გასული კვირის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსული ჯარების გადაადგილება კვლავ შეინიშნებოდა. ჯერ კიდევ უცნობია, რას გეგმავს რუსეთი, თუმცა დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება ამან ნამდვილად გამოიწვია. ამასთან, მიანმარში აქციების ძალადობრივი ჩახშობა გრძელდება.

რუსული ჯარების მობილიზება უკრაინის საზღვართან

ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობა სულ უფრო მეტად მატულობს. 8 აპრილს კონფლიქტის ზონაში ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან საზღვრის ის ხაზი მოინახულა, სადაც "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველაზე ხშირად დაირღვა".

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დიმიტრი კოზაკმა კი განაცხადა, რომ რუსეთს, შესაძლოა, "დონბასში თავისი მოქალაქეების" დაცვა მოუწიოს. გარდა ამისა, კოზაკმა, რომელიც უკრაინასთან ურთიერთობებს კურირებს, თქვა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყება კიევის "დასასრული დაწყება" იქნება.

დონბასში რუსული ჯარების მობილიზებამ არაერთი ეჭვი გააჩინა, რომ რუსეთი შესაძლო ახალი საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადება. კრემლში კი ამტკიცებენ, რომ ეს ჯარები არავის ემუქრება. აღნიშნულ საკითხზე გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და მას სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

99 წლის ასაკში პრინცი ფილიპი გარდაიცვალა

ფოტო: Getty Images

ედინბურგის ჰერცოგი და დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ს ქმარი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.

პრინცი ფილიპი 17 თებერვალს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველი მარტიდან ის წმინდა ბართლომეს სახელობის ჰოსპიტალში აგრძელებდა მკურნალობას. ჰერცოგს ინფექცია და გულის პრობლემები აწუხებდა. მარტის შუა რიცხვებში, გულის ოპერაციის შემდეგ, ჰერცოგი საავადმყოფოდან გამოწერეს.

პრინც ფილიპს 17 აპრილს დაკრძალავენ.

EMA-მ AstraZeneca-სა და თრომბოემბოლიის შემთხვევებს შორის იშვიათი შესაძლო კავშირი დაადგინა

ფოტო: Reuters

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ინექციასა და თრომბოემბოლიის შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადასტურა და დასძინა, რომ ეს, შეიძლება, ძალიან იშვიათ გვერდით ეფექტს წარმოადგენდეს.

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციის კომიტეტმა კი გასცა რეკომენდაცია, 30 წლამდე მოქალაქეებს ალტერნატიული ვაქცინები შესთავაზონ (ამის საშუალების არსებობის შემთხვევაში). აღსანიშნავია, რომ EMA-ს განცხადებითვე, ამ შესაძლო კავშირის დადასტურების მიუხედავად, ვაქცინაციის სარგებელი მისით გამოწვეულ შესაძლო რისკებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

EMA-ს ახალი დასკვნის საფუძველზე კი, საქართველოში AstraZeneca-თი აცრას მხოლოდ 55 წლის ზემოთ პირები შეძლებენ.

მიანმარში სამხედროებმა ათეულობით მომიტინგე მოკლეს

ფოტო: Reuters

მიანმარის ქალაქ ბაგოში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა 80-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ სამხედროებმა მძიმე შეიარაღება გამოიყენეს და ესროდნენ ყველაფერს, "რაც მოძრაობდა".

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. სხვადასხვა დათვლით, აქციების დაწყების დღიდან 600-ზე მეტი ადამიანია მოკლული.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვის დარღვევისთვის ნორვეგიის პრემიერი დააჯარიმეს

ფოტო: Getty Images

ნორვეგიის პრემიერმინისტრი, ერნა სოლბერგი სოციალური დისტანციის ნორმის დარღვევისთვის 20 ათასი კრონით დაჯარიმდა. პოლიციამ საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დარღვევა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NRK-მ გააშუქა.

როგორც ირკვევა, ერნა სოლბერგმა თავისი 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად თებერვალში სამთო კურორტზე 13 ახლობელი მიიწვია მაშინ, როცა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

წესის დარღვევისთვის პრემიერმინისტრმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ჯარიმას გადაიხდის.

თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დარჩა

6 აპრილს, ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაცია თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად ჩავიდა. ანკარაში იმყოფებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

პროტოკოლური ფოტოების გადაღების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა მოლაპარაკებების დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც უხერხული სიტუაცია შეიქმნა — დროშებთან მხოლოდ ორი სავარძელი იდგა.

შესაბამის დროშასთან შარლ მიშელი დაჯდა, მეორე სკამი ერდოღანს ერგო. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ურსულა ფონ დერ ლეიენის დაბნეულობა და წამოძახილი "Erm". საბოლოო ჯამში, ევროკომისიის პრეზიდენტის მოშორებით, დიდ დივანზე დაჯდომა მოუწია.

ჩრდილოეთ კორეაში შიმშილობისთვის ემზადებიან

ფოტო: EPA

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას მოუწოდა, მძიმე დღეებისთვის მოემზადონ. პარტიულ კონფერენციაზე ქვეყანაში არსებული ვითარება მან 1990-იან წლებში კატასტროფულ შიმშილს შეადარა, რომლის შედეგადაც, სხვადასხვა დათვლით, 3 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ვითარების გაუარესების მიზეზი პანდემიის გამო ჩინეთთან დაკეტილი საზღვრები და ვაჭრობის სრული შეჩერებაა. ამას ემატება ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციებიც.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მაღალჩინოსნებს მოუწოდა "რთული ლაშქრობისთვის" მზად იყვნენ. სწორედ ასე უწოდეს 90-იან წლების მასობრივ შიმშილს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა დაკარგა.