ხელოვანები, რომლებმაც ნაცისტები გააცურეს
ორი მსოფლიო ომის განმავლობაში მხატვრებს ჯარში ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად იწვევდნენ. BBC-ის სტატია საკამუფლაჟო დანაყოფ "აჩრდილთა არმიაზე" გვიყვება, რომლის საქმიანობაც მოკავშირეებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
როდესაც ომის დროს მოღვაწე ხელოვანებზე ვფიქრობთ, მაშინვე პროპაგანდისტული ნამუშევრების შემქმნელებს წარმოვიდგენთ ხოლმე. თუმცა ზოგიერთი ხელოვანი, ბლეტჩლის პარკის კოდის მშიფრავების მსგავსად, ის გმირები გახლდნენ, რომელთა სახელებიც ომის დამსახურებულ მონაწილეთა შორის არ გაჟღერებულა — არადა, მათ კონფლიქტის დასრულებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს.
მე-20 საუკუნეში, რომელიც "ტოტალური ომის" ეპოქად მოინათლა, ყველას საკუთარი როლი უნდა ეთამაშა: კაცებსა და ქალებს; პროფესიონალ ჯარისკაცებსა და რიგით მოქალაქეებს; ყველა ადამიანს, მისწრაფებებისა და ცხოვრების წესის განურჩევლად. ის როლი, რომელიც ხელოვანებმა, ხელოვნების ისტორიკოსებმა, არქეოლოგებმა და ხელოვნების სხვა დარგების პროფესიონალებმა კონფლიქტების ერაში ითამაშეს, სრულად ჯერ კიდევ არ აღმოგვიჩენია.
თუმცა, იმ ორი სამხედრო დანაყოფის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და რომლის შთაგონების წყაროსაც პირველ მსოფლიო ომში მომუშავე არტისტები წარმოადგენდნენ, იმის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას, თუ როგორ შეიძინეს ხელოვანებმა ასეთი მნიშვნელოვანი დატვირთვა თანამედროვე სამყაროს ომებში. მათ ბრძოლის ველი კრეატიული სტრატეგიების არენად გარდაქმნეს. ამის საშუალებით კი, პირდაპირი მნიშვნელობით, "ომის თეატრი" დაიბადა.
მშვიდობის დროს ყველა ხელოვანი ილუზიის შექმნას ცდილობს. ყოველი მათგანი იმ პერსპექტივის წარმოჩენისკენ მიისწრაფვის, რომელშიც ესა თუ ის საგანი, მნახველის თვალის მოსატყუებლად, სინათლისა და ჩრდილების საშუალებით გამოიხატება. ხელოვნების ყველა მიმდინარეობა სრულ ილუზიონიზმს ნამდვილად არ ისახავს მიზნად, თუმცა დასავლური ხელოვნების ისტორიაში ბერძენი მხატვრის, ზევქსისიდან დაწყებული, — რომელსაც ყურძნის იმდენად რეალისტურად დახატვა შეეძლო, რომ ჩიტები მის შეჭმას ცდილობდნენ, — 1960-იან წლების ოპტიკური ხელოვნებით დამთავრებული, მას ერთობ დიდი ადგილი უჭირავს.
ომის პერიოდში ხელოვანებს ტრადიციულად ნაკლებად მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდათ. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის დროს არმიები მიხვდნენ, რომ ხელოვანების ცოდნიდან სარგებლის მიღება შეეძლოთ. კერძოდ, მათ ვიზუალური ილუზიონიზმის უპირატესობები გააანალიზეს. საჰაერო დაზვერვის ახალ ერაში შემნიღბველმა დანაყოფებმა მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყეს. მხატვრები და სკულპტორები კი, რომელთაც შუქის, ჩრდილისა და პერსპექტივის სათანადო ცოდნა ჰქონდათ, ამ საქმისთვის იდეალურ კანდიდატურას წარმოადგენდნენ. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ხელოვნება სამხედრო შეიარაღების ნაწილი გახდა.
პირველ მსოფლიო ომში ბრიტანელ ხელოვან-კამუფლაჟისტთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა სოლომონ ჯეი სოლომონი იყო. ის სამეფო აკადემიის წევრი და ცნობილი ფრანგი მხატვრის, ალექსანდრე კაბანელის მოწაფე გახლდათ. ომის დროს სოლომონი სამხედრო შესანიღბი ტაქტიკებისთვის გამართულ რბოლას ენთუზიაზმით შეუერთდა. შემდეგ კი ის დასავლეთ ფრონტზე გაგზავნეს. თხრილების დასაფარად მის მიერ გამოგონებულმა საკამუფლაჟო ბადემ ომის მიმდინარეობაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამას გარდა, მან მრავალი სხვა ხრიკიც შეიმუშავა. ერთ-ერთი მათგანი, "სადამკვირვებლო ხე", ჯარებისგან თავისუფალ ადგილას აღმართული ხელოვნური ფუყე ხე იყო, რომლიდანაც დამკვირვებელს მოწინააღმდეგის სანგრების დაზვერვის შესაძლებლობა ეძლეოდა. ხეების დიზაინის შემუშავებაში და მათი აღმართვის ერთობ სახიფათო ოპერაციებში მოქანდაკე და მხატვარი ლეონ ანდერვუდიც იღებდა მონაწილეობას.
ნორმან უილკინსონი კიდევ ერთი ხელოვანია, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის ბედის გადაწყვეტაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ის ომამდე საზღვაო პეიზაჟებს ხატავდა და მაღალი ხელოვნების ნიმუშთა პარალელურად გაზეთებისთვისაც ქმნიდა პოსტერებსა და ილუსტრაციებს. თუმცა სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტში აქტიურმა მსახურებამ მის არტისტულ წარმოსახვას რადიკალიზმის ელფერი შესძინა. შედეგად, მან იმ იდეებზე დაიწყო მუშაობა, რომლებიც არმიის გემებს მოწინააღმდეგეების ტორპედოებისგან დაიცავდა.
თუმცა, უილკინსონმა მალევე გააანალიზა, რომ ღია ზღვაში გემების სრულად შენიღბვა შეუძლებელი იყო. ამიტომ მან "დეზელ-კამუფლაჟი" შექმნა: აბსტრაქტული ზოლების კომბინაცია, რომელიც ჰორიზონტს ერწყმის და მოწინააღმდეგეს გემის სიჩქარისა და პოზიციის გაგებაში უშლის ხელს. უილკინსონის იდეების ხორცშესხმა ლონდონის სამეფო აკადემიის ოთხ სტუდიაში დაიწყო, სადაც ის ხელოვანების ჯგუფთან — მათ შორის, ვორტიცისტ ედვარდ უოდსვორთთან — ერთად მუშაობდა.
სოლომონის, ანდერვუდის, უილკინსონისა და უოდსვორთის შესანიღბმა სტრატეგიებმა ნაცისტების დამარცხებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თუმცა, ხელოვანების მომდევნო თაობამ ეს იდეები კიდევ უფრო დახვეწა და მასშტაბური გახადა.
ახალი თაობა
1942 წელს ჩრდილოეთ აფრიკის მტვრიან და ჩახუთულ უდაბნოში მოკავშირე ძალები ფაშისტური ქვეყნების ალიანსთან მძიმე ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი. 16 სექტემბერს ორი ბრიტანელი ოფიცერი მაღალი რანგის შეხვედრაზე ბორგ ელ არაბში, ეგვიპტეში მიიწვიეს. ჯოფრი ბარკასი და ტონი აირტონი იმ დროისთვის შუა აღმოსავლეთის საკამუფლაჟო დირექტორატს ედგნენ სათავეში. ეს ჯგუფი შემნიღბავი ოპერაციების დაგეგმვისა და ჯარისკაცებისა და საბრძოლო იარაღის დამალვისთვის იყო განკუთვნილი.
დირექტორატი ძალიან უჩვეულო ჯგუფს წარმოადგენდა: ჯარისკაცების უმეტესობა, რომელთაც ბარკასი და აირტონი მეთაურობდნენ, გაწვრთნილი არ იყო — ისინი ყოფილი ხელოვანები, სცენის დიზაინერები და ანიმატორები გახლდნენ, რომლებიც საკუთარ ნიჭს ვიზუალური ხაფანგების შექმნას ახმარდნენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მშვიდობიანობის პერიოდში ცნობილი ილუზიონისტი იყო; აირტონი ყოფილი მხატვარი გახლდათ; ხოლო ბარკასი — სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი, რომელმაც 1936 წელს დოკუმენტური ფილმისთვის ოსკარი აიღო.
მცირე ახსნა-განმარტების შემდეგ ორ ხელოვანს ელ-ალამაინის მეორე ბრძოლასთან დაკავშირებული, მკაცრად გასაიდუმლოებული გეგმა გააცნეს. მათ უთხრეს, რომ ამ შეტევას ომის ბედი უნდა გადაეწყვიტა და რომ ის მსოფლიო ისტორიაში უდაბნოში მომხდარ ყველაზე დიდ სამხედრო კამპანიად ჩაიწერებოდა. ამის შემდეგ კი ბარკასსა და აირტონს, მათდა გასაოცრად, აუწყეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მანევრზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ დაეკისრებოდათ: გემები, თვითმფრინავები, ტანკები და არტილერია სრულიად მათ განკარგულებაში იყო.
ამ მომენტამდე შუა აღმოსავლეთის საკამუფლაჟო დირექტორატი მხოლოდ შემნიღბავი ტაქტიკების შესახებ იღებდა გადაწყვეტილებებს. მათი ინიციატივით, აეროდრომებზე მიწა შავად და ნაცრისფრად იყო შეღებილი, რაც იარაღების ჩრდილების სიმულაციას იწვევდა და მტრის სადაზვერვო თვითმფრინავები მათი განლაგების თაობაზე შეცდომაში შეჰყავდა. თვითმფრინავების სადგომთა სახურავები კი იმგვარი ილუზიონისტური პერსპექტივით იყო მოხატული, რომ საცხოვრებელი სახლების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეს ხელოვანები სწორედ იმ ტექნიკებს იყენებდნენ, რაც თავისი დროზე უილკინსონმა და სოლომონმა დაამკვიდრეს.
თუმცა უკვე 1942 წლის სექტემბრისთვის მოკავშირეებს უფრო ძლიერი ხრიკების შემუშავება დასჭირდათ. ისინი მეტოქეების სწრაფი გადაადგილებით, ტაქტიკური გამჭრიახობითა და იარაღით შეშფოთებულნი იყვნენ. მტერთა ამ არმიას ჩრდილოეთ აფრიკაში სახელგანთქმული გერმანელი გენერალი, ერვინ რომელი მეთაურობდა. ბრძოლის მოსაგებად ამერიკელებს გერმანელი და იტალიელი მოწინააღმდეგეები უნდა დაეჯერებინათ, რომ შეტევაზე გაცილებით გვიან და სხვა მიმართულებიდან გადავიდოდნენ, რის შედეგადაც მეტოქეს მოულოდნელად დაესხმებოდნენ თავს.
ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად მტრის ძალებთან ახლოს, ჩრდილოეთით ტანკების ლეგიონის ფარულად განთავსება გახდა საჭირო. ამის პარალელურად, მოკავშირეებმა სამხრეთით სატყუარად 600 ყალბი სამხედრო მანქანა განალაგეს, რათა ფაშისტები საკავშირო ძალთა შეტევას სწორედ ამ მიმართულებიდან დალოდებოდნენ. ფიქციური არმიის შესაქმნელად და ნამდვილის დასამალად ბარკასს, აირტონსა და საკამუფლაჟო დირექტორატს მხოლოდ 28 დღე ჰქონდათ.
სამხრეთის ფიქციური არმია — თავისი ყალბი ტანკებით, საჭმლის სათავსოებით, ტყვიაწამლითა და საწვავის კონტეინერებით — ყუთების, პალმის რტოებისა და ბრეზენტისგან იყო შექმნილი. ასევე დაამზადეს უზარმაზარი ყალბი წყლის მილიც, რათა გერმანელი სადაზვერვო თვითმფრინავები, რომლებიც მოწინააღმდეგე ძალთა მობილიზების დონეს ციდან ამოწმებდნენ, შეცდომაში შეეყვანათ.
ჩრდილოეთ სექციაში კი ამ დროს ნამდვილი ტანკები იყო განლაგებული, რომლებსაც ზედა ნაწილზე სპეციალური ხის კონსტრუქციები ჰქონდათ მიმაგრებული, რათა რიგით სატვირთოებს დამსგავსებოდნენ. საარტილერიო ნაწილებიც სწორედ მსგავსი პრინციპით იყო დამალული. არმიამ ტანკებს საფარი უშუალოდ ბრძოლის დაწყებისას მოხსნა და მტრის თვალწინ მოულოდნელად ამოიზარდა.
გეგმამ იმუშავა: საბოლოოდ, მასშტაბურ შერკინებაში, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა, მოკავშირე ძალებმა რომელის არმია დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთმა გერმანელმა გენერალმა აღიარა, რომ ისინი მოკავშირეებმა გააცურეს. ხელოვანებმა გაიმარჯვეს.
ამერიკული არმიისთვის ამგვარი თვალისამხვევი ტაქტიკა მეორე მსოფლიო ომის გვიანდელ პერიოდში ინსპირაციად იქცა. 23-ე დანაყოფი, რომელიც "აჩრდილთა არმიის" სახელით იყო ცნობილი და ათასი კაცისგან შედგებოდა, ოპერაცია ნეპტუნის დასრულების შემდეგ ევროპაში გადაიტყორცნა. მათ მთავარ ტაქტიკას გერმანელების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა. ამერიკელები გერმანულ ჯარებს აჯერებდნენ, რომ რეალურად არსებულზე 30 ათასი ჯარისკაცით მეტი სამხედრო ძალა იყო მათ სიახლოვეს განლაგებული. შედეგად კი გერმანული ჯარები მიმართულებას იცვლიდნენ და, თავისდა უნებურად, მოწინააღმდეგეებისთვის სასურველ ლოკაციებზე ნაწილდებოდნენ.
შუა აღმოსავლეთის საკამუფლაჟო დირექტორატის მსგავსად, "აჩრდილთა არმიაც", ჯარისკაცებისა და ინჟინრების გარდა, ბევრი არქიტექტორით, დიზაინერით, სარეკლამო აგენტით და ხელოვანით იყო დაკომპლექტებული. მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი ფოტოგრაფი არტ კეინი, მოდის დიზაინერი ბილ ბლასი და მხატვარი ელსვორტ კელი. დანაყოფმა 1944-იდან 1945 წლამდე იარსება და ამ დროის განმავლობაში გერმანელების ჩიხში შესაყვანად მთლიანობაში 22 შენიღბვის ოპერაცია განახორციელა. ამგვარმა ტაქტიკამ ომში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერზე გამარჯვებაში დაეხმარა.
"აჩრდილთა არმია" უამრავ შემნიღბველ ტაქტიკას იყენებდა. ყალბ სამხედრო აღჭურვილობაში ასობით გასაბერი ტანკი შედიოდა, რომელსაც შორი მანძილიდან რეალურისგან ვერ გაარჩევდით. მსგავსმა ხერხებმა გერმანული საჰაერო დაზვერვა შეცდომაში წარმატებით შეიყვანა. სხვა ჯგუფი ისეთი ყალბი რადიო სისტემის შექმნაზე იყო პასუხისმგებელი, რომელსაც ნაცისტები მიაყურადებდნენ. უამრავი ხმის აპარატი კი იარაღისა და ხიდების მშენებლობის ხმას გამოსცემდა. "აჩრდილთა არმია", განსხვავებული პოლკის ფორმების ჩაცმითა თუ ქალაქის მოსახლეობაში რიგით მოქალაქეებად გარევით, სამსახიობო როლსაც ითავსებდა. ისინი მუდმივად დეზინფორმაციას ავრცელებდნენ იმ იმედით, რომ მათი ნათქვამი ადგილობრივი ჯაშუშების ყურამდე მიაღწევდა.
ომის დასრულების შემდეგ "აჩრდილთა არმიის" წევრები ვალდებულნი იყვნენ, ომთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახათ. მათი გასაოცარი ტაქტიკების შესახებ ისტორიები 1996 წლამდე კონფიდენციალური იყო.
პირველი მსოფლიო ომის შემნიღბველების, შუა აღმოსავლეთის საკამუფლაჟო დირექტორატისა და აშშ-ს "აჩრდილთა არმიის" გამოცდილებამ ილუზიონისტური ხელოვნების ისტორიაში ახალი მიმართულება შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნემდე სამხედრო ძალები ხელოვანების დახმარებას იშვიათად იყენებდნენ, თანამედროვე ომში არტისტები სრულიად განსხვავებული კუთხით ჩაებნენ. მათმა სტრატეგიულმა მიდგომამ ომში გადამწყვეტი როლი ითამაშა და შეგვახსენა, რომ — როგორც სუნ ძიმ საკუთარი დაკვირვების საფუძველზე ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნის ჩინეთში აღმოაჩინა — ეშმაკობა ომის ხელოვნებაში ყოველთვის მთავარი ელემენტია.
კომენტარები