შეგვიძლია მივხვდეთ, როდის გვატყუებენ?
მატყუარას მზერით ამოცნობა არცთუ ადვილია. თუმცა ფსიქოლოგები სხვა ტექნიკებს გვთავაზობენ, რომლებიც, შესაძლოა, მართლაც გამოგვადგეს იმის შემჩნევაში, როცა ვიღაც სიმართლეს არ გვეუბნება.
როცა ლონგ-აილენდის არეულ სახლში 17 წლის მარტი ტენკლიფმა დედა სასიკვდილოდ დაჭრილი, ხოლო მამა სიკვდილამდე ნაცემი იპოვა, პოლიციას მოზარდის სიმშვიდე საეჭვოდ მოეჩვენა. სასამართლომაც არ დაიჯერა მისი უდანაშაულობა და მარტი მკვლელობებისთვის 17 წლით ჩასვეს ციხეში.
სხვა შემთხვევაში, ამის საპირისპიროდ, დეტექტივებმა მიიჩნიეს, რომ 16 წლის ჯეფრი დესკოვჩი გაგუდვით მოკლული კლასელის აღმოჩენის შემდეგ საეჭვოდ ანერვიულებული ჩანდა და, ამასთან, პოლიციის დასახმარებლად ზედმეტ ძალისხმევას იჩენდა. ამ მოზარდსაც ტყუილში დასდეს ბრალი, მკვლელობის ჩამდენად შერაცხეს და ის დანაშაულისთვის 16 წელი იჯდა ციხეში.
პირველი ადამიანი ზედმეტად უემოციო იყო, ხოლო მეორე — ზედმეტად ემოციური. როგორაა შესაძლებელი, რომ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქცევა დაფარული დანაშაულის მთავარ მამხილებელ მტკიცებულებად იქცეს?
"არანაირად", — პასუხობს ამ კითხვას ფსიქოლოგი მარია ჰარტვიგი, რომელიც სიცრუის ფენომენს იკვლევს. და ის მართალია: სინამდვილეში, ზემოხსენებული "დამნაშავეები", რომლებიც შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს, საყოველთაოდ გავრცელებული არასწორი შეხედულების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ; შეხედულებისა, რომელიც ჯიუტად ამტკიცებს, რომ მატყუარას ამოცნობა მისი ქცევის საფუძველზე შეგვიძლია. სხვადასხვა კულტურაში ადამიანებს სჯერათ, რომ ისეთი უცნაური ქცევები, როგორიც, მაგალითად, არიდებული მზერა, მოუსვენრობა ან ენის ბორძიკია, დამნაშავეს გასცემს.
სინამდვილეში, მეცნიერებს, რომლებიც კვლევებს ამ მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში აწარმოებენ, ამ მოსაზრების მართებულობა ჯერაც არ დაუმტკიცებიათ. "ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ სიცრუის მექანიზმის შესახებ ყველაფერი იციან. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც კვლევებისას ვაწყდებით. სიმართლის გარკვევისას დაშვებული შეცდომები საზოგადოებას ძვირად უჯდება. ადამიანები არასწორი განსჯის მსხვერპლნი ხდებიან. ამ შეცდომის საფასური კი ძალიან მაღალია", — ამბობს ჰარტვიგი, რომელიც სიცრუის არავერბალური ინდიკატორების შესახებ ჩატარებული კვლევის ავტორთაგანია. ამგვარი გადაჭარბებული თავდაჯერებულობა ხშირად სერიოზული სამართალდარღვევის საფუძველი ხდება — როგორც ეს ტენკლიფისა და დესკოვიჩის საქმის შემთხვევაში იყო.
ფსიქოლოგები უკვე დიდი ხნის წინ მიხვდნენ, რომ მატყუარას ამოცნობა რთული პროცესია. 2003 წელს ფსიქოლოგმა ბელა დეპაულომ თავის კოლეგებთან ერთად საკითხის გარშემო ზედმიწევნით შეისწავლა სამეცნიერო ლიტერატურა. ნაშრომები სულ 116 ექსპერიმენტს აჯამებდა და ტყუილისა და სიმართლის თქმის დროს ადამიანების ქცევებს ერთმანეთს ადარებდა. საბოლოო ჯამში, კვლევების საფუძველზე, სიცრუის ისეთი 102 შესაძლო არავერბალური ინდიკატორი გაანალიზდა, როგორიცაა არიდებულ მზერა, თვალების ხამხამი, ხმამაღალი ტონით საუბარი, მხრების აჩეჩვა და თავის, ხელების, მხრებისა და ფეხების უნებლიე მოძრაობები. სიცრუის განმსაზღვრელ სანდო ინდიკატორად არცერთი მათგანი არ იქნა მიჩნეული. თუმცა ზოგი მათგანი — მაგალითად, გაფართოებული გუგები და ხმის ტონის ადამიანის ყურისთვის შეუმჩნეველი ზრდა — ტყუილთან სუსტ კორელაციაში აღმოჩნდა.
სამი წლის შემდეგ დეპაულომ და ფსიქოლოგმა ჩარლზ ბონდმა 206 კვლევა განიხილეს, რომელშიც 24,483 დამკვირვებელი მონაწილეობდა და კომუნიკაციაში 4,435 ადამიანის სანდოობას ამოწმებდა. შემთხვევების 46%-ში ვერც პროფესიონალმა სამართლის ექსპერტებმა და ვერც მოხალისე სტუდენტებმა სიმართლის სიცრუისგან გარჩევა ვერ შეძლეს. ინდივიდუალური ექსპერიმენტებისას სიზუსტის მაჩვენებელი 31%-დან 73%-მდე მერყეობდა — მცირემასშტაბიანი კვლევებისას ეს მერყეობა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო. "იღბლის გავლენა მცირე კვლევებში უფრო იჩენს თავს. გაცილებით უფრო მასშტაბურ კვლევებში კი მაჩვენებელი 50%-ის სიახლოვესაა და უკეთ ჩანს, რომ ტყუილის ამოცნობა გამართლებაზეა", — ამბობს ბონდი.
სწორედ ეს ურთიერთგანსხვავებული რიცხვები, რომლებიც კვლევების მასშტაბურობაზეა დამოკიდებული, აჩვენებს, რომ ამ ექსპერიმენტებში სიზუსტე არ არსებობს. ყველაფერი შემთხვევითობებამდე შეიძლება დავიდეს. "რადგან აქამდე მნიშვნელოვანი კორელაციები ვერ ვიპოვეთ, შესაძლოა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი, უბრალოდ, არც არსებობენ", — ამბობს ფსიქოლოგი და მონაცემთა ანალიტიკოსი, ტიმოთი ლიუკი.
არსებობს გავრცელებული მითი, რომ ადამიანებს მატყუარების ამოცნობა მათი საუბრის მანერის ან ქცევის საფუძველზე შეგვიძლია. თუმცა, როდესაც მეცნიერები მათ თვალწინ არსებულ მტკიცებულებებს დააკვირდნენ, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის კონკრეტულ ქცევებს ტყუილ-მართალთან ძალიან იშვიათად აქვს კავშირი. ის ქცევებიც კი, რომლებიც სტატისტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან სამხილად იყო მიჩნეული, ადამიანის დასადანაშაულებლად საკმარისად სანდო ინდიკატორი არ აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, პოლიციის ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ ექსპერიმენტები რეალიზმს არის მოკლებული. მართლაც, მოხალისეები და კრიმინალები სრულიად სხვადასხვა სიტუაციაში არიან. მოხალისეები, ძირითადად, სტუდენტები არიან ხოლმე და მათ ლაბორატორიებში სიცრუის ან სიმართლის თქმას ისე ავალებენ, რომ შედეგად არაფერი ემუქრებათ. მათი გამოცდილება არასდროს იქნება იმ დამნაშავეების გამოცდილების მსგავსი, რომლებსაც დასაკითხ ოთახში ან მოწმის ტრიბუნასთან უწევთ დგომა. "ცდისპირ დამნაშავეებს არაფერი აქვთ დასაკარგი. სიტუაცია გათამაშებულია, მათ დამაჯერებლად მოტყუებისთვის ძლიერი მოტივაცია არ გააჩნიათ", — ამბობს ჯოზეფ ბაკლი, რომლის კომპანიაც ყოველწლიურად ათასობით სამართალდამცავს სიცრუის ამოცნობაში წვრთნის.
ფსიქოლოგი სამანტა მენი ფიქრობს, რომ პოლიციის მხრიდან მსგავს უსაფუძვლო კრიტიკას 20 წლის წინაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. იმ დროისთვის მენი სიცრუის შესახებ კვლევას აწარმოებდა. საკითხის უფრო სიღრმისეულად შესასწავლად, მან და მისმა კოლეგა ელდერტ ვრიჯმა სერიული მკვლელის ვიდეოკასეტაზე ჩაწერილ რამდენიმესაათიან დაკითხვას უყურეს და მისი ნალაპარაკებიდან სამ-სამი იმ დროისთვის უკვე დასაბუთებული სიმართლე და ტყუილი აარჩიეს. ამის შემდეგ მენმა 65 ოფიცერს ეს ექვსი განცხადება აჩვენა და მათგან სიმართლისა და სიცრუის გარჩევა დაავალა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენება გერმანულ ენაზე იყო, ოფიცრებმა დასკვნები მთლიანად არავერბალური ნიშნების საფუძველზე გამოიტანეს.
ოფიცრების შეფასება 64% შემთხვევაში აღმოჩნდა სწორი — ეს შემთხვევითობაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მენისთვის ეს პროცენტი მაინც არაა დამაკმაყოფილებელი. თანაც, ის ოფიცრები, რომლებმაც უფრო ცუდი შედეგი აჩვენეს, უმთავრესად ისეთ არავერბალურ სტერეოტიპებს ეყრდნობოდნენ, როგორებიცაა — "მატყუარა თვალს გარიდებს" ან "მატყუარას მოუსვენრობა ეტყობა". სინამდვილეში, მკვლელი თვალის კონტაქტსა და გარეგნულ სიმშვიდეს მთელი დაკითხვის განმავლობაში ინარჩუნებდა. "ეჭვი არ არის იმაში, რომ ეს ადამიანი ძალიან ნერვიულობდა", — ამბობს მენი. თუმცა, მან საკუთარი ქმედებები სტრატეგიულად სწორედ სტერეოტიპების ხარჯზე გააკონტროლა.
შემდეგ კვლევაში მენმა და ვრიჯმა მსგავსი ტიპის დავალება 52 გერმანელ ოფიცერს მისცეს. მათ იმ ადამიანების ჩვენებები უნდა განეხილათ, რომლებმაც საკუთარი ნათესავები დახოცეს, თუმცა ამას პრესასთან უარყოფდნენ. კვლევაში სწორედ პრესისთვის განკუთვნილი კონფერენციის ჩანაწერები მოხვდა. იმ ოფიცრებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ დამნაშავეების ემოციური მდგომარეობა წრფელი იყო, კვლევაში უფრო ცუდი შედეგი აჩვენეს. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? "თუ ქმარმა ცოლი მოკლა, რა თქმა უნდა, ის სინდისის ქენჯნის ან ციხეში ჩაჯდომის საშიშროების გამო, განერვიულებული იქნება. თუმცა, არავერბალური ქცევა ძალიან ინდივიდუალურია. თუ დასკვნას მხოლოდ ისეთ არავერბალური ქცევის საფუძველზე გამოვიტანთ, როგორიც ემოციების გამოვლენაა, აუცილებლად შეცდომას დავუშვებთ", — ამბობს მენი.
წლების შემდეგ ამ კვლევის შედეგების სისწორე ჰარტვიგმა და ბონდმა გაცილებით დიდ მასშტაბზე დაამტკიცეს. მათ ახალი კვლევისთვის ის ვრცელი ლიტერატურა მიმოიხილეს, რომელშიც ადამიანების მიერ მაღალრისკიანი და დაბალრისკიანი ტყუილების თქმის უნარი იყო ერთმანეთთან შედარებული. კვლევამ დაამტკიცა, რომ ადამიანებს დაკითხვაზე ან სასამართლოზე მყოფი ბრალდებულების ტყუილის ამოცნობა ისევე უჭირდათ, როგორც — ლაბორატორიებში მოხალისეების მიერ ნათქვამი სიცრუის.
ის, რასაც მალავენ
განხილულ კვლევებში სერიული მკვლელების და ცდისპირების შემთხვევაშიც ტყუილები წარმოთქმული იყო. 2019 წლის კვლევაში კი მენმა ის არავერბალური ქცევები განიხილა, რომლებსაც ხშირად ტერორისტები და კონტრაბანდისტები არალეგალური ქმედების შესანიღბად იყენებენ. მან უნივერსიტეტის 52 სტუდენტი მოხალისედ აიყვანა და მათ ნახევარს იმ ლეპტოპის ტრანსპორტირება დაავალა, რომელშიც, მისი თქმით, მაკომპრომეტირებელი ფოტომასალა ინახებოდა. მათი მთავარი მიზანი ხალხში გარევა და სიმშვიდის შენარჩუნება იყო. მოხალისეებმა იცოდნენ, რომ მათ ამოცნობას შეეცდებოდნენ. ცდისპირების მეორე ნახევარს კი ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის ტრანსპორტირება განსაკუთრებული ინსტრუქციების გარეშე დაევალა.
მენმა სხვა 104 მოხალისეს ლეპტოპის ტრანსპორტირების ვიდეოჩანაწერი აჩვენა და მათ "კონტრაბანდისტების" ამოცნობა სთხოვა. შედეგები არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა — ამოცნობის კოეფიციენტი შემთხვევითობის ტოლი იყო. ექსპერიმენტის შემდგომ გასაუბრებაში "კონტრაბანდისტებმა" აღნიშნეს, რომ ძალიან ნერვიულობდნენ, თუმცა სიმშვიდის შენარჩუნებას ისეთი ტაქტიკებით ცდილობდნენ, როგორიც, მაგალითად, მუსიკის მოსმენა ან ტელეფონში ყურებაა.
მენმა ფსონები გაზარდა. მან 60 ახალ მოხალისეს რუსული, ეგვიპტური და კორეული ფულის ბანკნოტების ფარულად გადატანა დაავალა. მოხალისეების მეორე ნაწილს კი არაფერი არ გადაჰქონდა. თუმცა, ამჯერად, მენმა ბორანზე, სადაც მოხალისეები დავალებას ასრულებდნენ, ორი მკვლევარი გაგზავნა, რომელთაც ევალებოდათ, აქეთ-იქით ევლოთ, მგზავრებს დაკვირვებოდნენ და ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს გამვლელთა სახეებს თავიანთ მობილურებში არსებულ ფოტოებს ადარებდნენ.
ამჯერად ვიდეოზე "თაღლითები" 39.2%-მა ამოიცნო სწორად, რაც შემთხვევითობაზე გაცილებით დაბალი მაჩვენებელია. ამის მიზეზი კი, მენის თქმით, ის იყო, რომ "თაღლითები" ნორმალურად მოსაქცევად დიდ ძალისხმევას გამუდმებით იჩენდნენ; ამ დროს კი "უდანაშაულო" მოხალისეები ბუნებრივად იქცეოდნენ ძალდაუტანებლად, ამიტომ როცა ბორანზე მოულოდნელი დამკვირვებლები აღმოაჩინეს, დაუფარავად გაუკვირდათ. ვიდეოჩანაწერის მაყურებლებმა სწორედ ეს გაკვირვება შეაფასეს დამნაშავეობის საბუთად.
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, როლანდ ფიშერის თქმით, ტყუილის ფენომენის შემსწავლელ კვლევებში აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თაღლითებს ნერვიულობის დამალვა კარგად შეუძლიათ. "ადამიანის შინაგან ემოციურ მდგომარეობასა და მის გარეგნულ მახასიათებლებს ერთმანეთთან ძალიან ცოტა კვლევა ადარებს. საქმე ისაა, რომ მატყუარები ყოველთვის კი ნერვიულობენ, თუმცა ეს შინაგანი გრძნობაა: დამკვირვებლის მზერის ქვეშ ისინი აბსოლუტურად განსხვავებულად იქცევიან", — ამბობს ფიშერი, რომელიც FBI-ის აგენტებს წვრთნის.
ამგვარმა კვლევებმა მეცნიერებს დამნაშავის არავერბალური ინდიკატორების დახმარებით ამოცნობაზე უარი ათქმევინა. მაგრამ არსებობს სხვა გზა, რომელიც მატყუარას ამოცნობაში დაგვეხმარება? დღესდღეობით ფსიქოლოგები დამნაშავეების ამოცნობას ვერბალურ მინიშნებებზე დაკვირვებით ცდილობენ — კერძოდ, იმ განსხვავებებს გამოკვეთენ, რომლებიც ტყუილის და სიმართლის მთქმელთა საუბარში შეინიშნება.
მაგალითად, დამკითხავს შეუძლია, რომ გარკვეულ მტკიცებულებებზე რაღაც პერიოდი ხმა არ ამოიღოს, რაც ბრალდებულს თავს უფრო თავისუფლად აგრძნობინებს. ამან კი მატყუარას ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების თქმისკენ შეიძლება უბიძგოს. ერთ-ერთ ექსპერიმენტში ჰარტვიგმა 41 მომავალ პოლიციელს ეს ტექნიკა ასწავლა. შედეგად, დამნაშავე 85%-მა სწორად ამოიცნო. იმ 41 მომავალი ოფიცრის შედეგი კი, რომლებსაც ჯერ აღნიშნული ტექნიკა არ ჰქონდათ ნასწავლი, 55% იყო. "სიზუსტის მაჩვენებელში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება", — ამბობს ჰარტვიგი.
დაკითხვის კიდევ ერთი ტექნიკა სივრცული მეხსიერების ჩართვას გულისხმობს. ამ დროს ეჭვმიტანილებსა და თვითმხილველებს დანაშაულის ან იმ სცენის დახატვა ევალებათ, რომელიც მათ ალიბის დაამტკიცებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დავალება გონებაში მოგონების უფრო ზუსტად გამოხმობას უწყობს ხელს, უდანაშაულო ადამიანები, როგორც წესი, უფრო დეტალურ სცენებს ხატავენ. გასულ წელს მენმა და მისმა კოლეგებმა სიმულირებული ჯაშუშური მისიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნეს. ექსპერიმენტის ფარგლებში 122 მონაწილე სკოლის კაფეტერიაში "აგენტს" ხვდებოდა, რომელიც მას კოდს უცვლიდა და შემდეგ შეფუთვას აწვდიდა. იმ მონაწილეებმა, რომლებსაც მომხდარის დაუფარავად აღწერა დაევალათ, სიტუაციის 76%-ით უფრო დეტალური ნახატი წარმოადგინეს, ვიდრე მათ, ვისაც შეფუთვის გადაცემის პროცესის საიდუმლოდ დამალვა დაევალა. "ჩანახატის გაკეთებით შენს გონებაში მოვლენას აცოცხლებ. ამიტომ ეს პროცესი ადამიანებს მეხსიერების აღდგენაში ეხმარება", — ამბობს ფსიქოლოგი და კვლევის თანამონაწილე, ჰანინ დიბი.
ექსპერიმენტი ბრიტანეთის პოლიციის დახმარებით შემუშავდა, რომელიც ამ სახის დაკითხვებს რეგულარულად აწარმოებს. პოლიცია ფსიქოლოგ მკვლევრებთანაც აქტიურად მუშაობს, რათა დაკითხვაზე უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი დაცული იყოს. დაკითხვის ამ ხერხმა დადანაშაულების ტექნიკა 1980-90-იან წლებში ჩაანაცვლა — მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეცდომით გასამართლებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.
ნელი ნაბიჯით ცვლილებისკენ
აი, აშშ-ში კი ამგვარი რეფორმები, რომლებიც სამეცნიერო კვლევებზეა დაფუძნებული, ჯერაც არ გატარებულა. მაგალითად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი აეროპორტის მგზავრების დაკითხვისას ტყუილის არავერბალურ ინდიკატორებს ისევ ეყრდნობა. სააგენტოს გასაიდუმლოებული ბიჰევიორული სკრინინგის გზამკვლევი ოფიცრებს ასწავლის, რომ მათ დამნაშავეები არიდებული მზერის (რაც ზოგიერთ კულტურაში პატივისცემის გამოხატულებად ითვლება), დაჟინებული მზერის, თვალების სწრაფი ხამხამის, უკმაყოფილების გამოხატვის, სტვენის, გადამეტებული მთქნარების, საუბრისას პირის დაფარვის, ზედმეტი ნერვიულობის ან საკუთარ სხეულზე ხელების ხშირი შეხების საფუძველზე უნდა ამოიცნონ. კვლევებით დამტკიცდა, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი ქცევითი ინდიკატორი ტყუილის ამოცნობის პროცესში უმნიშვნელოა.
როცა აგენტები ამგვარ ბუნდოვან მაჩვენებლებს ენდობიან, გასაკვირი არ არის, რომ 2015-2018 წლებში საჩივარი 2,251 მგზავრმა დაწერა. მათი თქმით, ოფიცრები მათ ეროვნებაზე, რასაზე, ეთნოსზე ან სხვა მსგავს ნიშნებზე დაყრდნობით აცალკევებდნენ. 2013 წელს კონგრესმა ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადმინისტრაციის (TSA) მეთოდები გულდასმით შეისწავლა. აშშ-ის სახელმწიფო აუდიტურმა უწყებამ, რომელიც სახელმწიფო პროგრამებს აფასებს, ეჭვმიტანილის ბიჰევიორული სკრინინგის მეთოდი მეცნიერულად შეამოწმა და ის არაკომპეტენტურად სცნო. მათ ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადმინისტრაციას ამ ტექნიკის გამოყენების შეზღუდვა ურჩიეს. შედეგად კი, ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ამ მეთოდით მომუშავე ოფიცრები შეამცირა და სიაში შესული ინდიკატორები 94-იდან 36 ერთეულამდე დაიყვანა. თუმცა სიაში ისეთი ნიშნები კვლავ გვხვდება, რომელსაც სამეცნიერო კვლევები მხარს არ უჭერს და როგორიც, მაგალითად, ჭარბოფლიანობაა.
2019 წელს მენმა, ჰარტვიგმა და კიდევ 49 მკვლევარმა ბიჰევიორული სკრინინგის მეთოდის სანდოობა კვლევებით შეამოწმეს. შედეგად დადგინდა, რომ მისი სამართალწარმოებაში გამოყენება არასწორი გადაწყვეტილებაა. ეს ფსევდომეცნიერული მიდგომაა, რომელიც "ადამიანების ცხოვრებასა და თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს".
ჰარტვიგი, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტ მარკ ფელონთან ერთად, გამომძიებლებისთვის ახალი, მეცნიერულ მიგნებებზე დაფუძნებული სამწვრთნელო გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. "პროგრესისკენ ძალიან ნელა ვდგამთ ნაბიჯებს", — ამბობს ფელონი. თუმცა, ის ასევე იმედოვნებს, რომ მომავალში გატარებული რეფორმები ადამიანებს უსამართლო განაჩენს თავიდან აარიდებს — ისეთ განაჩენს, რომელმაც ჯეფრი დესკოვიჩისა და მარტი ტენკლიფის ცხოვრება სრულიად უსამართლო გზით წაიყვანა.
ტენკლიფის მაგალითზე მატყუარების შესახებ არსებული სტერეოტიპების სიმყარე განსაკუთრებული სიცხადით დადასტურდა. საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად წარმოებული ძალიან ხანგრძლივი კამპანიის წარმატებით დასასრულებლად, ტენკლიფს, თავშეკავებულ და წიგნების მოყვარულ კაცს, შეცდომით გასამართლებული ადამიანის შესახებ "ახალი ნარატივის შესაქმნელად" ემოციების გამოხატვა უნდა ესწავლა. ამან იმუშავა — საზოგადოებამ მისი უდანაშაულობის ირწმუნა.
და მაინც, რატომ აღმოჩნდა ემოციების ჩვენება ამ პროცესში გარდამტეხი? შესაძლოა, იმიტომ, რომ ადამიანები ძალიან არაობიექტურები ვართ.
კომენტარები