა. შემქმნელების თქმით, ამით ტანკის საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება.
ახალ ტანკს ფორმულა 1-ის კაბინა აქვს. მძღოლის ინტერფეისი, რომელიც X‑Box-ის ჯოისტიკს ჰგავს, შექმნილია Fanatec-ის მიერ — კომპანიის, რომელიც ცნობილია ვიდეოთამაშების სიმულატორების წარმოებით.
წინ გადადგმული ნაბიჯი
დღეს თანამედროვე Abrams-ს ოთხკაციანი ეკიპაჟი სჭირდება, მათ შორის ერთი ადამიანი საბრძოლო მასალის ჩასატვირთად არის საჭირო. M1E3-ის შემთხვევაში ჩატვირთვა ავტომატურად მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკიპაჟი მხოლოდ სამი ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. Defense News-ის ინფორმაციით, შედეგად ტანკი 25%-ით უფრო მსუბუქია.
ამასთან, ტანკი დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობითაც იქნება აღჭურვილი. ექსპერტებმა M1E3 უკვე შეაფასეს, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი.
კომენტარები