"ჩემი ცხოვრების მთავარი დოკუმენტი" — დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ისტორია
"საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ".
70-წლიანი ტერორის შემდეგ ჩატარებულმა რეფერენდუმმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ქართველი ერის სურვილი, დაებრუნებინა თავისუფლება. სიმბოლური იყო დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, რადგან, როგორც ზვიად გამსახურდია ამბობდა, 1989 წელს სწორედ ამ დღეს გადაწყდა ჩვენი ქვეყნის ბედი.
"9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ფარავდეს ღმერთი!" — გამსახურდიას ამ სიტყვებს მაშინ რამდენიმეწუთიანი ტაში მოჰყვა. დარბაზში მყოფები გაჰყვირდონენ: "გაუმარჯოს, გაუმარჯოს".
ისტორიულ დოკუმენტს უზენაესი საბჭოს დარბაზში მყოფმა ყველა დეპუტატმა მოაწერა ხელი, მათ შორის კომუნისტური პარტიის წევრებმაც. ამბობენ, რომ მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა, კომუნისტი იყავი თუ არა, მთავარი იყო ერთსულოვნება. 30 წელი გავიდა, თუმცა ეს დღე ახლაც ცხადად ახსოვთ.
ანზორ სიჭინავა
ანზორ სიჭინავა გვიყვება, რომ სხდომა დაახლოებით 12 საათზე დაიწყო. პროცედურა 5 საათამდე გაგრძელდა. ახლაც აქვს შენახული მანდატი, რომლითაც დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.
ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყველაფერი გააზრებული ჰქონდა და პასუხისმგებლობასაც გრძნობდა, თუმცა ღრმად ეს ცნობიერება მხოლოდ დროთა განმავლობაში მოვიდა. მათ ხალხის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თაობების ნება აღასრულეს.
"მახსოვს ასეთი ეპიზოდი: ფრაქციებად ვისხედით დარბაზში — მე სადღაც შუაში, ჩემს უკან კომუნისტები. მომესმა არაადამიანური ყვირილი. მივიხედე უკან და დავინახე აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე. ეს გაწონასწორებული, ძალიან დახვეწილი ადამიანი, რომლის ოჯახმაც 20-იანი წლების დასაწყისში ძლივს მოახერხა გამოეღწია სოფლიდან და თავი შეაფარა თბილისს, აი, 70-80 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, ამ დამოუკიდებლობის დაგროვილ სურვილს, ასე გამოხატავდა. ასე რომ, მაშინ ძალიან ძნელი იყო ემოციების შეკავება. იყო ერთსულოვნება, რაც დღეს ძალიან გვაკლია".
თუმცა 9 აპრილზე საუბრისას, პირველ რიგში 1989 წელი და დაღუპული 21 ადამიანი ახსენდება. ამბობს, რომ ეს არამხოლოდ გლოვის, არამედ, გამარჯვების დღეცაა.
"9 აპრილი, წლების განმავლობაში და დღესაც, გლოვის დღედ მიიჩნევა. ბუნებრივია, ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო პატივს მიაგებდა და დღესაც მიაგებს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მგონია, რომ უპრიანია ეს დღე იყოს არა გლოვის დღე, არამედ გამარჯვების დღე. რადგანაც იმ ადამიანებმა თავი გასწირეს გამარჯვებისთვის და შედეგისთვის, რაც მიიღწა. დღესაც ხშირად ამბობენ, რომ გლოვის დღეა.
როგორც ანზორ სიჭინავა ამბობს, შემდეგი სირთულეები, რომელიც ქვეყანაში გაჩნდა, იქნებოდა ეს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი, სამოქალაქო დაპირისპირებისა და გადატრიალების შედეგი იყო, რომელსაც ჩრდილოელი მეზობელი კვებავდა.
"ზნეობრივს როცა ვამბობ, ვგულისხმობ ათი ათასობით ქართველის გაოცებას მომხდარზე. თაობებს არ უნახავთ ასეთი რამ, რომ არჩეული ხელისუფლება იარაღის ძალით დაამხეს. ეს ძალიან მძიმედ აისახა. იმ დროს ხალხს პროცესებისთვის წინ აღდგომის საშუალება არ ჰქონდა.
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ხელისუფლება უცოდველი იყო. ხელისუფლება, რომელიც მარცხდება, და ჩვენ დავმარცხდით, მარცხის მიზეზებს, უპირველეს ყოვლისა, თავის თავში უნდა ეძებდეს. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ჩვენს მეზობელს არ სურდა, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. იყვნენ ქართველები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ. მეორდებოდა 1921 წლის მოვლენები".
გურამ პეტრიაშვილი
გურამ პეტრიაშვილისთვის იმ გრძნობას, რომელიც მაშინ დარბაზში დაეუფლა, ვერაფერი შეედრება. მწერალი და მეზღაპრე ამბობს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ორჯერ იგრძნო — დამოუკიდებლობის აქტის მიღების დროს და შვილების გაჩენისას.
"გავიხედ-გამოვიხედე, დავინახე ზურაბ მოლოდინაშვილი, რომლის პაპაც იბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში. მივხვდი, როგორ გაუხარდებოდა მის პაპას, ეს რომ გაეგო. წავედით სასტუმრო თბილისის რესტორანში, შევედით, დავლიეთ რამდენიმე ჭიქა, ვადღეგრძელეთ წინაპრები, ვადღეგრძელეთ ჩვენი შვილიშვილები.
ძალიან რთული იყო გზა დამოუკიდებლობისკენ. ამბობენ, ზვიად გამსახურდია პოლიტიკოსი არ იყოვო. პოლიტიკოსი როგორ არ იყო, როცა კაცმა შეძლო და აიძულა, კი არ დაუშინებია, სხვადასხვა გზით აიძულა მრავალი ერის ადამიანი, ხმა მიეცა რეფერენდუმში".
ამბობს, რომ გადატრიალების შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება დევნიდა, რის გამოც ქვეყნის დატოვებაც მოუწია. საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა, სადაც გამსახურდიას პირად ელჩიც იყო.
"ვკითხე ზვიადს, რა უნდა გავაკეთო-მეთქი, როგორც ელჩმა. ის გააკეთე, რასაც საქართველოში აკეთებდიო — იცავდი შენს კულტურას, ენას და დაიცავი ეს იქაცო. ვწერდი და ვცდილობდი, როგორც შემეძლო".
კითხვაზე, როდის იგრძნო, რომ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობდა, გურამ პეტრიაშვილმა ის დღე გაიხსენა, როცა მოულოდნელად დიდ მიტინგზე მოხვდა:
"ეს ვიგრძენი 1988 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერი იყო. გამოვედი დიდი მაღაზიიდან და გაყინული ქათმები მეწყო პორტფელში, სახლში ვაპირებდი წასვლას. მარცხნივ რომ უნდა წავსულიყავი, მარჯვნივ გავიხედე და დავინახე ნაცნობი ადამიანები. ვხედავდი, რაღაც დროშა ფრიალებდა, რომელიც აქამდე არ მენახა. სამფეროვანი დროშა. მივედი, ნაცნობებს ვნახავ-მეთქი. ჩამოვართვი ხელი ზვიადს, მერაბს, ნოდარს, ცოტა ხანი გავჩერდი და მერე ზვიადმა თქვა წავედითო. წავედით. ერთი ბიჭი გაგვიძღვა ამ დროშის ფრიალით და თურმე იპოდრომზე მივდიოდით, სადაც პირველი დიდი მიტინგი ჩავატარეთ. დამაჯარიმეს 200 მანეთით. მაგრამ ვერ გადამახდევინეს. აი, მაშინ ვიგრძენი მე".
30 წლის შემდეგ, პეტრიაშვილი ამბობს, რომ პუტჩისტებმა ხალხს რწმენა წაართვეს, წაართვეს არჩევანი და ხალხის აზრი არ გაითვალისწინეს.
ავთანდილ იმნაძე
ავთანდილ იმნაძე საბჭოთა კავშირში პოლიტიკური დევნილი იყო. დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის გახსენებისას ამბობს, რომ ამ საკითხზე ოპოზიცია არ არსებობდა არც პარლამენტში და არც საქართველოში.
გვიყვება იმ საზეიმო განწყობის შესახებ, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება.
"ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი და საამაყო დღე. ჩვენ აღვადგინეთ ეროვნული დამოუკიდებლობა. ამაზე კიდევ რამის თქმა მიჭირს, რადგან ეს იყო უდიდესი ზეიმი საქართველოს ისტორიაში და ის, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მთლიანად ზვიად გამსახურდიას დამსახურება იყო.
მან, პრინციპში, თავი გასწირა. მე შორს ვარ იმისგან, რომ აბრალებენ KGB-ს ეთანამშრომლებოდაო. პირიქით, მან გადააგდო კრემლი. რატომ ვამბობ, რომ თავი გასწირა — მან ძალიან კარგად იცოდა, რომ კრემლი და KGB არაფერს აპატიებდა და მათთვის ერთი ადამიანის მოკვლა არაფრად ღირდა.
კი, გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ KGB-მ ძალიან ინტენსიურად იმუშავა, რათა ეს დამოუკიდებლობა წაერთმიათ. ალბათ, დავაკელით ძალისხმევა, რომ შეგვენარჩუნებინა ის ეროვნული ხელისუფლება. არა ჩვენი უგნურებით ან გულუბრყვილობით, უბრალოდ, KGB არის ისეთი მონსტრი, რომ მასთან ძალიან რთულია ბრძოლა, და ჩვენ ამ ბრძოლაში, სამწუხაროდ, დავმარცხდით. მოვიდა ისევ შევარდნაძის კომუნისტური ხელისუფლება".
ყოველთვის ფიქრობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ბეჭდავდა და მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან თანამშრომლობდა.
"ყოველთვის მქონდა ის რწმენა, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა. ამას სადმე რომ ვიტყოდი, ეცინებოდათ. ვერ წარმოიდგნეთ, როგორი იყო დამოკიდებულება. სისხლხორცეულად ფიქრობდნენ, როგორ უნდა ვიარსებოთ რუსეთის გარეშეო".
ეროვნული ხელისუფლების დამხობასა და პუტჩს ავთანდილ იმნაძე მწუხარებით იხსენებს. ნანობს, რომ ერთ დროს ზვიადის გვერდით მებრძოლი, მის ოპოზიციაში აღმოჩნდა.
"ეს იყო ისეთი შემთხვევა, რომ... ამაზე არ მინდა საუბარი, ეს ჩემი ტრაგედიაა. იმას კი არ ნიშნავდა, რომ იგივე ოპოზიციას, პუტჩისტებად მონათლულ ხალხს დაემხო... შეიძლება იყვნენ პუტჩისტებში ადამიანები, რომლებსაც მართლა ეს მიზანი ჰქონდათ, მაგრამ ეს ჩვენდა უნებურად მოხდა — გავაკეთეთ ის, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა.
აქ იმუშავა KGB-მ. ვიღაცამ რაღაც ენა დააგდო, დეტალებში არ მინდა ჩავიდე, ცოტა უხერხული იქნება. იმუშავეს ისე, რომ დაგვაპირისპირეს რამდენიმე კაცი ზვიადთან. ზვიადი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. მე ვიცი, რომ პირადად ჩემს ამბავს განიცდიდა. მაგრამ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ არ შეიძლებოდა მორიგება. იქ ისეთი ხალხი იყო, იგივე პარლამენტში, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ. მათაც იმუშავეს იმისთვის, რომ ჩვენ, ვინც ყველაზე ახლოს ვიყავით ზვიადთან, დავპირისპირებოდით.
რა თქმა უნდა ვნანობ, ეს ჩემი არსებობის ტრაგედიაა".
კომენტარები