რძე ათასწლეულების განმავლობაში მრავალი კულტურის კვების რაციონის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი მნიშვნელობა და მოხმარების რაოდენობა განსხვავდება ინდივიდუალური საჭიროებების, დიეტური შეხედულებებისა და კულტურული ტრადიციების მიხედვით.

რძე შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, მათ შორის ცილებს, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს. ის ასევე მდიდარია ვიტამინებით B12 და A, რომლებიც მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირების, მხედველობისა და იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ის დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას, ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ რძეს შესაძლოა მავნე ზეგავლენაც ჰქონდეს ორგანიზმზე.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

რძე ორგანულ საკვებად მიიჩნევა. ის შეიცავს 22 აუცილებელი საკვები ნივთიერებიდან 18-ს. მას გავლენა აქვს ორგანიზმის სხვადასხვა რეგიონის ფუნქციონირებასა და სიჯანსაღეზე.

მეთეთის სამარხში (ეგვიპტე) აღმოჩენილი ნამუშევარი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 2350 წლით თარიღდება. როგორც ჩანს, რძე ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში სარგებლობდა პოპულარობით.

მეთეთის სამარხში (ეგვიპტე) აღმოჩენილი ნამუშევარი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 2350 წლით თარიღდება. როგორც ჩანს, რძე ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში სარგებლობდა პოპულარობით.

ფოტო: Getty

მადის კონტროლი

რძის დალევა არ არის დაკავშირებული წონის მატებასთან ან სიმსუქნესთან, მეტიც, შესაძლოა, ის მადასაც კი აქვეითებდეს. კვლევამ, რომელშიც 49 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ რძის პროდუქტები ადამიანებს უფრო დანაყრებულად აგრძნობინებდა თავს და მათ მიერ მოხმარებული ცხიმის რაოდენობა საგრძნობლად მცირდებოდა. გამოდის, რომ რძის პროდუქტების მოხმარება ხელს უშლის წონის მატებას.

ძვლების განვითარება

რძე ხელს უწყობს ბავშვებში წონისა და ძვლოვანი მასის ზრდას. 2015 წლის კვლევის მიხედვით, რძის მიღება ბავშვებში მოტეხილობების რისკს ამცირებს.

ამავე კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ ორსულ ქალებს, რომლებიც კალციუმით მდიდარ და ჯანსაღ დიეტას მისდევდნენ, უკეთესი ძვლოვანი ზრდითა და მასით გამორჩეული ბავშვები ეყოლათ, ვიდრე იმ ქალებს, რომლებიც ნაკლებად ჯანსაღად იკვებებოდნენ.

რძე ასევე შეიცავს ცილებს, რომლებიც აუცილებელია მყარი ძვლოვანი სისტემის, კბილებისა და კუნთების შენარჩუნებისთვის. ერთი ჭიქა რძე დაახლოებით 7-8 გრამ კაზეინსა და შრატის ცილას შეიცავს.

კბილების სიჯანსაღე

ერთი ჭიქა რძე უზრუნველყოფს ზრდასრულთათვის საჭირო კალციუმის ყოველდღიური ნორმის თითქმის 30%-ს. ის ასევე შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმს — მინერალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ძვლებისა და კბილებისთვის.

უმეტეს რძეს ვიტამინი D აქვს დამატებული. ერთი ჭიქა რძე უზრუნველყოფს რეკომენდებული დღიური რაოდენობის დაახლოებით 21%-ს. ვიტამინ D-ს ორგანიზმისთვის ბევრი ბენეფისი აქვს, მათ შორის ხელს უწყობს კალციუმის შეწოვასა და ძვლების მინერალიზაციას.

შაქრიანი დიაბეტის პრევენცია

ტიპი 2 დიაბეტი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სისხლში შაქრის მაღალი დონე. დიაბეტი გულის დაავადებების, თირკმლის დაავადებებისა და ინსულტის რისკს ზრდის. 2020 წელს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ნათქვამი იყო, რომ რძის პროდუქტებში არსებული ცხიმი შეიძლება სასარგებლო იყოს ტიპი 2 დიაბეტის პრევენციისთვის. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ რძის ცილები ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირებას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა

რძის ცხიმი შეიძლება "სასარგებლო" ქოლესტერინის (HDL) დონის ამაღლებას დაეხმაროს, რაც ხელს უწყობს გულის დაავადებებისა და ინსულტის პრევენციას.

გარდა ამისა, რძე კალიუმის კარგი წყაროა, რაც მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულირებისთვის. ბალახით ნასაზრდოები ძროხების რძე უფრო მეტ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და კონიუგირებულ ლინოლეინის მჟავას შეიცავს, რაც ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას.

სუდანელი ბიჭი ძროხას წველის მესაქონლეთა ბანაკში. საინტერესოა, რომ იმ ადგილებში სადაც მეცხოველეობა ხშირია, მოსახლეობას ლაქტოზის შემგუებლობა განუვითარდა.

სუდანელი ბიჭი ძროხას წველის მესაქონლეთა ბანაკში. საინტერესოა, რომ იმ ადგილებში სადაც მეცხოველეობა ხშირია, მოსახლეობას ლაქტოზის შემგუებლობა განუვითარდა.

ფოტო: Getty

აკნე

2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებსაც აკნე ჰქონდათ, უფრო ხშირად სვამდნენ დაბალცხიმიან ან სრულად უცხიმო რძეს. დაბალცხიმიანმა რძის პროდუქტებმა შესაძლოა მოზრდილებში აკნე გამოიწვიოს. ამ ფაქტს სხვა კვლევებიც ადასტურებს და შეიძლება აიხსნას რძის გავლენით გარკვეულ ჰორმონებზე, მათ შორის ინსულინსა და ინსულინის მსგავს ზრდის ფაქტორ-1-ზე (IGF-1).

ალერგიები

ექსპერტების შეფასებით, ბავშვების დაახლოებით 7.5%-ს რძის ალერგია აქვს. ეს ალერგია იწვევს კანის უხეშ რეაქციებსა და კუჭ-ნაწლავის მრავალ პრობლემას, მაგალითად: კოლიკას, ყაბზობასა და დიარეას. ბავშვებს ასაკის მატებასთან ერთად რძის ალერგია ხშირად უქრებათ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ის მოზრდილებშიც შეიძლება განვითარდეს.

კიბოს რისკი

რძესა და სხვა საკვებში ზედმეტი კალციუმი შესაძლოა პროსტატის კიბოს გაზრდილ რისკს უკავშირდებოდეს. ასევე, რძეში არსებული შაქრები შეიძლება ოდნავ ზრდიდეს საკვერცხის კიბოს განვითარების ალბათობას.

ლაქტოზას აუტანლობა

ძროხის რძე უფრო მეტ ლაქტოზას შეიცავს, ვიდრე სხვა ცხოველის რძე. 2017 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 65-70%-ს გარკვეული ფორმის ლაქტოზას აუტანლობა აქვს, მაგრამ მათი უმეტესობა მაინც ახერხებს მცირე რაოდენობით რძის პროდუქტების უსაფრთხოდ მიღებას.

ალტერნატივები

ჩვილებსა და ბავშვებში ალერგიის შემთხვევაში, ძროხის რძის ჩასანაცვლებლად ყველაზე უსაფრთხო ვარიანტებია ძუძუთი კვება, ჰიპოალერგიული ფორმულები, ამინომჟავების ფორმულები და სოიას ბაზაზე დამზადებული ფორმულები. ისინი გამდიდრებულია აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

ნუშის რძე გამოირჩევა E ვიტამინის შემცველობით.

ნუშის რძე გამოირჩევა E ვიტამინის შემცველობით.

ფოტო: Gett

მოზრდილებს, რომელთაც ლაქტოზას აუტანლობა აქვთ, ან უბრალოდ ვეგანურ დიეტას იცავენ, ძროხის რძის შესაცვლელად, მრავალი სხვა ალტერნატივა აქვთ, მაგალითად სოიას, ნუშის, ქოქოსის ან შვრიის რძე. ყველა ეს პროდუქტი გამოირჩევა დაბალკალორიულებითა და ორგანული ნივთიერებების ნაკლებობით.

რძე მრავალფეროვანი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიყენება მთელ მსოფლიოში. მისი კვებითი ღირებულება და გავლენა ჯანმრთელობაზე დამოკიდებულია როგორც ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ისე საკვები რაციონის ზოგად შემადგენლობაზე. საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რძის მოხმარება პირადი არჩევანია, რომელიც შეიძლება განსაზღვროს ჯანმრთელობის მდგომარეობამ, დიეტურმა პრიორიტეტებმა და კულტურულმა ტრადიციებმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.