შენიშვნა: სტატია არ ემსახურება თვითდიაგნოსტირებას. აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის დასმა მხოლოდ სპეციალისტის კომპეტენციაა.

აუტისტური სპექტრის აშლილობა განვითარების დარღვევაა, რომელსაც სხვადასხვანაირი გამოვლინება აქვს. ეს მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქცევის ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა, მაგალითად, გარემოსთან ურთიერთობა, დასწავლის უნარი და სხვა.

რამდენად გავრცელებულია აუტისტური სპექტრის აშლილობა?

ფოტო: Healthnewshub

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტატისტიკის მიხედვით, აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი 100-იდან 1 ადამიანს აქვს მიღებული. ზოგ ქვეყანაში, სადაც ამ აშლილობის შესახებ ცნობიერება უფრო მაღალია, ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია. მაგალითად, აშშ-ში 36-იდან 1 ბავშვის აქვს აღნიშნული დიაგნოზი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ დიაგნოსტირებულ ინდივიდებს ითვლის. რადგან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბევრი ადამიანი დიაგნოზს არასდროს იღებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალური რიცხვები კიდევ უფრო მაღალია.

აუტისტური სპექტრის აშლილობა მთელი ცხოვრება გრძელდება, შესაბამისად, იგი ვლინდება როგორც ბავშვებში, ასევე ნებისმიერი ასაკის ზრდასრულებში. გარდა ამისა, აუტისტური სპექტრის აშლილობა ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში გვხვდება. ამ აშლილობის მქონე ნებისმიერი სქესის, რასისა თუ ეროვნების ადამიანი შეიძლება იყოს.

სპექტრი

აუტიზმი ხშირად სპექტრად აღიქმება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე თითოეულ ადამიანს სიმპტომები სხვადასხვანაირად უვლინდება. გარდა ამისა, სიმპტომები ხშირად იცვლება დროთა განმავლობაში ან სიტუაციის შესაბამისად.

აუტისტური სპექტრის აშლილობა არც სწავლის უნარის დარღვევაა და არც მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, ამ აშლილობის მქონე ადამიანების დაახლოებით ერთ მესამედს აქვს სწავლის უნარის დარღვევაც. ასევე, მრავალი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობაც უფრო ხშირად გვხვდება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდებში.

დიაგნოზის მიღებისთვის საჭირო ძირითადი სიმპტომები

ფოტო: Everydayhealth

მიუხედავად იმისა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ყველა ინდივიდს სხვადასხვანაირი სიმპტომატიკა აქვს, ამ აშლილობას ძირითადი მახასიათებლები მაინც გააჩნია.

კომუნიკაცია

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს კომუნიკაციის თავისებური სტილი აქვთ. ხშირად ისინი გარკვეულ სიტყვებს, ხმის ტონსა და სხეულის ენას (ჟესტიკულაციასა და მიმიკებს) განსხვავებულად იგებენ და იყენებენ.

ასევე გავრცელებულია მეტყველების პრობლემებიც. ვინც საერთოდ ვერ მეტყველებს, კომუნიკაციის სხვა გზებს მიმართავენ — დაწერა, ჟესტების ენა ან ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის საშუალებები (სურათებიანი დაფები და სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები).

ქცევა და ინტერესები

მსგავსი მახასიათებლები ზოგ ლიტერატურაში ნახსენებია, როგორც "შეზღუდული და განმეორებადი ქცევები და ინტერესები". ამისდა მიუხედავად, აუტისტური სპექტრის აშლილობის უამრავი ადამიანი ამ თავისებურებს სტიმულირებისა და თვითრეგულირების საშუალებებად აღიქვამს.

ეს მახასიათებლებია:

  • გაძლიერებული ინტერესები (ჰობის, სერიალის, სათამაშოს, აკადემიური დარგისა და სხვა საკითხების მიმართ)
  • განმეორებადი მოძრაობები (ხელების ქნევა, ტრიალი, რწევა, თითების ტკაცუნი, ერთი და იმავე მასალის ბევრჯერ მოსმენა)
  • წესრიგისა და რუტინის სიყვარული (ერთი და იმავე საკვების ხშირად მიღება, საგნების გარკვეული ნიშნით, მაგალითად, ფერის ან სიმეტრიულობის მიხედვით დახარისხება და ა.შ.)

სენსორული დამუშავება

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად მეტად ან ნაკლებად მგრძნობიარეები არიან სხვადასხვა შეგრძნების მიმართ. ესენია:

  • ხუთი გრძნობა (მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა და გემო)
  • წონასწორობა
  • მოძრაობა
  • სივრცითი აღქმა
  • შინაგანი მდგომარეობების აღქმა (მაგალითად, შიმშილი ან ტემპერატურა).

რა იწვევს აუტიზმს?

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა გენეტიკურია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს მასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი გენი. ამ აშლილობის ჩამოყალიბებაში მრავალი გენია ჩართული.

ვაქცინებსა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის კავშირი არ არსებობს.

გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, აუტისტური სპექტრის აშლილობის ჩამოყალიბებასთან კავშირი არც აღზრდას აქვს.

დიაგნოსტიკა

როგორც ლაბორატორია "სინევო" წერს:

"აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოსტიკა ემყარება ინტერვიუს მშობელთან/აღმზრდელთან, ბავშვზე დაკვირვებას სხვადასხვა გარემოში და შეფასების ინსტრუმენტებს: ADOS-2, ADI-R, CARS-2. ეს ინსტრუმენტები აფასებს ბავშვის სხვადასხვა უნარების განვითარების დონეს. თითოეული მათგანის მონაცემები საკმარისია იმისთვის, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა გამორიცხოს, თუმცა არასაკმარისია დიაგნოზის დასადასტურებლად. ამიტომ დიაგნოსტირება მულტიდისციპლინურ, კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს".

აუტიზმი იკურნება?

აუტისტური სპექტრის აშლილობა არ იკურნება. ამისდა მიუხედავად, არსებობს გარკვეული გზები, რომლითაც ზოგი სიმპტომის შემსუბუქებაა შესაძლებელი.

თერაპიის ტიპები, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდებთან ხშირად გამოიყენება:

  • ქცევითი თერაპია
  • თამაშის თერაპია
  • ოკუპაციური თერაპია
  • ფიზიკური თერაპია
  • მეტყველების თერაპია

ალტერნატიული თერაპიების ეფექტიანობა საფუძვლიანად გამოკვლეული არ არის, ზოგი მათგანი კი ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სასურველია, მშობლები მხოლოდ სამედიცინო მუშაკის ან ფსიქოლოგის რჩევებს დაეყრდნონ.

გავრცელებული მითები

ფოტო: Getty

როგორც ორგანიზაცია Autistica წერს, აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ უამრავი მითია გავრცელებული:

  • მითი: აუტისტური სპექტრის აშლილობა ვაქცინაციითაა გამოწვეული
    რეალობა: უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინები ამ მხრივ სრულიად უსაფრთხოა.
  • მითი: აუტისტური სპექტრის აშლილობა მხოლოდ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ
    რეალობა: აუტისტური სპექტრის აშლილობა მთელი ცხოვრება გრძელდება. ამ სტერეოტიპის გამო, ათწლეულების განმავლობაში კვლევები ზრდასრულებს არ ითვალისწინებდა. ამისდა მიუხედავად, მათი სიმპტომატიკის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაბამისი მხარდაჭერა აუტისტური სპექტრის მქონე ზრდასრულებსაც სჭირდებათ.
  • მითი: აუტისტური სპექტრის მქონეებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ
    რეალობა: როგორც სხვა ადამიანებს, ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ინდივიდებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული უნარები აქვთ. იმის მიუხედავად, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ზოგი ადამიანი ნამდვილად არის გენიოსი, მათ უმრავლესობას საშუალოსტატისტიკური ინტელექტი აქვს, როგორც აუტისტური სპექტრის არმქონე ინდივიდებს.
  • მითი: აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები ასოციალურები არიან
    რეალობა: აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების უმრავლესობას აქვს ხალხთან კომუნიკაციის სურვილი, თუმცა ხშირად მათ სოციალურ ნორმებზე მორგება ან ხანმოკლე დიალოგები ნაკლებად გამოსდით.
  • მითი: აუტისტური სპექტრის აშლილობა განკურნებადია რეალობა: აუტისტური სპექტრი არ არის ავადმყოფობა, ის უბრალოდ ნევროლოგიური განსხვავებაა. თერაპიის ზოგი სახეობა შეიძლება მათ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმაროს, თუმცა აშლილობის განკურნება შეუძლებელია.
  • მითი: აუტისტური სპექტრის აშლილობა მხოლოდ ბიჭებს აქვთ
    რეალობა: დიაგნოზი უფრო მეტ კაცს აქვს, ვიდრე ქალს. ეს არ ნიშნავს, რომ ქალებს აუტისტური სპექტრის აშლილობა არასდროს აქვთ. გარდა ამისა, გოგონები სიმპტომებს ხშირად "ნიღბავენ", ამიტომ დიაგნოზს შედარებით გვიან ასაკში იღებენ ხოლმე.
  • მითი: აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს ემპათია არ აქვთ
    რეალობა: მათ ხშირად უჭირთ სოციალურ ნორმებზე მორგება და არავერბალური მინიშნებების მიხვედრა (კოგნიტიური ემპათია), თუმცა ბევრ მათგანს კარგად აქვს განვითარებული თანაგრძნობის უნარი (ემოციური ემპათია).
  • მითი: აუტისტური სპექტრის აშლილობას ბავშვობის ტრავმა იწვევს
    რეალობა: აუტისტურ სპექტრს მხოლოდ ბიოლოგიური საფუძვლები აქვს, ამიტომ აღზრდის პროცესში მშობლების დაშვებულ შეცდომებს ან ფსიქოლოგიურ ტრავმას ამ აშლილობის ჩამოყალიბებაზე გავლენა არ აქვს.

ცნობისთვის, 2 აპრილს აუტისტური სპექტრის აშლილობის ცნობადობის ამაღლების დღეა, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ბევრ ქვეყანაში შენობებს ლურჯ ფერად ანათებენ. ამ დღის მიზანია როგორც აშლილობის შესახებ ხალხისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების მიღება და მხარდაჭერა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.