მსოფლიოში ყველაზე იშვიათი ვეშაპი დინგნისკარტათა ოჯახის წარმომადგენელი კბილღვედა ვეშაპია (Mesoplodon traversii). 1800-იანი წლებიდან ის მხოლოდ შვიდჯერ ნახეს, თუმცა ცოცხალი არასდროს დაუჭერიათ. ამ ვეშაპებიდან, ერთის გარდა, ყველა ახალი ზელანდიის წყლებში დაფიქსირდა.

გასული წლის დეკემბერში ამ სახეობის ვეშაპი პირველად გაკვეთეს. ის ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე წყალმა გამორიყა. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, მისი აგებულება შეესწავლათ. სამხრეთი კუნძულის, მაორის, კულტურაში კბილღვედა ვეშაპს განძს უწოდებენ.

იმისათვის, რომ მკვდარ ვეშაპზე გავრცელებული ცნობები შეემოწმებინათ, ახალი ზელანდიის დაცვის დეპარტამენტის (DOC) თანამშრომლები მცირე მეთევზეთა სოფლის, ტაიერი-მაუთის, სანაპიროზე მივიდნენ. აღმოაჩინეს, რომ ძუძუმწოვარი მამრობითი სქესის 5-მეტრიანი კბილღვედა ვეშაპი იყო.

"ეს თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი ძუძუმწოვარია", — განაცხადა გეიბ დეივისმა, DOC-ის ოტაგოს სანაპიროს ოპერაციების მენეჯერმა.

ასეთი არსების ნაპირზე გამორიყვა იშვიათი შესაძლებლობაა, რათა ამ სახეობის შესახებ მეტი შევიტყოთ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა კბილღვედას შესასწავლად სრული ნიმუში მოიპოვეს.

ფოტო: CNN

"ეს ამ სახეობის პირველი ვეშაპი იყო, რომელიც მეცნიერებმა გაკვეთეს. ამასთანავე, პირველი იყო ისიც, რომ ეს მაორის ტომელებთან თანამშრომლობით მოხდა. მათი ცოდნა დაგვეხმარა, ვეშაპსა და მის ქცევაში უკეთ გავრკვეულიყავით", — თქვა კვლევის თანამონაწილე რეიჩელ უისლიმ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კბილღვედა ვეშაპს ზედა ყბაში რუდიმენტული კბილები აქვს. ასეთი სტრუქტურა ევოლუციურ ნარჩენებად მიიჩნევა. ამ კბილებს ოდესღაც მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა.

ვეშაპების უკანა კიდურებიც რუდიმენტულია. ეს ცხოველები 50 მილიონი წლის წინ ხმელეთზე დადიოდნენ, ახლა კი ფეხები მენჯის მცირე ნაშთებადაა ქცეული. თავისთავად, ესენი შეიძლება დღესაც ასრულებდეს რაიმე ფუნქციას. კბილღვედა ვეშაპის კიდევ ერთი თავისებურება მრავალი კუჭის ქონა იყო — მას 9 კუჭი აღმოაჩნდა. ეს ამ სახეობის კვების სტილსა და კომუნიკაციაზე გვაძლევს ინფორმაციას.

"ამ კუჭებში კალმარის ნისკარტები და მათი თვალები ვიპოვეთ; ასევე, რამდენიმე პარაზიტული ჭია და შეიძლება სხვა ორგანიზმების ნაწილებიც, რომლებიც ჯერ ვერ ამოვიცანით", — განაცხადა ანტონ ვან ჰელდენმა, DOC-ის საზღვაო მეცნიერების მრჩეველმა და დინგნისკარტა ვეშაპების სპეციალისტმა — "პარაზიტოლოგი გვყავს, რომელიც მათ შეისწავლის. გარდა ამისა, საინტერესო სტრუქტურები ვიპოვეთ, რომლებიც კვებასა და ხმის წარმოქმნას უკავშირდება. სხვადასხვა კუნთისა თუ ორგანოს მასა და მახასიათებლები აღვწერეთ, რათა ეს ვეშაპი უკეთ შევისწავლოთ და თავის ნათესავ სახეობებს შევადაროთ. ეს ყველაფერი მის შესახებ ცოდნას გაგვიმდიდრებს".

იშვიათი ცხოველის სიკვდილი სახეობისათვის სევდიანი მოვლენაა. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ კბილღვედა ვეშაპების შესახებ მეტის გაგება დაგვეხმარება, სამომავლოდ ისინი უკეთ დავიცვათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.