5 რამ, რაც ადამიანებს პოსტჰუმანიზმამდე გვაშორებს
"უკან დასაბრუნებელი გზა ჩახერგილია, მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით არის შესაძლებელი — მხოლოდ წინ! ადამიანი რელიგიური ცხოველია და "ღმერთის სიკვდილის" შემდეგ, ისიც უნდა მოკვდეს. ჩვენ გვსურს გავიაზროთ საკუთარი შეზღუდულობა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მის განადგურებას. ეს იქნება შემდეგი საფეხური, საფეხური, რომელზეც ფეხი ჯერ არავის დაუდგამს (დედამიწაზე მაინც). ჩვენი მოწინააღმდეგეები სიკვდილის აგენტები არიან. ჩვენ ვეუბნებით სიკვდილს და შეზღუდვებს "არა"-ს, ხოლო ვეუბნებით "კი"-ს აკრძალულ და ტაბუირებულ იდეებს. ჩვენ გვინდა გავსწორდეთ ფეხზე და გადავდგათ პირველი ნაბიჯები მარადისობასთან შესახვედრად", — ნაწყვეტი პოსტჰუმანიზმის მანიფესტიდან.
რენესანსის პერიოდში აღმოცენებული ჰუმანიზმი იყო რეაქცია შუა საუკუნეების ევროპის ცრურწმენისა და რელიგიური ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ჰუმანიზმს ფანატიკოსების იდეების ჩაჩოჩება და მის ადგილზე რაციონალურობის დაყენება სურდა.
თუმცა, თუ ჰუმანიზმმა ადამიანი ზედა საფეხურზე აიყვანა, პოსტჰუმანიზმს მიაჩნია, რომ ადამიანი ტექნოლოგიების შუამავლობით, სამყაროს ზნეობრივი იერარქიის სათავეში აღარ უნდა იყოს.
ყველაზე ცნობილი პოსტჰუმანისტები, რომლებსაც ზოგჯერ ტრანსჰუმანისტებსაც უწოდებენ, ამტკიცებენ, რომ მომდევნო საუკუნეში ადამიანი რადიკალურად შეიცვლება, ამისთვის კი იმპლანტებს, გენურ ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს და ბევრ ისეთ ტექნოლოგიას გამოიყენებს, რაზეც ჩვენ ჯერ არ ვიცით. ეს სახეობის მიერ საკუთარი თავის გაუმჯობესება იქნება, რაც მას (ჩვენ), როგორც სიცოცხლის ფორმას საბოლოოდ შეცვლის.
ამ სტატიაში 5 ისეთ შესაძლებლობას განვიხილავთ, რამაც, შესაძლოა, ადამიანი, როგორც სახეობა მთლიანად შეცვალოს.
გენური ინჟინერია — ხელოვნური სელექციიდან ახალ ადამიანამდე
ათასობით წლის განმავლობაში ადამიანი "გენურ ინჟინერიას" (ხელოვნურ სელექციას) იყენებდა, თუმცა, დნმ-ზე ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა. ასე გაჩნდა უამრავი შინაური ცხოველი და განვითარდა სოფლის მეურნეობა. მეოცე საუკუნეში ადამიანმა გენებზე და მათ მნიშვნელობაზე დიდი ცოდნა შეიძინა. ცოტა ხნის წინ კი, გამოჩნდა ახალი ტექნოლოგია — CRISPR, რომელმაც გენური ინჟინერია საერთოდ ახალ საფეხურზე აიყვანა. ეს რევოლუციური ინსტრუმენტია, რომლის გამოყენება მეცნიერებს უამრავი ტიპის გენეტიკური მასალის უსწრაფესად დასაკორექტირებლად შეუძლიათ.
CRISPR-ს ბევრი დაავადების არამარტო მკურნალობა, საერთოდ გენომიდან გაქრობა შეუძლია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. გენურ ინჟინერიას დღეს არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ სახეობის სრულად გარდაქმნის პოტენციალი აქვს.
ჩვენ სულ უფრო ახლოს ვართ საკუთარი სურვილისა და საჭიროების მიხედვით უმოკლეს დროში ცოცხალი არსებების გაუმჯობესებასთან და საერთოდ, ახალი სახეობების შექმნასთან. შედეგად, უახლოეს წლებში, შესაძლოა, უკვე თავისუფლად შევძლოთ ნებისმიერი უჯრედის, ორგანიზმის ან სახეობის ხელოვნურად წარმოება.
ეს ყველაფერი აჩენს ლოგიკურ შეკითხვას, რას იზამს თავად ადამიანი, დავრჩებით კვლავ იმ შეზღუდულ არსებად, როგორიც ახლა ვართ, თუ საკუთარი თავის განვითარების და დახვეწის სურვილი წაგვძლევს?
ზუსტად იმის თქმა შეუძლებელია, თუ როდის შეცვლის ადამიანი საკუთარ ბიოლოგიას, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარება ამის პოტენციალს ფლობს და ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი დროის ამბავია.
ექნება ადამიანს არწივის მხედველობა, ავაზას სისწრაფე, სპილოს ყნოსვა და წყლის დათვის გამძლეობა? თუ ეს შესაძლებელია, რატომაც არა, მაგრამ აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვა ჩნდება, იქნება კი მსგავსი არსება კვლავ ადამიანი?
ასევე იხილეთ:
AI — ვიწრო ინტელექტიდან ზოგად ინტელექტამდე
ჩვენი დღევანდელი სამყარო ხელოვნური ინტელექტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ის გვეხმარება ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისას და სხვადასხვა მონაცემების დამუშავებისას. ამასთან, ხელოვნური ინტელექტი აქტიურად გამოიყენება წარმოებაში, ფინანსებში, შეიარაღებაში, განათლებასა თუ კომუნიკაციებში.
ვიწრო ხელოვნური ინტელექტი — ხელოვნური ინტელექტით მართული ავტომატიზაცია ისეთ პროცესებში ერთვება, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ის, რაც ადამიანის თვალისთვის შეუძლებელია. სულ უფრო აქტუალური ხდება თვითმართვადი ავტომობილები და ჭკვიანი ქალაქები. ხელოვნური ინტელექტი თავად ომის პროცესსაც ცვლის, სულ უფრო ვრცელდება ავტომატიზირებული დრონები. გვაქვს ეგზოჩონჩხები, რაც ჩვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს კოლოსალურად ზრდის. ამასთან, დღეს უკვე უამრავი ადამიანია, ვისი ფიზიოლოგიური ფუნქციები და სიცოცხლეც კი მექანიკურ მოწყობილობებზეა დამოკიდებული. ამის კარგი მაგალითებია კარდიოსტიმულატორები, სმენის აპარატები თუ სხვა. მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ში პირველად, პაციენტს ახალი თაობის, სრულად ხელოვნური გული ჩაუდგეს.
ზოგადი ხელოვნური ინტელექტი — ერთი შეხედვით, ავტომატიზაცია უკვე გვცვლის, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ხელოვნური ინტელექტის კვლევის წმინდა გრაალია ზოგადი AI, მანქანა, რომელსაც ცნობიერი გააჩნია. ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის ევოლუცია შეუჩერებელია და მისი ვიწრო ინტელექტიდან ზოგად ინტელექტამდე გადასვლა მხოლოდ დროის ამბავია.
რა მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენი ინსტრუმენტი აზროვენებას დაიწყებს? სამეცნიერო ფანტასტიკაში ხშირად ვხედავთ თუ როგორ იბრძვის ადამიანი ხელოვნურ ინტელექტთან, თუმცა, რეალურად ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
ტრანსჰუმანისტების უმეტესობას მიაჩნია, რომ ადამიანი კი არ დაუპირისპირდება ხელოვნურ ინტელექტს, არამედ მასთან ერთად თანაცხოვრებას ისწავლის, რაც საბოლოოდ სიმბიოზში გადაიზრდება.
რა ერქმევა არსებას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და ბიოლოგიური სიცოცხლის სინთეზია? ამაზე პასუხი, ალბათ, თავად ამ არსებას უნდა ვკითხოთ. ნაკლებად სავარაუდოა, მან თავს კვლავ ადამიანი უწოდოს.
ასევე იხილეთ:
გონებრივი შესაძლებლობები — ნეირონებიდან ნეირომოფრულ გამოთვლებამდე
ნეირომორფული გამოთვლებისა და ჩიპების მიღწევები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის, არამედ ადამიანის ინტელექტის მომავალიც.
ტვინის იმპლანტები სულ უფრო რეალური ხდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ტვინის ახალმა იმპლანტმა მეტყველებაშეზღუდული პაციენტის ფიქრები სიტყვებად აქცია. მეტიც, აშშ-ში ერთ-ერთმა სტარტაპმა დააანონსა ჩაფხუტი, რომელიც თქვენს აზრებს წაიკითხავს. ასევე, მნიშვნელოვანია ილონ მასკის მფლობელობაში მყოფი კომპანია Neuralink-ის ფაქტორიც. მასკს სურს ჩვენი ტვინები კომპიუტერებთან დააკავშიროს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, მალე თქვენ კომპიუტერისთვის ბრძანების მიცემა "ტელეპატიურად", ბგერების თუ მოძრაობის გარეშე შეგეძლებათ.
მთლიანობაში, ყველა ამ ტექნოლოგიის საბოლოო მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის კომპლექსური კავშირის მიღწევაა. ამას ჩვენი გონების შესაძლებლობების მკვეთრად გაზრდის პოტენციალი აქვს. ამან შეიძლება შეცვლის როგორც ადამიანის და კომპიუტერის ურთიერთქმედება, ისე თავად ადამიანებს შორის ურთიერთობაც.
ასეთი გონების შესაძლებლობები ბევრად იქნება გაზრდილი. მეტი გონებრივი შესაძლებლობები კი ის არის, რაც დღეს ადამიანს ცხოველებისგან აშორებს.
გონების ატვირთვა — სხეულიდან კომპიუტერამდე
ტვინის შესწავლასთან და მისი შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი "რუკის" შედგენა. ამ მხრივ მეცნიერები დღესაც მუშაობენ. ეს პირველი ნაბიჯებია იმისა, რასაც მომავალში გონების კომპიუტერში ატვირთვა შეიძლება ვუწოდოთ.
კვანტური კომპიუტერების განვითარებასთან ერთად, კომპიუტერების შესაძლებლობები კოლოსალურად გაიზრდება. ამის პარალელურად, კომპიუტერთან ჩვენი გონების დამაკავშირებელი ტექნოლოგიების განვითარება აზრების, ემოციების, გრძნობებისა და მოგონებების ციფრულ სისტემებში ატვირთვის შანსებს გააჩენს.
უკვე დღეს მეცნიერებმა დაიწყეს ექსპერიმენტები, რითაც ისინი კომპიუტერებში ტვინის გარკვეული აქტივობების ასახვას ცდილობენ. შესაძლებელია, რომ ოდესღაც ადამიანის გონება კომპიუტერში აიტვირთოს? ეს ის შეკითხვაა, რაზეც ზუსტი პასუხი ახლა არ გვაქვს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, თუ სადამდე შეიძლება წავიდეს ჩვენი გონება და სად შეუძლია თავის ამოყოფა.
ასევე იხილეთ:
- ცნობიერების ევოლუცია და გონების ატვირთვის შესაძლებლობა — ინტერვიუ მაიკლ გრაციანოსთან
- ცნობიერების ტრანსფერი, BINA48 და სიყვარული – ინტერვიუ ბრიუს დანკანთან
მულტიპლანეტარული ცივილიზაცია — დედამიწიდან სხვა პლანეტებამდე
მეთექვსმეტე საუკუნეში ჯორდანო ბრუნომ, რომელიც ჰელიოცენტრიზმის თეორიას ემხრობოდა, ივარაუდა, რომ "უძრავი ვარსკვლავები" ჩვენს მზეს გვანან და მათაც უნდა ჰყავდეთ გარშემო მოძრავი პლანეტები. იმ დროისთვის ეს წარმოუდგენელი იყო, თუმცა, ნელ-ნელა ადამიანმა გაიგო, რომ ჩვენი სამყარო ძალიან დიდი და მრავალფეროვანია.
1992 წელს, მსოფლიოში პირველად, აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა — პლანეტა, რომელიც მზის სისტემის გარეთ არის. დღეს უკვე ათასობით ასეთი პლანეტა გვაქვს დაფიქსირებული. მეცნიერების ვარაუდით, მარტო ჩვენს გალაქტიკაში მილიარდობით ეგზოპლანეტა უნდა იყოს.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პლანეტა ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად, მაგრამ პლანეტების მრავალფეროვნება აშკარაა. მრავალფეროვანია პლანეტები ჩვენს მზის სისტემაშიც.
ამ ყველაფრის ფონზე და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, რთული წარმოსადგენია, რომ ადამიანმა, ან იმ არსებამ, რაც ადამიანის შემდეგ იქნება, თავისი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა მხოლოდ ერთი პლანეტით ამოწუროს. მით უმეტეს, რომ დღეს უკვე ვხედავთ, თუ როგორი აქტუალურია მარსის კოლონიზაცია.
მარსზე დასახლება რთული და საშიში შეიძლება იყოს, მაგრამ იქ ადამიანის ცხოვრება სულ უფრო რეალური ხდება. წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ. ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
ასევე იხილეთ:
- შემდეგი პოდკასტი: მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
- ყველაფერი, რაც მარსის კოლონიზაციაზე უნდა იცოდეთ — მოკლედ
თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარსი დედამიწაზე პატარა პლანეტაა, შესაბამისად იქ გრავიტაცია უფრო მცირეა. სავარაუდოა, რომ თაობები, რომლებიც მარსზე გაიზრდებიან მცირე გრავიტაციის გამო (და არამხოლოდ), ფიზიოლოგიურად ჩვენგან განსხვავებულები იქნებიან.
ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი პლანეტა ჩვენი შთამომავლებისთვის ევოლუციის ახალი გზის დასაწყისი იქნება. მომავალში, შესაძლოა, მულტიპლანეტარული ცივილიზაცია გავხდეთ და ყველა პლანეტას თავისი ევოლუციის ტოტი ექნება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები