ყველაფერი, რაც მარსის კოლონიზაციაზე უნდა იცოდეთ — მოკლედ
მარსზე დასახლება რთული და საშიში შეიძლება იყოს, მაგრამ იქ ადამიანის ცხოვრება სულ უფრო რეალური ხდება. წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ. არამხოლოდ ფიქრობენ, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უკვე იდგმევა.
ფაქტია, მარსზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, მოდი ვცადოთ გავერკვეთ, თუ რა ხდება, რამდენად რეალურია მარსის კოლონიზაცია და რისი პოტენციალი გვაქვს ამ კუთხით.
მარსამდე მთვარეა
NASA-ს Artemis-ის პროგრამა, 2024 წლისთვის, ადამიანს მთვარის ზედაპირზე დასვამს. ითვლება, რომ მთვარეზე ცხოვრების და კვლევების ეს პერიოდი მარსის მისიისთვის ერთგვარი ტრამპლინი უნდა იყოს.
მთვარეზე ყოფნისას ასტრონავტები ახალ ინსტრუმენტებს, ხელსაწყოებსა და აღჭურვილობას გამოცდიან, ეს ყველაფერი კი ადამიანის მარსზე გამგზავრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, უკვე მომავალში, NASA მარსზე ადამიანების გაგზავნას შეეცდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპისთვის, კოსმოსური სააგენტო მზადების პროცესშია. მარსზე ადამიანის მიერ გაგზავნილი არაერთი რობოტი მოხეტიალე იმყოფება, ისევე, როგორც ხომალდები, რომლებიც წითელ პლანეტის ორბიტაზე არიან და მას გარს უვლიან. მათი დახმარებით ჩვენს "ახალ სახლს" ვიკვლევთ და მის კლიმატსა თუ სხვა დეტალებზე ინფორმაციას ვიღებთ. ერთ-ერთი ბოლო NASA-ს მოხეტიალე — Perseverance-ია, რომელიც წითელ პლანეტაზე 2021 წლის თებერვალში დაეშვა და ახალი საკვლევი ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი.
SpaceX-ის Starship მთვარეზე და მარსზე დასაშვებად
ერთი შეხედვით, ყველაზე ამბიციური SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი ილონ მასკია. მასკი Starship-ის რაკეტების გამოყენებით, მარსის კოლონიზაციას გეგმავს. მისი გათვლებით, რაკეტას მარსზე ასი ადამიანის გადაყვანა შეეძლება.
"თუ წელიწადში 100 ასეთ კოსმოსურ ხომალდს შევქმნით, ათ წელიწადში 1000 გამოვა. ეს კი ნიშნავს, რომ 10 წელიწადში, მარსზე 100 000 ადამიანს გავგზავნით", — ამბობს მასკი.
ილონ მასკის მილიონ ადამიანიანი მეგაკოლონია
მასკის საბოლოო მიზანი მარსზე გიგანტური კოლონიის აშენებაა, რაც ადამიანს მულტიპლანეტარულ სახეობად აქცევს. მილიარდერმა სწორედ ამისთვის შექმნა SpaceX და მასში დიდი შრომა ჩადო.
მასკს სურს, რომ ამ ყველაფერს თავისი სიცოცხლის განმავლობაში მოესწროს.
SpaceX-ს მარსის კლონიზაციის დასაწყებად დრო ჯერ კიდევ სჭირდება
მასკის მარსის კოლონიზაციასთან დაკავშირებული გეგმები ირაციონალური არ არის, თუმცა, უშუალოდ ვადები, რომელსაც ის ასახელებს, ცოტა საეჭვოა.
არც მას და არც NASA-ს კოლონიზაციის კონკრეტული გეგმები გაცხადებული ჯერ არ აქვთ. საუბარია იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელშიც უამრავი ადამიანი თავისუფლად იცხოვრებს. თუმცა, ერთია ინფრასტრუქტურა, მეორე თუ როგორ შეძლებს ის მუდმივ რეჟიმში არსებობას. ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა და მასზე კონკრეტულ პასუხები ყველას გვაინტერესებს.
ამასთან, Starship მთვარეზე და მარსზე ფრენებისთვის ჯერ კიდევ გამოსაცდელია.
ჯეფ ბეზოსის წამოწყება — Blue Origin
2019 წელს, მეორე მულტიმილიარდერმა და Blue Origin-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა, განაცხადა, რომ კოსმოსის კოლონიზაციას გეგმავს, ამ ყველაფერს კი, მთვარით დაიწყებს.
"დროა მთვარეზე დავბრუნდეთ და ამჯერად დავრჩეთ კიდევაც", — თქვა ბეზოსმა.
თუმცა, Blue Origin შედარებით ახალი კომპანიაა და ჯერ SpaceX-ს ძალიან ჩამორჩება.
კოსმოსური სასტუმრო, როგორც გრავიტაციაზე "დამკვირვებელი"
ორბიტალური ასამბლეის კორპორაციამ, ცოტა ხნის წინ, დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოსახერხებელი "კოსმოსური სასტუმროს" დიზაინი და მისი აშენების გეგმები გაგვიზიარა.
კოსმოსურ სასტუმრში მარსის გრავიტაციის სიმულირება იქნება შესაძლებელი, რაც როგორც დამსვენებლებს, ისე მკვლევრებს ნამდვილად დააინტერესებთ.
მცირე გრავიტაცია
ნულოვან G-ზე და 1G-ზე უამრავი მონაცემი გვაქვს, მაგრამ როგორი იქნება მათი შუალედი? მეცნიერებს ჯერ კიდევ გასარკვევი აქვთ, თუ როგორი იქნება ადამიანის ორგანიზმის რეაქცია მცირე გრავიტაციაზე.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება პროექტები, რომლებიც ასეთ კონდიციებს გამოცდიან, იქნება ეს კოსმოსური სასტუმროები, თუ სხვა ხელოვნური თანამგზავრები.
ბევრს მიაჩნია, რომ მსგავსი "სასტუმროების", მარსის ორბიტაზე განთავსებაც შეგვეძლება.
მარსი ჩინეთსაც უნდა
ჩინეთმა, სულ ცოტა ხნის წინ, მარსის ორბიტაზე, თავისი პირველი ხომალდი Tianwen-1 გაიყვანა. თუმცა, ჩინელები ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.
"თუ ახლა მარსზე არ წავალთ, ამას ჩვენი შთამომავლები არ გვაპატიებენ. ამიტომ, უნდა ვიმოქმედოთ. მით უმეტეს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. თუ არ დავასწარით, ისინი დაგვასწრებენ და მერე რომც მოგვინდეს, შეიძლება მარსზე საერთოდაც ვეღარ აღმოვჩნდეთ", — თქვა იე პეიჯიანმა, ჩინეთის კოსმოსური ინჟინერიის მიმართულების უფროსმა.
რუსები და მარსი — მათი გეგმები უკვე რამდენჯერმე გადაიდო
რუსეთს დიდი ხანია მარსზე დაჯდომა უნდა. ისინი ამას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გეგმავდნენ. მათი გეგმებით, 1975 წელს, მარსზე 900 დღით საცხოვრებლად 6 კოსმონავტი უნდა გაეშვათ. ამის შემდეგ, 2002 წელს დააანონსეს, რომ 2015 წლისთვის, წითელ პლანეტაზე ადამიანს დასვამდნენ. იყო 2018 წლის ანონსიც, რომელიც 2019 წელს ეხებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი განუსაზღვრელი დროით გადაიდო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსეთის კოსმოსური სააგენტო, კვლავაც ირწმუნება, რომ მარსი კოლონიზაციისთვის ყველაზე სასურველი პლანეტაა. მათ მიაჩნიათ, რომ მარსის ტერაფორმირებასაც შეძლებენ, თუმცა, ტერაფორმირებამდე ჯერ მარსზე დაჯდომაა საჭირო.
მარსის კოლონიზაცია
ცოტა ხნის წინ, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმაც მოახერხა და მარსის ორბიტაზე თავისი პირველი ხომალდი Hope განათავსა. ეს ქვეყნისთვის ჯერ კიდევ პირველი ნაბიჯებია, თუმცა ისინი მარსზე თავიანთი ქალაქის აშენბაზე უკვე ფიქრობენ. ამისთვის გეგმაც აქვთ, Mars 2117, თუმცა, როგორც თარიღი მიგვანიშნებს, ეს არც თუ ისე მალე მოხდება.
როგორც ვხედავთ, მარსის კოლონიზაცია წამყვან სახელმწიფოებს და უდიდეს კომპანიებს სურთ, მაგრამ მარსზე ადამიანების კოლონიის მშენებლობა და მისი არქიტექტურა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
ერთი რამ ფაქტია, ისტორიული გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კაცობრიობა რაღაცას "იჩემებს" და მასში დაუზოგავ შრომას დებს, ყველაფერი გამოდის.
შეიძლება მარსის კოლონიზაცია ზუსტ დასახელებულ თარიღებში არ გამოვიდეს, მაგრამ წითელი პლანეტა კვლავ იქ არის და არსად გაქცევას არ გეგმავს. ვნახოთ რა იქნება შემდეგში. შეიძლება ერთ დღესაც გავიღვიძოთ და უკვე მულტიპლანეტარული სახეობა ვიყოთ.
კომენტარები