ზღვაში უამრავი უცნაური არსება ბინადრობს — ვარდისფერი ზღვის კიბოდან დაწყებული, მრავალჯაგრიანი ჭიებით დასრულებული. ზვიგენები ჩვენში უბრალოდ ბასრი კბილებისა და სისწრაფის ასოციაციას იწვევენ, თუმცა ცოტა ხნის წინ უჩვეულო შეფერილობის, ნარინჯისფერი, ზვიგენი აღმოაჩინეს კარიბის ზღვაში. ეს ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევაა.

ნაცრისფერი ზვიგენი (Ginglymostoma cirratum) კოსტა-რიკის წყლებში ბინადრობს. ნარინჯისფერი ძუძუმწოვარი სპორტული თევზაობის დროს შენიშნეს. ახალი კვლევის თანახმად, ის 37 მეტრის სიღრმეში იპოვეს. ზვიგენის სიგრძე დაახლოებით 2 მეტრი იყო და კანი ყვითელ-ნარინჯისფრად ჰქონდა შეფერილი. ამ იშვიათ მდგომარეობას ქსანთოქრომიზმი ეწოდება. ზვიგენის შემთხვევა არამხოლოდ პირველია მის სახეობაში, არამედ მთლიანად კარიბის ზღვაში.

ზვიგენს თეთრი თვალები ჰქონდა, რომლებშიც გუგა არ უჩანდა. მკვლევრების ვარაუდით, ეს ალბინო-ქსანთოქრომიზმის შემთხვევაა და არა ცალკე ქსანთიზმის. აქამდე კარიბის ზღვის ან კოსტა-რიკის წყნარ ოკეანის თევზებში არ დაფიქსირებულა ქსანთიზმის არც ნაწილობრივი და არც სრული ფორმა.

მიჩნეულია, რომ ქსანთოქრომიზმს გენეტიკა განაპირობებს. ეს პიგმენტაციის დარღვევაა, რომელიც კანში, ბეწვში ან ბუმბულში ყვითელ-ნარინჯისფერ შეფერილობას იწვევს. ისევე, როგორც მელანიზმი ან ლეიციზმი, ეს მდგომარეობაც ბევრ სახეობაშია დაფიქსირებული. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ ასეთ ცხოველებს გადარჩენის შანსი ნაკლები აქვთ, რადგან მტაცებლებისთვის უფრო შესამჩნევები ხდებიან.

ფოტო: The Independent

რაც შეეხება ნაცრისფერ ზვიგენს, ეს სახეობა საშუალო დონის მტაცებლად მიიჩნევა. იგი პატარა თევზებით, მოლუსკებითა და კიბოსნაირებით იკვებება. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნარინჯისფერი ზვიგენის ზომა ზრდასრულისას მიესადაგება. შესაბამისად, როგორც ჩანს, უჩვეულო შეფერილობას მისთვის გადარჩენაში ხელი არ შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობას გენეტიკური საფუძველი აქვს, მკვლევრები არ გამორიცხავენ სხვა ფაქტორებსაც, რომლებიც ფერის წარმოქმნაში შეიძლება მონაწილეობდეს.

"შეჯვარება ახლო მონათესავე ინდივიდებს შორის, გარემოში არსებული სტრესი, ტემპერატურის მატება და ჰორმონალური დისბალანსი — ეს ყველაფერი შეიძლება პიგმენტაციაზე მოქმედებდეს", — განმარტავენ მკვლევრები.

ავტორების აზრით, ამ საკითხზე მეტს გავიგებთ, თუ სამომავლოდ უკეთ შევისწავლით ნაცრისფერი ზვიგენების გენეტიკურ მრავალფეროვნებასა და კარიბის ზღვის ჩრდილოეთი რეგიონის გარემო პირობებს.

კვლევა გამოცემაში Marine Biodiversity გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.