კარიერული გზა იშვიათად არის მარტივი, მაგრამ, თუ მონდომებული ხარ და საკუთარი შესაძლებლობებისაც გჯერა, შედეგიც აუცილებლად მოდის. შორენა ჭაბუკიანის ისტორია ამის ნათელი მაგალითია. მან თიბისიში მოლარედ დაიწყო მუშაობა და დღეს ფილიალის დირექტორია. შორენას გზა გვაჩვენებს, რომ მიზანსწრაფულობა, სირთულეების გადალახვა და ახალი გამოცდილების მიღება აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

კარიერული გზა მოლარეობიდან ფილიალის დირექტორობამდე შთამბეჭდავია. რას საქმიანობდი მანამდე?

"თიბისი ჩემი პირველი სამსახური იყო, სადაც მოლარედ დავიწყე მუშაობა. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა პროფესიული გამოცდილება, მაგრამ ძალიან მონდომებული და პასუხისმგებლიანი ვიყავი. წლების განმავლობაში თითქმის ყველა პოზიციაზე ვიმუშავე. ჯერ გავხდი მოლარე ოპერატორი, შემდეგ ჯგუფის უფროსი და ა.შ. ყოველი ეტაპი ჩემთვის საინტერესო გამოწვევა და სწავლის ახალი შესაძლებლობა იყო.

შენი დღევანდელი პროფესია კავშირშია ბავშვობის ოცნებებთან?

”საერთოდ არა, ნამდვილად არ მიოცნებია დღევანდელობაზე, მსახიობობა მინდოდა, ხშირად ვმონაწილეობდი სკოლის დადგმებში, ღონისძიებებში, სპექტაკლებში…თუმცა, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა ჩემი სფერო.”

თუ გახსოვს ის მომენტი, როცა პირველად დაიჯერე, რომ ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია?


"დიახ, როდესაც დამაწინაურეს, მეგონა, ახალ პოზიციაზე მუშაობა ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ შემეძლო სწრაფად სწავლა, გადაწყვეტილებების მიღება და გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა. სწორედ მაშინ დავიჯერე, რომ ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია".

შორენა ფიქრობს, რომ მისი წარმატების მთავარი მიზეზი ხასიათი და მიზანსწრაფულობაა. რთულ სიტუაციებში ცდილობს, სიმშვიდე შეინარჩუნოს და პრობლემას სხვადასხვა მხრიდან დააკვირდეს. ყოველთვის სჯეროდა, რომ გამოწვევები განვითარების შანსია. გუნდის მხარდაჭერაც ძალიან ეხმარებოდა. არასდროს ერიდებოდა კითხვების დასმას და ითვალისწინებდა სხვების რჩევებს.

არსებობს თუ არა კონკრეტული ნაბიჯი, რომელმაც შენი კარიერა განსაკუთრებულად შეცვალა?


"ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. თითოეულმა პროექტმა შემმატა თავდაჯერებულობა. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, თიბისიში ყოველთვის ვგრძნობდი ნდობას მენეჯერების, კოლეგებისა და მომხმარებლების მხრიდან. ეს ჩემთვის დღესაც უდიდესი სტიმულია".

რომელი პროექტი დაგამახსოვრდა გამორჩეულად?


“ეს იყო ქუთაისი 3. საქმე ის არის, რომ ქუთაისში არსებობდა თიბისის მხოლოდ ერთი ფილიალი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა. ამიტომ, ფილიალი გადავიდა სხვა შენობაში. შემდეგ იმავე ლოკაციაზე, სადაც დაიწვა პირველი შენობა, აშენდა ახალი ფილიალი, სრულიად სხვა კონტექსტის და მას ქუთაისი 3 დაერქვა. აქ მე დავინიშნე დირექტორად.

შემიძლია ვთქვა, რომ 0-დან ავაწყვეთ ფილიალი.

ეს დიდი გამოწვევა იყო, ახალ გუნდთან მუშაობა თავიდან ისედაც რთულია, ჩემი გუნდი კი სულ დამწყები თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული. და, მიუხედავად ამისა, გუნდურად, ხალისით, მიზანდასახულობით, სწორი მიმართულებებით ისე აქტიურად ვიმუშავეთ, რომ შედეგები ძალიან მალე გამოჩნდა.

სამაგიეროდ, საერთოდ არ გვქონდა ცნობადობა. ქუთაისში იცოდნენ, რომ თიბისის ფილიალი აღარ იყო ქალაქში და თითქმის არავინ შემოდიოდა. საწყის ეტაპზე, ფილიალის თანამშრომლები გამოვდიოდით თიბისის ბრენდირებული ყელსახვევებით შენობის წინ და სამუშაო საათების დაწყებამდე ვცდილობდით, ცოცხლად მიგვეწოდებინა ინფორმაცია ხალხისთვის, რომ აქ თიბისის ახალი ფილიალი გაიხსნა. ნელ-ნელა დაიწყეს მომხმარებლებმა მოსვლა.

ქუთაისი პატარა ქალაქია, როცა პირველს მოეწონა მომსახურება, მეორეს უთხრა… და ძალიან მალე მოვიპოვეთ ქუთაისელთა ნდობა ახალ ლოკაციაზე, თორემ თიბისის ნდობა არასდროს აკლდა და არც ახლა აკლია.

ერთი სიტყვით, სტარტი წარმატებულად ავიღეთ და ფილიალი დღესაც ასე აგრძელებს მუშაობას".

მიგიღია თუ არა ემოციურად რთული გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ სწორი აღმოჩნდა?

"დიახ, დააახლოებით 9 წელი ვიმუშავე ქუთაისის ერთ ფილიალში და შემდეგ სხვა ფილიალში გადასვლა მომიწია. ეს ემოციურად არ იყო მარტივი. თუმცა, საბოოლოდ მივხვდი, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი. იმიტომ, რომ ადამიანი კომფორტის ზონაში შედიხარ და ეჩვევი ერთ მოცემულობას. ეს არ არის კარგი, საჭიროა გასვლა. რადგან ჩვენი ფილიალები სტრუქტურულად სხვადასხვა სეგმენტს ემსახურება ახალ ადგილას ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რასაც იქ ვერ ვისწავლიდი. ასე, რომ განვვითარდი, გამოცდილება მივიღე, რის შედეგადაც, შევძელი უფრო სხვა რანგის ფილიალში გადასვლა.

შორენას არასდროს უფიქრია თიბისიდან წასვლა, მისი აზრით, იმდენად დიდია აქ მუშაობის ხიბლი, რომ სხვაგან ვერ გაძლებს".

როცა ამბობ: მთავარია, გჯეროდეს, რას გულისხმობ?


“რწმენას საკუთარ შესაძლებლობებში მაშინაც, როცა გარემო რთულია. სირთულეებს ვერ გაექცევი, მაგრამ თუ გჯერა, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება. ლიდერის თავდაჯერებულობა გადამდებია გუნდისთვისაც. მე ვცდილობ, ეს რწმენა მხოლოდ სიტყვებით კი არა, საქმითაც დავანახო თანამშრომლებს.“

შორენას აზრით, დირექტორისთვის ყველაზე რთული გამოწვევა ფილიალისა და თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის მართვაა. მნიშვნელოვანია, რწმენა და პოზიტიური დამოკიდებულება არ დაკარგოს გუნდმა. რთულ სიტუაციებში დირექტორმა უნდა შეძლოს გააერთიანოს გუნდი, დაგეგმოს ნაბიჯები და ერთად მიაღწიონ საერთო მიზანს.

რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს?

"უპირველესად, უნდა სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. იყვნენ მონდომებულები, მიზანსწრაფულები, დასვან კითხვები, ისწავლონ და არ შეეშინდეთ სირთულეების.


მნიშვნელოვანია, რომ გარშემო ჰყავდეთ ადამიანები, რომლებიც გამოცდილებას გაუზიარებენ. მე ძალიან გამიმართლა. თიბისი არის გარემო, სადაც ყველას შეუძლია, მიაღწიოს წარმატებას. მათაც უნდა ეძებონ ასეთი გარემო."

შენს ახალგაზრდა მეს რას ეტყოდი?

”ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, თუმცა არა გააზრებულად და არა სხვისთვის საზიანო და მაინც, ალბათ, არაფერს შევცვლიდი. ერთადერთი, ახალგაზრდობაში ემოციური ვიყავი ძალიან, დრომ მასწავლა ემოციების მართვა და ამ ცოდნას ახალგაზრდა შორენასაც გავუზიარებდი.”