როგორ იქცა "მარტოობის ასი წელიწადი" ლათინური ამერიკის იდენტობის განმსაზღვრელად
მარტოობის ასი წელიწადის გამოქვეყნებამდე დიდი ხნით ადრე ლათინური ამერიკა მართლაც წააგავდა იმ წარმოსახვით ადგილს, რომელზეც წიგნის პირველ აბზაცში ვკითხულობთ: "ქვეყანა ისეთი ახალი იყო, რომ ბევრი საგნისთვის ჯერაც არ დაერქმიათ სახელი და მხოლოდ თითით უჩვენებდნენ". ცხადია, როცა გაბრიელ გარსია მარკესი სახელგანთქმულ რომანს წერდა, კონტინენტი ახალი მიწა უკვე აღარ იყო. Cronistas de Indias-ის სახელით ცნობილმა მწერლებმა ჯერ კიდევ მეთხუთმეტე-მეთექსვმეტე საუკუნეებში ითავეს მისი აღწერა და ყოველივე ახალს სახელიც დაარქვეს.
მრავალი ათწლეულის შემდეგ კი მარკესმა ამერიკის ხელმეორედ აღმოჩენა გადაწყვიტა. მეხიკოში მდებარე თავის პატარა სტუდიაში საბეჭდ მანქანაზე გულმოდგინე კაკუნით მან კონტინენტის დაბადება ხელახლა წარმოიდგინა, რითაც ლათინური ამერიკის მომავალი სამუდამოდ შეცვალა.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი ლათინური ამერიკისთვის პოლიტიკური ძვრების პერიოდი გამოდგა. ჩილე, კოლუმბია და მექსიკა არასტაბილურობას, დიქტატურასა და პოლიტიკურ ძალადობას ებრძოდნენ. ამან უეცარი და ხშირად დამაბნეველი სოციალური ცვლილებები გამოიწვია, რომელთა შორისაც ერნესტო ჩე გევარასა და ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით მომხდარი კუბის რევოლუციაც იყო.
თავისი უზარმაზარი საგის წერა რომ დაიწყო, მარკესი კუბაში მიმდინარე პროცესებით აღფრთოვანებული იყო. ავტორს ყველაზე მეტად დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში ახალი, აშშ-ის ზეწოლისა და მოთხოვნებისაგან თავისუფალი წესრიგის დამყარების პერსპექტივა ხიბლავდა. მის ენთუზიაზმს მრავალი ინტელექტუალი იზიარებდა. მათ შორის იყვნენ მარიო ვარგას ლიოსა, ალბერ კამიუ, ჟან-პოლ სარტრი და სიმონ დე ბოვუარი. თუმცა მომდევნო წლებში ბევრ მათგანს იმედი გაუცრუვდა და მათ კუბის მოდელი უარყვეს. მიუხედავად ყველაფრისა, უდავოა, რომ რევოლუციამ მარტოობის ასი წელიწადის ტონზე დიდი გავლენა იქონია, რადგან ამ ცვლილებამ მარკესს ლათინური ამერიკის უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა.
ეპოსის შეთხზვის პროცესი
შედევრის შექმნა მარტივი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. იმ დროს მარკესი ცოლთან, მერსედესთან და ორ შვილთან, როდრიგოსა და გონზალოსთან ერთად მეხიკოში ცხოვრობდა. ოჯახმა სამშობლო იმიტომ დატოვა, რომ მემარჯვენე მთავრობის მიერ მართულ კოლუმბიაში მწერალი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. სანამ მეხიკოში დამკვიდრდებოდა, მარკესი კარაკასში, პარიზსა და ბარსელონაში ცხოვრობდა. მას სწორედ ამ პერიოდში გაუღვივდა სურვილი, საყოველთაოდ ცნობილი ნოველისტი გამხდარიყო. თუმცა ოჯახს ესპანურენოვანი ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტად მომუშავე მარკესის მცირეოდენი ხელფასით ისედაც ძლივს გაჰქონდა თავი. ავტორის წინა წიგნებს, მართალია, კარგი შეფასებები მოჰყოლოდა, თუმცა კომერციული პოპულარულობა ვერცერთს ვერ მოეპოვებინა. მარკესმა იცოდა, რომ შესანიშნავი ამბის მოყოლა შეეძლო, თუმცა ეპოსის შეთხზვის სწორ ხერხს ვერა და ვერ აგნებდა.
ბევრი ლეგენდა არსებობს იმაზე, თუ როგორ იპოვა მარკესმა წერის შთაგონება და მუზა, თუმცა თავად ამ ისტორიათაგან არცერთი დაუდასტურებია ან გაუქარწყლებია.
ჯერალდ მარტინი მწერლის ბიოგრაფიაში ერთ-ერთ ვერსიას გვთავაზობს: "იგი ოჯახთან ერთად მიემგზავრებოდა დასასვენებლად აკაპულკოში, რომელიც სამხრეთში, მანქანით ერთი დღის სავალზე მდებარეობდა. უკვე სანახევროდ იქ იყვნენ, როცა მწერალმა თავისი 1962 წლის წითელინტერიერიანი თეთრი ოპელი შუა გზაში გააჩერა და უკან გაბრუნდა. მან მოულოდნელად და მთლიანად გაიაზრა, რასაც დაწერდა. მწერალი ორი ათწლეული ეჯახირებოდა პატარა სოფელში მცხოვრები დიდი ოჯახის ამბავს. იმ მომენტში კი მან ეს ისტორია ისევე ცხადად დაინახა, როგორც სიკვდილმისჯილს გაურბენს ხოლმე მთელი თავისი ცხოვრება თვალწინ".
მარტინის მონათხრობის თანახმად, მერსედესმა მაშინვე გააუქმა ოჯახური დასვენება. სახლში დაბრუნებისას კი ქმარს უთხრა, წერა დაეწყო და დაჰპირდა, რომ სანამ ის ახალ რომანზე იმუშავებდა, საოჯახო ხარჯებს თავად მიხედავდა. მართლაც, მწერალი ყოველდღიურობას ჩამოშორდა და წერა დაიწყო. წერაში გატარებული 8 თვის განმავლობაში ის იმ პერსონაჟებით იყო შეპყრობილი, რომლებიც ყურში ჯერ კიდევ ბავშვობიდან ეჩურჩულებოდნენ და თავიანთ ამბებს უყვებოდნენ.
რაც ამის შედეგად შეიქმნა, დღეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. მაკონდოსა და ბუენდიების ოჯახის საგა მომენტალურად იქცა თანამედროვე კლასიკის ნიმუშად და დღეს მას შექსპირისა და სერვანტესის შემოქმედებასაც კი ადარებენ. "ამ წიგნმა არა მხოლოდ ლათინოამერიკული, არამედ, ზოგადად ლიტერატურა ხელახლა განსაზღვრა", — ამბობს ილან სტავანსი, ლათინოამერიკული კულტურის მკვლევარი, რომელსაც მარტოობის ასი წელიწადი 30-ჯერ აქვს წაკითხული.
მარკესი არც ისტორიკოსი იყო და არც სოციოლოგი. ის ამბის მთხრობელად დაიბადა და აურაცხელი ინფორმაციის ახალ მითოლოგიად გარდაქმნა შეეძლო. მარტოობის ასი წელიწადის ხიბლიც ესაა: მწერალმა მრავალ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ლათინური ამერიკის დაბადების ახალი, ჰიპერბოლური ამბავი მოგვითხრო და სწორედ ამით შეძლო მისი კულტურის ხელახლა ინტერპრეტაცია.
ფაქტი და ფიქცია
შეუძლებელია, ყველა იმ წყაროს მოვუყაროთ თავი, რომელთა მეშვეობითაც მარკესმა ახალი სამყარო შექმნა. მათი დიდი ნაწილი იმ ლეგენდებს ეყრდნობა, რომლებსაც მწერალი ბავშვობაში მშობლიურ არაკატაკაში, კოლუმბიის პატარა ქალაქში ისმენდა. რომანის საფუძველი სწორედ ეს ზეპირსიტყვიერი, კარიბული ისტორიებია. მათ გარდა მარკესმა უილიამ ფოლკნერის შემოქმედება და ბერძნული და წინარეესპანური მითებიც გამოიყენა. შთაგონების ყველაზე დიდი წყარო კი მისთვის კოლუმბიის მეთვრამეტე-მეოცე საუკუნეების სისხლიანი ისტორია გახდა. მწერლის გონებაში ყოველივე ჩამოთვლილი ერთმანეთს შეერწყა და ახალ, საკუთარი სიმბოლიკის მქონე ორგანიზმად ჩამოყალიბდა.
გაბომ — როგორც მას მეგობრები და ოჯახის წევრები ეძახდნენ — ამ ამბების ყველასგან გამორჩეულად მოყოლა შეძლო. მან ტემპი და რიტმი ვალენატოსგან — ქალაქ ვალედუპარის ტრადიციული ფოლკლორული მუსიკისგან ისესხა და ის ჟურნალისტურ თხრობის სტილს შეუთავსა. მარკესი მშვენიერი რეპორტიორი გახლდათ, რაც მის პროზაშიც ნათლად ჩანს. მას ყოველდღიური ტრივიალური ისტორიების ჯადოსნურ ზღაპრებად გარდაქმნის ზებუნებრივი უნარი ჰქონდა.
მარტოობის ასი წელიწადი ლათინოამერიკული იდენტობის მძლავრი ალეგორიაა. წიგნში რეგიონში იმხანად გაბატონებულ მრავალ პრობლემას ვაწყდებით: ე.წ. caudillismo-ს ანუ ძლიერთა ბატონობას, მაჩოიზმს, ამბოხს, ძალაუფლებისთვის ბრძოლას, ჭირის სენსა და პოლიტიკურ ძალადობას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რომანი მძიმე სოციალური თემებითაა დატვირთული, მარკესი ყოველივეზე იუმორითა და მოქნილი პოეტური ენით გვიყვება. მძიმე სოციალური სურათის მიღმა დიდი სილამაზე იმალება. როგორც თავად მარკესმა ნობელის პრემიის მიღების შემდეგ ჩატარებულ ლექციაში აღნიშნა, "ტანჯვის, ძარცვისა და მარტოობის მიუხედავად, ცხოვრებას ვაგრძელებთ. ვერავითარი წყალდიდობა, ჭირი, შიმშილობა თუ კატაკლიზმა — საუკუნეების განმავლობაში გაგრძელებული უსასრულო ომიც კი — ვერ ერევა სიცოცხლის უდრეკ ტრიუმფს სიკვდილზე".
ეს დახასიათება, შესაძლოა, კარიკატურას წააგავს, თუმცა მაგიური რეალიზმი ხომ სწორედ გაზვიადებას ემყარება. მარკესის მიერ შექმნილი სამყარო გამადიდებელ შუშას ჰგავს, რომლითაც ლათინურ ამერიკას თავის ნაკლთა და ღირსებათა დანახვა შეუძლია. 1988 წელს მწერალმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: "ვფიქრობ, ჩემს წიგნებს ლათინოამერიკაზე გავლენა იმიტომ აქვთ, რომ ისინი ლათინოამერიკულ იდენტობას ქმნიან და იქაურებს ეხმარებიან, თავიანთ კულტურაში უკეთ გათვითცნობიერდნენ". მართლაც, მარკესის შემოქმედების ძალა მსგავს ცნობიერებაშია.
კომენტარები