ახალი კვლევის მიხედვით, აქამდე კლიმატის ცვლილების შედეგებს არასათანადოდ ვაფასებდით. კონკრეტულად — დადგინდა, რომ გლობალური დათბობა მსოფლიოს ეკონომიკას საკმაოდ ავნებს. მშპ-ზე (მთლიანი შიდა პროდუქტი) კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ ამ დრომდე არსებული პროგნოზები უმეტესწილად მსუბუქიდან ზომიერ ზიანზე მიუთითებდა. ამის გამო სათბურის აირების შემცირებას ნაკლებად ექცეოდა ყურადღება.

ხშირად მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ეკონომიკა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის ამინდზეა დამოკიდებული. რისკებში თითქმის არასდროსაა გათვალისწინებული, როგორ მოქმედებს ერთ ქვეყანაში მომხდარი წყალდიდობა სხვებისთვის საკვების მიწოდებაზე.

ახალი კვლევა ამ შეხედულების შესაცვლელად ჩატარდა. როდესაც ანალიზში ექსტრემალური ამინდის გლობალური შედეგები ჩართეს, მშპ-ზე მოსალოდნელი ზიანი ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ. ეს გავლენას დედამიწის ყველა ქვეყნის მოსახლეობაზე იქონიებს.

გლობალური დათბობა ეკონომიკას მრავალი გზით აზიანებს. ყველაზე თვალსაჩინო ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ზიანია. გვალვებს მოსავლის შემცირება შეუძლია, ხოლო შტორმებსა და წყალდიდობებს — მასშტაბური ნგრევა და საქონლის მიწოდების შეფერხება. ბოლო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებით გაძლიერებულმა თბურმა ტალღებმა საკვების ინფლაციას ხელი შეუწყო.

ფოტო: ScienceAlert

სიცხე მუშახელის პროდუქტიულობასაც ამცირებს. ის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს, დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს და შეიძლება, მასობრივი მიგრაციისა და კონფლიქტების მიზეზიც გახდეს.

ადრინდელი კვლევებით მიიჩნეოდა, რომ უკიდურესი 4°C-იანი დათბობაც კი საუკუნის ბოლოსთვის გლობალურ ეკონომიკაზე მხოლოდ ზომიერად ნეგატიურ გავლენას იქონიებდა — დაახლოებით 7-დან 23 პროცენტამდე. ასეთი ანალიზები, როგორც წესი, წარსულის ამინდის ეფექტებს ეყრდნობა. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კვლევა ადგილობრივ ან რეგიონულ მასშტაბზე ვრცელდებოდა. მოგვიანებით სხვა რეგიონებში არსებულმა პირობებმა მათი ზემოქმედება დააბალანსა.

მაგალითად, წარსულში, თუ სამხრეთ ამერიკაში გვალვა იყო, მსოფლიოს სხვა ნაწილებში უხვი ნალექი მოდიოდა. შესაბამისად, ამ რეგიონს შეეძლო, სხვა ქვეყნებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტით შიდა დეფიციტი შეევსო და საკვების ფასების მკვეთრი ზრდა აეცილებინა.

რაც შეეხება მომავალს, კლიმატის ცვლილება ერთდროულად სხვადასხვა ქვეყანაში ამინდის გაუარესების რისკს ზრდის. შესაძლოა, ეს დიდხანსაც გაგრძელდეს, რაც საქონლის წარმოებისა და მიწოდების ქსელებს დაარღვევს, ვაჭრობას შეაფერხებს და ქვეყნებს შორის ერთმანეთის დახმარების შესაძლებლობას შეამცირებს.

საერთაშორისო ვაჭრობა გლობალური ეკონომიკური წარმოებისთვის ფუნდამენტურ როლს ასრულებს. კვლევამ შეისწავლა, როგორ იმოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული ამინდის პირობები ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ ზრდაზე. ერთი რამ უკვე ნათელი გახდა — თბილი წელი მთელ პლანეტაზე გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირებას იწვევს. მკვლევრებმა სამი სხვადასხვა ანალიზი შეისწავლეს, რათა სახელმწიფო ეკონომიკებზე გლობალური ამინდის გავლენა სწორად შეეფასებინათ.

ფოტო: ScienceAlert

აღმოჩნდა, რომ თუ დედამიწა საუკუნის ბოლოსთვის 3°C-ზე მეტად გათბება, გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი 40 პროცენტამდე გაიზრდება. ამან შეიძლება, მსოფლიოს ბევრ ნაწილში ადამიანების საცხოვრებელი პირობები სერიოზულად შეცვალოს. ადრინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ცივი კლიმატის მქონე ქვეყნებისთვის (მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპა) გლობალური დათბობა უფრო მეტად სასარგებლო შეიძლება იყოს. ახალი მონაცემებით კი გლობალურ ეკონომიკაზე ზემოქმედება იმდენად მასშტაბურია, რომ ყველა ქვეყანა მძიმედ დაზარალდება.

ემისიების შემცირებას მოკლევადიანი ეკონომიკური ხარჯები მოჰყვება. ეს იმ გრძელვადიან სარგებელთან უნდა დაბალანსდეს, რომელიც კლიმატის ცვლილების თავიდან აცილებას მოაქვს. ბოლო ეკონომიკური ანალიზების მიხედვით, ემისიები ისე უნდა შემცირდეს, რომ დედამიწა მხოლოდ 2.7°C-ით გათბეს. ეს მაჩვენებელი პარიზის შეთანხმების მიზნებსა და მეცნიერების რეკომენდაციებს ბევრად აღემატება. გარდა ამისა, ის ზემოთ განხილულ მცდარ ვარაუდებს ეფუძნება. ახალი კვლევის მიხედვით, გლობალური დათბობის დასაშვები მაჩვენებელი 1.7°C არის. ეს პარიზის შეთანხმების ყველაზე ამბიციურ მიზანს მეტად შეესაბამება.

გლობალურ ეკონომიკაზე დათბობის ზემოქმედების შესახებ წინა პროგნოზები ძალიან ოპტიმისტური იყო. ეს კვლევა სხვა უახლეს მტკიცებულებებს დაემატება, რომლებიც ცხადყოფს, რომ ეკონომიკაზე კლიმატის ცვლილების გავლენა აქამდე სათანადოდ შეფასებული არ იყო.

ნათელია, რომ დედამიწის ამჟამინდელი ემისიების ტენდენცია რისკს ბევრ ადამიანს უქმნის. კაცობრიობა კლიმატის ცვლილებების რეალური საფრთხის შესახებ რაც უფრო მალე გაიგებს, მით მალე შეიძლება, რომ კურსი შეიცვალოს და საფრთხე თავიდან აირიდოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.