ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია Norwegian People's Aid (NPA)-მა ახალი მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც 1945-2017 წლებში ჩატარებული ბირთვული ცდების შედეგებია განხილული. ისინი ექსკლუზიურად Agence France-Presse (AFP)-ს მიაწოდეს.

როგორც ნაშრომში ვკითხულობთ, ბირთვულ იარაღებზე ჩატარებული ცდები "4 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილთანაა დაკავშირებული, რაც კიბომ და სხვა დაავადებებმა გამოიწვია".

"წარსულში ჩატარებული ბირთვული ცდები ხალხს დღესაც ხოცავს", — აღნიშნა რეიმონდ იოჰანსენმა, NPA-ის მმართველმა, AFP-სთან საუბრისას — "იმედია, ახალი მოხსენება კიდევ უფრო განამტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ ბირთვული იარაღები აღარასდროს გამოცადონ ან გამოიყენონ".

1945-2017 წლებში 2 400-ზე მეტი ბირთვული მოწყობილობა ააფეთქეს. მოხსენება 304-გვერდიანია და მასში დეტალურადაა განხილული, თუ როგორ მალავდნენ ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოები სიმართლეს "პროპაგანდისა" და "გასაიდუმლოების" გზებით.

მაგალითად, საფრანგეთის პოლინეზიაში ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ეს ცდები ეკონომიკური სარგებლის მომტანი იყო და არა ბიოლოგიურად სახიფათო; კირიბატიში გარემოს დაბინძურების შესახებ ჩანაწერები ბრიტანულ და ამერიკულ საცავებშია ჩაკეტილი, ალჟირში კი საფრანგეთის დამარხული რადიოაქტიური ნარჩენების მდებარეობა საზოგადოებისთვის დღემდე არაა ცნობილი.

"მოგვწამლეს", — განაცხადა ტაიტელმა პარლამენტარმა, ჰინამუერა კროსმა, AFP-სთან საუბრისას.

მას ლეიკემიის დიაგნოზი 24 წლის ასაკში დაუსვეს, დღეს კი 37 წლისაა. იგი 7 წლის იყო, როცა საფრანგეთმა მის სახლთან ახლოს (საფრანგეთის პოლინეზიაში) თავისი უკანასკნელი ბირთვული ცდა ჩაატარა.

ბირთვული ცდების საკითხი მსოფლიოს მასშტაბით კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შეიძლება ცდები განაახლოს. ბევრმა ექსპერტმა ეს სვლა "ძალიან საშიშად" შეაფასა: განხორციელების შემთხვევაში, მას შეიძლება საუკუნოვანი შედეგები მოჰყვეს.

ყველაზე მძიმე "ტვირთი" 15 ერს ხვდა წილად, ძირითადად ყოფილ კოლონიებს. იქ ადგილობრივ მოსახლეობას ტრავმის, თანდაყოლილი ანომალიებისა და ქრონიკული დაავადებების არაპროპორციულად მაღალი მაჩვენებელი აღენიშნება. ახლა უკვე სამეცნიერო მტკიცებულებაც ადასტურებს, რომ გამოსხივების მცირე დოზებიც კი იმაზე გაცილებით სახიფათოა, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მოხსენების თანახმად, რადიაციასთან შემხებლობა პირდაპირ კავშირშია დნმ-ის დაზიანებასთან, კიბოსთან, გულსისხლძარღვთა დაავადებებთან და გენეტიკურ დეფექტებთან. მაიონიზებელი რადიაცია ძალიან საზიანოა, რადგან ამ შემთხვევაში "უსაფრთხო" დოზა არ არსებობს. იგი დნმ-ის ბმებს ფიზიკურად წყვეტს, ეს კი პოტენციურად სიმსივნურ მუტაციებს იწვევს.

საგულისხმოა, რომ რისკი ყველასთვის თანაბარი არ არის: ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ემბრიონები და ბავშვები არიან. ასევე, ქალებსა და გოგოებში 52%-ით უფრო დიდი რისკია, ვიდრე კაცებში.

სამწუხაროდ, ზემოხსენებულ ქვეყნებში ადგილობრივებს ამ პრობლემების ადრეულ ასაკში დაფიქსირებისა და პრევენციისთვის აუცილებელ სკრინინგზე წვდომა არ აქვთ, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ამ საკითხის გასაიდუმლოებითაა გამოწვეული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.