ოთხშაბათს, 20 აგვისტოს, Google-მა Pixel 10 სერია წარადგინა. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე შექმნილი ახალი ფუნქციებიც გაგვაცნო. ეს შეგვიძლია ერთგვარ საბრძოლო სვლად მივიჩნიოთ, რადგან Apple სექტემბერში ახალი პროდუქტების წარდგენას აპირებს.

ფლაგმანური სმარტფონების ბაზარი უკვე არაერთი ძვირადღირებული მოდელითაა სავსე. კომპანიამ ან ერთგული მომხმარებელი უნდა დაარწმუნოს ახალი სმარტფონის შეძენაში, ან კონკურენტი კომპანიის მომხმარებლები გადმოიყვანოს თავის პროდუქტზე. Pixel 10-ის გამოშვებით გუგლი უპირატესობის მოპოვებას დახვეწილი AI ფუნქციებით ცდილობს.

გარდა ახალი ტელეფონებისა, კომპანიამ ახალი საათი და ყურსასმენებიც გამოუშვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით ვიხილეთ. ამიერიდან Pixel-ის ეკოსისტემის მთავარი ფუნქციები გენერაციული AI-ს დახმარებით იმუშავებს. იგი სმარტფონებს უკეთესი ფოტოების გადაღებაში, ხმის ბუნებრივად თარგმნასა და სხვა მოქმედებების უფრო ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება.

ამ სიახლეებს Google-ის მხრიდან ზოგი დიდ საბრძოლო სვლად მიიჩნევს იმის ფონზე, რომ Apple-ს საკუთარი დაპირებების შესრულება უჭირს Apple Intelligence-ის კუთხით. ცნობისთვის, Siri-ს განახლებას ბევრი მომხმარებელი ელოდა, თუმცა ეს მომდევნო წლამდე გადაიდო. ამას გარდა, ის AI ფუნქციები, რომელთა გამოშვებასაც შემოდგომით ეფლი აპირებს, Google-ის სიახლეებთან შედარებით შეიძლება უმნიშვნელო გეჩვენოთ.

Pixel-ის ახალ მობილურებს ოთხი ახალი გამორჩეული ფუნქცია ემატება:

  • Magic Cue სხვადასხვა აპლიკაციაში — თუნდაც Messages, Gmail და Calendar — პროაქტიულ რჩევებს იძლევა. ეს ფუნქცია Gemini Nano მოდელზე მუშაობს, რომელიც მოწყობილობაშია ჩაშენებული. Magic Cue-ს, მაგალითისთვის, შეუძლია საღამოს გეგმებზე მიმოწერისას ვახშმის დაჯავშნის დეტალები შემოგვთავაზოს. ვინაიდან AI მოწყობილობაშივეა, პასუხები უფრო იაფი და სწრაფია, კონფიდენციალურობა კი მეტად დაცულია;
  • ფუნქცია Camera Coach არამხოლოდ გადაღებულ ფოტოებს აუმჯობესებს, არამედ მომხმარებლებს გადაღების დროს აძლევს რჩევებს ფოტოგრაფიულ ტექნიკებზე. ფოტოების რედაქტირება ტექსტური ან ხმოვანი თხოვნითაც იქნება შესაძლებელი;
  • ხმის თარგმნის ფუნქცია რეალურ დროში აგენერირებს თარგმანს, თანაც რეალური სპიკერის ხმის გამეორებას ცდილობს. შედეგად თარგმანი უფრო ბუნებრივია, ვიდრე სხვა ბრენდების, თუნდაც Samsung-ის, სერვისები გვთავაზობს;
  • ახალ სმარტფონებში ყველა ფოტოს ავტომატურად ემაგრება მეტამონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს: სად და როდის იქნა სურათი გადაღებული, რა არის რედაქტირებული მასში, ასევე გამოიყენეს თუ არა მისი შექმნისას AI.

საერთო ჯამში, ეს განახლებები Google-ის სწრაფვაზე მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერის პოზიცია დაიკავოს. Apple-ისთვის გამოწვევა შემდეგნაირია: ან პროგრამული უზრუნველყოფა უნდა გააუმჯობესოს, ან რევოლუციური მოწყობილობა შექმნას, რომელიც ამ ჩამორჩენას დააბალანსებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.