ევოლუციური ბიოლოგებისთვის ადამიანის პენისის ზომა ერთგვარი თავსატეხია. საქმე ისაა, რომ კაცების სასქესო ორგანო ჩვენი მონათესავე პრიმატებისას (შიმპანზეები, გორილები) სიგრძითა და სისქით აღემატება, სხეულის ზომასთან თანაფარდობის გათვალისწინებით. მაგრამ, თუკი პენისის მთავარი ფუნქცია მდედრის ორგანიზმში სპერმის გადატანაა, მაშინ რატომაა ის ასეთი დიდი? მეცნიერებმა ეს საკითხი გამოიკვლიეს და ორი დამატებითი ფუნქცია გამოავლინეს: მდედრების მიზიდვა და კონკურენტების ჩამოშორება.

გასათვალისწინებელია, რომ ადამიანმა წელში გამართულად სიარული საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. ვინაიდან ტანსაცმელი შედარებით გვიან შევქმენით, პენისი მარტივად შესამჩნევი უნდა ყოფილიყო არამხოლოდ მდედრებისთვის, არამედ მამრებისთვისაც. 13 წლის წინ იმავე ავტორებმა დაადგინეს, რომ ქალები უპირატესობას მაღალ, ფართო მხარ-ბეჭისა და დიდი ზომის სასქესო ორგანოს მქონე კაცებს ანიჭებენ. ახლა მათ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს და გაარკვიეს, რომ ამ მახასიათებელს თავად კაცებიც აქცევენ ყურადღებას, რამაც ახალი ფუნქცია გამოკვეთა.

ადამიანისა და სხვა პრიმატების სასქესო ორგანოს შედარება სხეულის ზომის გათვალისწინებით.

ფოტო: Mark Maslin

ისეთ სახეობებში, რომლებშიც მამრებს მკვეთრად გამოხატული ვიზუალური მახასიათებლები აქვთ (მაგ. ლომებში ფაფარი), ორი დანიშნულება იკვეთება: მიიზიდონ მდედრები და მამრებს ანიშნონ, რომ მათთან შებრძოლება შეუძლიათ. ადამიანებში ამ მეორე ფაქტორის არსებობა-არარსებობის შესასწავლად მეცნიერებმა 800-ზე მეტ მონაწილეს 343 სხეულის ფიგურა აჩვენეს, რომლებიც სიმაღლით, ფორმითა და პენისის ზომით განსხვავდებოდა. ქალებს სექსუალური მიმზიდველობა უნდა შეეფასებინათ, კაცებს კი — პოტენციური კონკურენციის დონე.

პირველ ჯგუფში წლების წინანდელი შედეგი განმეორდა, მაგრამ კონკრეტულ ზღვარს მიღმა სიმაღლისა და გენიტალიის ზომის მეტი მაჩვენებელი უკეთეს შედეგს არ იძლეოდა; რაც შეეხება კაცებს, აღმოჩნდა, რომ მათთვის პენისის დიდი ზომა (ასევე, სიმაღლე და V-ს ფორმის ტორსო) უფრო ძლიერ სქესობრივ კონკურენციასთან და შებრძოლების უკეთეს უნართან ასოცირდებოდა, ხოლო ზომების ზრდა — კონკურენციის დონის მატებასთან. ეს მიანიშნებს, რომ ისინი ქალებისთვის ამ მახასიათებლების მიმზიდველობას ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მონაწილეებისთვის ნაჩვენები ფიგურები.

ფოტო: Aich U, et al., 2025, PLOS Biology

ამ შედეგების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ადამიანის პენისის მთავარი დანიშნულება სპერმის გადატანაა. კვლევამ აჩვენა, რომ ის "ბიოლოგიური სიგნალის" ფუნქციასაც ასრულებს, ანუ შეიძლება ევოლუციურად მისი ასეთი ზომის ჩამოყალიბება მდედრების პრეფერენციებსა და მამრების კონკურენციას განეპირობებინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გენიტალიის ზომას სექსუალურ მიმზიდველობაზე 4-7-ჯერ უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე შებრძოლების უნარის აღქმაზე. აქედან ასკვნიან, რომ პირველი ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია.

ავტორები ამბობენ, რომ მონაწილეთა მიერ ფიგურების შეფასების დროსაც დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ უფრო პატარა ზომების მქონე სხეულებს შედარებით სწრაფად აფასებდნენ, რაც მიუთითებს, რომ ეს მახასიათებლები პირდაპირ ნაკლებად მიმზიდველად და "საშიშად" გამოიყურება. მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ რეალურ ცხოვრებაში სხვა დეტალებსაც ვაქცევთ ყურადღებას, როგორიც, მაგალითად, სახის ნაკვთები ან პიროვნული ნიშან-თვისებებია. გასათვალისწინებელია მასკულინურობის კულტურული სტანდარტებიც.

ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS Biology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.