ცნობიერების არსში ჩაწვდომას მრავალი თანამედროვე თეორია ცდილობს. მათგან უმეტესობა ცნობიერების შესაძლო ნეირონული მექანიზმების კვლევაზე კონცენტრირდება და ხშირად უგულებელყოფს მის შესაძლო ევოლუციურ და პრაქტიკულ ფუნქციას. ცნობიერების ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევრის, პრინსტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების პროფესორის, მაიკლ გრაციანოს მიერ შემუშავებული ყურადღების სქემის თეორია კი სწორედაც რომ ცნობიერების ევოლუციური ფუნქციის დადგენას ემსახურება.

მაიკლ გრაციანო, პრინსტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების პროფესორი.

ფოტო: Michael Graziano

ყურადღების სქემის თეორიის თანახმად, ცნობიერება ჩნდება და ვითარდება თანდათანობით, როგორც საშუალება იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას გადაადგილების უნარის მქონე ცხოველების ნერვული სისტემა. ინფორმაციის რაოდენობა, რომელსაც ტვინი გრძნობათა ორგანოების მეშვეობით იღებს, იმდენად ჭარბია, რომ მისი სრული გადამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამიტომ ევოლუციის მეშვეობით ტვინს განუვითარდა ინფორმაციასთან გამკლავების დახვეწილი მექანიზმი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, გააძლიეროს ერთი სიგნალი მეორის უგულებელყოფის ხარჯზე. გრაციანოს აზრით, ცნობიერება ამ პროცესის საბოლოო რეზულტატია. თუ ეს თეორია სწორია, ბოლო ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში ცნობიერებას თანდათანობითი ევოლუცია განუცდია და არაერთ სახეობაში უნდა არსებობდეს.

ევოლუციური ბიოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი სხვადასხვა სახეობის შედარებაა. ამ გზით ნერვული სისტემის დახვეწის საფეხურებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. მაგალითად ავიღოთ ჰიდრასა და კიბორჩახალას შედარება:

ჰიდრა მცირე ზომის მედუზის მონათესავე საკმაოდ პრიმიტიული ცხოველია, რომელსაც ყველაზე მარტივი ნერვული სისტემა, ეგრედ წოდებული ნერვული ბადე აქვს. თუ ჰიდრას სხეულს ნებისმიერ ადგილზე შეეხებით ნერვული სიგნალი ვრცელდება მის მთელ ნერვულ სისტემაში, რასაც მთელი სხეულის შეკუმშვა მოჰყვება. ჰიდრას ნერვული სისტემას არ შეუძლია რომელიმე სიგნალის ამორჩევა და გაძლიერება. ჰიდრასგან განსხვავებით, კიბორჩხალას თვალი სიგნალის სელექციური გაძლიერების მაგალითს წარმოადგენს, ის უფრო ამკვეთრებს საგნის კონტურებთან დაკავშირებულ ვიზუალურ სიგნალებს, სამაგიეროდ კი თრგუნავს სხვა — ვთქვათ, ფერის — სიგნალებს. ეს ნიშნავს, რომ სიგნალის სელექციური გაძლიერების მექანიზმი უნდა განვითარებულიყო ჰიდრასა და კიბორჩხალას შორის 700-600 მილიონი წლის წინ.

ჰიდრა

ფოტო: Sebastian Fraune

კიბორჩხალა

ფოტო: Shutterstock

გრაციანოს მიხედვით, ტვინის ყველაზე მთავარი, ფუნდამენტური უნარი და პროცესი ყურადღებაა, რომელსაც სათანადო კონტროლი სჭირდება. ის ერთმანეთისგან გამოყოფს ამფიბიებსა და თევზებში არსებულ შეუფარავ ყურადღებას (overt attention), რომლის კონტროლიც არაა საკმარისი იმისთვის, რომ ცხოველი ცნობიერად მივიჩნიოთ, და ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში არსებულ შეფარულ ყურადღებას (covert attention), რომლის კონტროლსაც სჭირდება ინფორმაცია დროის მოცემულ მომენტში ცნობიერების საერთო მდგომარეობის შესახებ.

გრაციანოს ბოლო წიგნი, "ცნობიერების გადააზრება: სუბიექტური განცდის მეცნიერული თეორია" ცნობიერების ამ ევოლუციურ ამბავის დაწვრილებით აღწერს. თუმცა, ამ უაღრესად საინტერესო თეორიაში ჯერ კიდევ არ ჩანს, როგორ შეიძლება გადაწყდეს თანამედროვე მეცნიერების ორი ურთულესი პრობლემიდან ერთ-ერთი; კერძოდ ის, თუ როგორ წარმოიქმნება ტვინის ობიექტურ ფიზიკურ სისტემაში სუბიექტური ცნობიერება. მეორეა სამყაროს წარმოშობის პრობლემა.


ქვემოთ წარმოგიდგენთ ინტერვიუს, რომელშიც მაიკლ გრაციანო ცნობიერების ევოლუციის არა მხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც გვესაუბრება.

მაიკლ, იქნებ, ჩვენს მკითხველს რამდენიმე წინადადებით აუხსნათ, რა არის ცნობიერება ყურადღების სქემის თქვენი თეორიის თანახმად?

ყურადღების სქემის თეორია მეტა თეორიაა. ის განმარტავს, თუ რატომ არიან ადამიანები ასე დარწმუნებულები, რომ ჩვენ ჩვენს თავში გვაქვს ცნობიერების არა-ფიზიკური წარმონაქმნი. ეს თეორია ამბობს, რომ სინამდვილეში ტვინი არ წარმოშობს არა-ფიზიკურ წარმონაქმნებს — ის ინფორმაციას გადაამუშავებს. მაგრამ ინფორმაცია, რომელსაც ის შეიცავს, იშვიათადაა სრულიად უშეცდომო. ტვინი დახელოვნებულია სწრაფ ესკიზებში, რომლებშიც იგი გამოტოვებს დეტალებს და აღბეჭდავს ზოგად სურათს. როდესაც დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენს თავში გვაქვს სუბიექტური წარმონაქმნი, ეს მტკიცება ეფუძნება ტვინში აგებულ ინფორმაციას. ეს რამდენადმე ჰგავს ავტოპორტრეტს; და ტვინის ავტოპორტრეტი არ არის გამაოგნებლად ზუსტი. ასე წარმოიშობა არა-ფიზიკური ცნობიერების შესახებ ჩვენი შეხედულება.

ტვინი უზარმაზარი გამოთვლითი ძალის მქონე მანქანაა, რომელსაც შეუძლია ამ ძალის ფოკუსირება აზრებზე და ობიექტებზე, ხოლო საკუთარ თავის ავტოპორტრეტში ის "ხედავს" თავის თავს როგორც ცნობიერების ღრუბლისმაგვარ წარმონაქმნს.

ხომ არ აგვიხსნიდით ყურადღების გამოთვლით არსს კიბორჩხალის თვალის მაგალითზე?

კიბორჩხალის თვალი წარმოადგენს ყურადღების ყველაზე პრიმიტიული ფორმის კარგად შესწავლილ მაგალითს. ყურადღება არის უნარი, ამოარჩიო სამყაროს ერთი თვისება და მასზე ფოკუსირდე გარემომცველი სამყაროს სხვა ასპექტების დამუშავების ხარჯზე. ნეირონული წრედები კიბორჩხალის თვალში ისეა აგებული, რომ ამოკრიფოს მკაფიო ლაქები და მკვეთრი კონტრასტები ვიზუალურ სამყაროში და გააძლიეროს ისინი. ეს წარმოადგენს ყურადღების არსს. ჩვენი ტვინი შეიცავს ყურადღების გაცილებით უფრო რთულ ვერსიას, იგი აძლიერებს ზოგ აზრს და აღქმას დანარჩენების ხარჯზე. მაგრამ, თავის საფუძველში, ტვინი იყენებს ისეთივე ნეირონულ ხრიკებს და მექანიზმებს, როგორსაც კიბორჩხალის თვალი.

ბევრ, შედარებით პრიმიტიულ ცხოველში ყურადღების გაკონტროლების ფუნქციას ტვინის ერთ-ერთი ქსოვილი, ტექტუმი ასრულებს, რომელიც შეუფარავ ყურადღებას მართავს. ის ყველა ხერხემლიანს — თევზებს ქვეწარმავლებს და ძუძუმწოვრებს აქვს, მაგრამ არ გვხვდება არცერთ უხერხემლოში. ამასთან, ქვეწარმავლებში და ფრინველებში თანდათან განვითარდა ტექტუმზე უფრო რთული ცენტრალური სტრუქტურა — ვულსტი (wulst), ხოლო ძუძუმწოვრებში ტვინის ქერქი. რა ფუნდამენტური განსხვავებაა ტვინის ქერქის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და ევოლუციურად გაცილებით ძველ, პრიმიტიულ ცენტრალურ პროცესორებს შორის, როგორიცაა ტექტუმი?

ყურადღება მრავალი მილიონი წლის განმავლობაში განიცდიდა ევოლუციას. კიბორჩხალის თვალი იყენებს ყურადღების ძალიან მარტივ ვერსიას, ამოკრეფს ვიზუალური სამყაროს ზოგიერთ ასპექტს და უგულებელყოფს დანარჩენებს. ყურადღების სირთულეში წინ გადადგმული ნაბიჯია თევზების და ბაყაყების ყურადღება. ეს ცხოველები ეყრდნობიან ტვინის სტრუქტურას, რომელსაც ტექტუმი ეწოდება; იგი იღებს სენსორულ ინფორმაციას და კოორდინაციას უწევს მოძრაობას. კერძოდ, ტექტუმის მეშვეობით, ცხოველი შეტრიალდება მოვლენისკენ, რომელიც სამყაროშია გამოკვეთილი. უეცარი მოძრაობის, ან ვიბრაცის, ან რხევის, ან ხმის შედეგად თევზი მისკენ შეტრიალდება და შეხედავს მას. ეს შეტრიალება და შეხედვა ყურადღების ერთ-ერთი სახეთაგანია. ის იწვევს ცხოველის ფოკუსირებას სამყაროს ერთ ნაწილზე, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, მიზანში ამოიღოს ის, რაც იმ მომენტში მნიშვნელოვანია.

ჩვენი ტვინი რეალური სამყაროს კარიკატურებს აგებს. ეს კარიკატურა არის გამარტივებული, გაზვიადებული, მაგრამ — ძირითადში ზუსტი.

ძუძუმწოვრების ტვინის ქერქი წარმოადგენს კიდევ ერთ ნახტომს ყურადღების გართულებისკენ. ჩვენ შეგვიძლია ყურადღების ფოკუსირება რაღაცაზე მაშინაც, როცა მას პირდაპირ არ ვუყურებთ. ჩვენ გვაქვს შეფარული ყურადღება. მე შეიძლება პირდაპირ გიყურებდე შენ, თუმცა მთელი ჩემი ყურადღება შეფარვით ფოკუსირებული იყოს სხვა რამეზე — ვთქვათ, დიალოგზე, რომელსაც ჩემ უკან მოვკარი ყური. ან შეიძლება ჩავცქეროდე წიგნს, რომელსაც ვკითხულობ, და მაინც არ ვაქცევდე მას ყურადღებას — ჩემი გონება ამ დროს შორს, რაღაც შინაგან ფიქრებზე ფოკუსირებული იყოს. შეფარული ყურადღება შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ტვინს — კერძოდ, მის ქერქს — რომ ყურადღების ფოკუსში მოვაქციოთ იმ მომენტში რაღაც მნიშვნელოვანი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის რაღაც უშუალოდ ჩვენ თვალწინ არ იმყოფება.

ყურადღების სქემის თქვენი თეორიის მიხედვით, რა ხდება მაშინ, როდესაც სოციალური ურთიერთქმედებისას ყურადღების სქემა (ცნობიერება) რამენაირად გაზიარებულია ცნობიერ სუბიექტებს შორის?

ყურადღების სქემის იდეა ისაა, რომ ევოლუციის გარკვეულ მომენტში ჩვენს ტვინს ჰქონდა არა მხოლოდ ყურადღების უნარი — რესურსების ფოკუსირების შესაძლებლობა იმ მომენტში რაღაც მნიშვნელოვანზე — არამედ, ამასთანავე, ის შეუდგა თავისივე მოქმედების ესკიზის ან პორტრეტის აგებას. ეს არის მონახაზი, რომელსაც მივყავართ აზრამდე, რომ "ჩემში არის გონება როგორც წარმონაქმნი" და მას შეუძლია მოიხელთოს, გააცნობიეროს რაღაცები ჩემში ან ჩემ გარშემო არსებულ სამყაროში. ევოლუციის გარკვეულ მომენტში, როდესაც ცხოველები უფრო სოციალურად გონიერები გახდნენ, შესაძლებელი შეიქნა ამგვარი ესკიზის მისადაგება სხვებზეც. ჩვენ ცნობიერებას სხვებს მივაწერთ. რაც, შესაძლოა, დაიწყო როგორც ავტოპორტრეტი ან მეს მოდელი და ისე გაფართოვდა, რომ მოეცვა ჩვენ გარშემო სხვა სუბიექტების მოდელები. ამით კი შესაძლებლობა მოგვეცა, სოციალურად გონიერები გავმხდარიყავით.

რა საფუძველი აქვს იმას, რომ საფეთქელთხემის შეერთება გამოიყოს როგორც ტვინის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად მონაწილეობს ცნობიერების წარმოქმნაში?

ნეირომეცნიერულმა კვლევამ მიუთითა ტვინის სპეციფიკურ სისტემაზე, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას ცნობიერების შესახებ — სხვა ადამიანების ცნობიერების მდგომარეობაზე და ტვინის საკუთარი ცნობიერების მდგომარეობის შესახებ.

ადამიანის გონების ატვირთვა მხოლოდ ტექნოლოგიების გაუმჯობესების და განვითარების საკითხია. მე არ ვიცი, ეს კარგია თუ არა, ან იქნება თუ არა მისი ეთიკური შედეგები კატასტროფული. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია.

ზუსტად ისე, როგორც არსებობს სისტემა, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას ფერების შესახებ, ასევე არის სისტემა, რომელიც გონების შესახებ ფიქრზეა დახელოვნებული — იქნება ეს სხვების თუ მავანის საკუთარი გონება.

ეს სისტემა შეიცავს ტვინის ერთმანეთთან დაკავშირებულ და გამუდმებულ ურთიერთქმედებაში მყოფ მრავალ რეგიონს. ამ სისტემაში ერთ-ერთი უდიდესი და ცენტრალური ტვინის რეგიონი საფეთქელთხემის შეერთებაა. ის ტვინში ყურებიდან 2.5 სანტიმეტრით მაღლა და თავის ქალას ზედაპირიდან ამდენადვე ღრმად მდებარეობს — თითო ცალი ტვინის ორივე მხარეს. სავარაუდოდ, ადამიანებში მაინც, სწორედ ეს რეგიონი თამაშობს როლს თავისი თავისთვის და სხვებისთვის ცნობიერების მიწერაში.

შეგიძლიათ, მოიხმოთ რამდენიმე ისეთი უზუსტობის მაგალითი, რომელიც ჩვენში ევოლუციურად ჩაშენებულ მოდელს ახასიათებს?

ტვინი მიდრეკილია თავისი სამყაროს არაზუსტი აღწერების ან მოდელების აგებისკენ. ეს უზუსტობები პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით — შენ არ გჭირდება ტვინი, რომელიც სრულყოფილად, დეტალურად აღადგენს სამყაროს. სხვაგვარად, პლანეტისხელა ტვინი დაგჭირდებოდა და ის შენ გარშემო არსებული რეალობის საფუძვლების აღქმას დროის უმცირესი მონაკვეთების ნაცვლად რამდენიმე საათს მოუნდებოდა. ტვინი ქმნის გამოსადეგ, ნაყოფიერ მოდელებს. ამისერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია მხედველობის სისტემის მიერ ფერის, განსაკუთრებით თეთრი ფერის დამუშავება. თეთრი ფერი არის ელექტრომაგნიტური სპექტრის ერთ ნაწილში შემავალი ყველა სიგრძის ტალღის რთული ნაზავი. მაგრამ ჩვენმა მხედველობის სისტემება განივითარეს უფრო მარტივი ვარიანტი: თეთრი წარმოდგენილია როგორც სუფთა მანათობელი, შენარევების გარეშე. თეთრს ჩვენ ვხედავთ როგორც სუფთას, წმინდას და შეუმღვრეველს, მაგრამ იგი სინამდვილეში ზუსტად ამის საპირისპიროა. ეს იმის შედეგია, რომ გვაქვს არაზუსტი, მაგრამ გამოსადეგი მოდელი.

ფოტო: Shutterstcok

ზოგადად, რამდენად სარწმუნოა კავშირი ობიექტურ რეალობასა და მის ცნობიერ გამოსახვას შორის?

ტვინი ნამდვილად აღადგენს რეალობას და ეს რეკონსტრუქცია ნამდვილად არაა სრულიად ზუსტი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ძალიან აცდენილია რეალობს. ჩვენ ვცხოვრობთ სიმულირებულ რეალობაში, რომელსაც ჩვენი შინაგანი ქსელები ამარაგებს ინფორმაციით, და ეს სიმულირებული რეალობა, ჩვეულებრივ, საკმაოდ კარგად შეესაბამება გარშემო სამყაროს. ჩვენ ვხედავთ სკამისნაირ მყარ ობიექტს. კვანტური ფიზიკა გვეუბნება, რომ ეს ბუნდოვანი კვანტური ნისლია და არა ის, რაც ჩვენ გვგონია, მაგრამ რაღაც მართლაც არის ჩვენ თვალწინ და ჩვენ მასთან ფიზიკური ურთიერთობა შეგვიძლია. იდეა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გამოგონილ კონსტრუქციაში და არაფერი ვიცით რეალური სამყაროს შესახებ, ძალიან გადაჭარბებულია. შესაძლოა ამის გამოსახატად საუკეთესო გზა იყოს იმის თქმა, რომ ტვინი აგებს რეალური სამყაროს კარიკატურებს. კარიკატურა არის გამარტივებული, გაზვიადებული, მაგრამ ძირითადში ზუსტი.

ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, თუ რატომ ხართ "აბსოლუტურად დარწმუნებული", რომ საბოლოოდ გონება კომპიუტერში აიტვირთება? როდის იქნება ეს პრაქტიკულად შესაძლებელი?

გონება ტვინში არსებული ტრილიონობით ინფორმაციის მუდმივად ცვალებადი ნაკადია. და ტვინი არის წარმოუდგენლად რთული მასიური გამომთვლელი ქსელი. არ არსებობს ფიზიკის ფუნდამენტური კანონები, რომლებიც დაგვიშლიდა ამ უზარმაზარი მანქანის ასლის გაკეთებას. ბევრი ადამიანი თავაუღებლად მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად. არ მგონია, რომ ამას მალე მივაღწევთ — ტექნიკური დაბრკოლებები, განსაკუთრებით ცოცხალი ადამიანის ტვინში სათანადო ინფორმაციის სკანირება, ამჟამინდელი ტექნოლოგიების შესაძლებლობის მიღმაა. თუმცა მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ეს რამდენიმე ასეული წლის შემდეგ. თუ იქამდე შევძლებთ, გადავრჩეთ როგორც სახეობა და არ ჩავაგდებთ ჩვენ თავს ქვის ხანაში, გონების ატვირთვა გარდაუვალია.

ეს პროცესი, სავარაუდოდ, მარტივი ცხოველებიდან დაიწყება. მეცნიერებმა უკვე შეადგინეს რგოლოვანი ჭიების და ხილის ბუზის ტვინის ყველა ნეირონის რუკა. მომდევნო რამდენიმე ათწლეულში ვინმე ააგებს ხელოვნური ჭიის ტვინს და მოათავსებს მას ვიდეოთამაშში სიმულირებული ჭიის სხეულში, სიმულირებულ სამყაროში, და ჩვენ გვექნება ციფრულ სამყაროში ატვირთული ჭიები, რომლებიც დახოხავენ და აკეთებენ იმას, რაც ჭიას მოეთხოვება. ამ პრინციპული დადასტურდების შემდეგ ადამიანის გონების ატვირთვა მხოლოდ ტექნოლოგიების გაუმჯობესების და განვითარების საკითხი იქნება. მე არ ვიცი, ეს კარგია თუ არა, ან იქნება თუ არა მისი ეთიკური შედეგები კატასტროფული. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია.

ფოტო: Columbia Pictures

რომელი ძირითადი ტექნიკური კომპონენტებია აუცილებელი გონების ატვირთვისთვის?

გონების ატვირთვისთვის აუცილებელი ზოგიერთი კომპონენტი უკვე გვაქვს. ტვინის ფუნქციის ბევრი ასპექტის ხელოვნური სიმულირება შესაძლებელია. სიმულირებული ნეირონები, სიმულირებული ქიმიური ურთიერთქმედებები, სიმულირებული სხეულები და კუნთები — ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია, რაც რეალურია. მილიონობით ნეირონის მქონე ხელოვნური ტვინის შექმნა უკვე შესაძლებელია. მაგრამ ადამიანის ზომის 86 მილიარდ-ნეირონიანი ტვინის მასშტაბზე ამის გაკეთება ჯერ მიუწვდომელია.

თუმცა ყველაზე დიდი სირთულე საჭირო ინფორმაციის სკანირებაა. დღეისთვის არ არსებობს სკანირების ისეთი ხელსაწყოები, რომლებსაც შეუძლია აუცილებელი სტრუქტურული ინფორმაციის აღბეჭდვა, რათა პიროვნების მოქმედი დუპლიკატი შეიქმნას. ეს ტიტანური ამოცანაა. ამ დაბრკოლების გამო, ვფიქრობ, დღეს ცოცხლებიდან ვერავინ მოესწრება ადამიანის გონების ატვირთვის ტექნოლოგიას. ამის გაკეთებას დიდი დრო დასჭირდება და იგი დამოკიდებული იქნება კომპიუტერულ და სკანირების ტექნოლოგიებზე, რომლებიც ჯერ არ არის გამოგონებული.

დასასრულს, ჩემი მეგობარი, ფილოსოფოსი მამუკა ლეკიაშვილი მადლობელი იქნება, თუ იტყვით, რამდენად დარჩება თქვენი თეორია ფიზიკის და ბიოლოგიის კონვენციურ ჩარჩოებში — იქნება თუ არა ის დაზღვეული და დაცული ისეთი ეგზოტიკური რამისგან, როგორიცაა პანფსიქიზმი, რომლითაც დაავადებულია ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია (IIT)?

ცნობიერების თეორიები, ძირითადად, ორი ტიპისაა. ერთს მე ვუწოდებ ჯადოქრულ თეორიებს, მეორეა მექანისტური თეორიები. ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია ჯადოქრული თეორიაა. დღემდე თეორიების უმეტესობა უშვებდა, რომ ჩვენში არის რაღაც ჯადოსნური. ის თვითონ არ არის ფიზიკური საგანი; ის, უბრალოდ, არსებობს, დაცურავსავით, შედგება სუბიექტური აღქმებისგან თავისი თავის და სამყაროს შესახებ. როგორ შეიქმნა ის? თუ ის ელემენტარული თვისებაა, რომელიც სულ არსებობდა? თეორიები, რომლებიც ცდილობენ პასუხი გასცენ ამ კითხვებს, თავიდანვე უშვებენ ჯადოქრობის არსებობას. ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია მიიჩნევს, რომ ბევრი ინფორმაციის გაერთიანება, ინტეგრირება ამ ჯადოქრობის წარმოშობას გამოიწვევს. სხვა მსგავს თეორიებს აქვთ იმის განსხვავებული ახსნები, თუ რა იწვევს ჯადოქრობას. ეს თეორიები ფუნდამენტურად არამეცნიერულია და განწირულია მარცხისთვის მათი საბაზისო დაშვების გამო. ეს ადამიანები, რომლებიც სხვა მხრივ სრულიად რაციონალურად სჯიან, სულელური დაშვების მსხვრეპლნი ხდებიან და თავს აჯერებენ ისეთ წარმოდგენაში, როგორიც პანფსიქიზმია (რომლის მიხედვითაც, ყველაფერს სამყაროში — ქვებს, კარტოფილებს, გალაქტიკებს, ამებებს — აქვს ცნობიერება).

ამის საპირისპიროდ, ყურადღების სქემის თეორია შედარებით ახალი ტიპის თეორიაა, რომელიც სვამს კითხვას: რატომ ჰგონია ტვინს, რომ მასში ჯადოქრობაა? აქვს თუ არა ამ ავტოკარიკატურას ადაპტაციური გამოყენება? ეს შეკითხვები ბიოლოგიურ მანქანაში რთული ინფორმაციის დამუშავებას ეხება. მათ მეცნიერულად უნდა მივუდგეთ და გვერდი ავუაროთ ირაციონალურ და სულელურ იდეებს, რომლებიც გავრცელებულია ცნობიერების აკადემიური კვლევის სამყაროში.

როგორც იქნა, ჩვენ შეგვიძლია მეცნიერული პროგრესის მიღწევა და იმის რეალურად გაგება, თუ რა ხდება ჩვენს თავებში — არა მხოლოდ ფილოსოფიური და მისტიკური, არამედ ისეთი უაღრესად პრაგმატული, საინჟინრო მიზნებისთვის, როგორიც ხელოვნური ინტელექტის შექმნაა. ჩვენი სახეობის ისტორიაში წყალგამყოფი იქნება ის მომენტი, როცა ჩვენ ცნობიერებას საიმისოდ საკმარისად გავიბეთ, რომ მისი აგება შევძლოთ.