რატომ უგულებელყოფს კინო კლიმატის ცვლილებას?
აპოკალიფსზე გადაღებული ფილმების სცენარი დაავადებების გავრცელებაზე, გლობალურ ომებსა თუ უცხოპლანეტელების შემოსევაზე მოგვითხრობს, თუმცა არსებობს ერთი რამ, რასაც ასეთ ფილმებში თითქმის ყოველთვის თავს არიდებენ. ჟურნალისტი ნიკოლას ბარბერი ცდილობს გაიგოს, თუ რატომ არ უსწორებს დღემდე ჰოლივუდი თვალს რეალურ ეკოლოგიურ კრიზისს.
მნიშვნელობა არ აქვს, იმის გჯერათ, რომ ხელოვნება ცხოვრების იმიტაციაა თუ პირიქით, ცხოვრება — ხელოვნების, ხშირად ისე ჩანს, თითქოს 21-ე საუკუნე ჰოლივუდურ ბლოკბასტერს ჰბაძავს. უკვე ბევრი თქვენგანი თავადაც შენიშნავდა, რომ მსოფლიოში ამჟამად არსებული ვითარება ფილმების ინფექცია (Contagion) და 28 დღის შემდეგ (28 Days Later) გამოძახილს ჰგავს. მანამდე კი, კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული მოვლენები — ახალ ამბებში გადმოცემული ინფორმაცია ქარიშხლების, ოკეანის დამანგრეველი ტალღებისა და ტყის მასშტაბური ხანძრების შესახებ, ყველა ისეთ მაღალბიუჯეტიან ფილმს მოგვაგონებდა, რაც კი სამყაროს აღსასრულზე გადაუღიათ.
მიუხედავად ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ საინფორმაციო სიახლეებსა და აპოკალიფსურ ფილმებს შორის არასასიამოვნო კავშირისა, უცნაურია, რომ კლიმატის ცვლილება თითო-ოროლა ფილმში თუა ნახსენები. კაცობრიობისთვის საფრთხის შემცველ მიზეზებს შორის დიდ ეკრანზე ძირითადად მხოლოდ ომს (ილაის წიგნი; შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა; ალიტა: მებრძოლი ანგელოზი), დაავადებას (ზომბილენდი; მსოფლიო ომი Z; ინფექცია; ინფერნო), წამლებს, რომლებიც დაავადებების დასამარცხებლად შეიქმნა (მე ვარ ლეგენდა; მაიმუნების პლანეტის აჯანყება) და დემონებს (ეს არის დასასრული) ასახელებენ. ცხადია, რომ მსგავსი გარდაუვალი აღსასრულის ხილვით სიამოვნების მიღება გარკვეულწილად პლანეტის საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენს შფოთვებს ააშკარავებს, მაგრამ რატომღაც იდეა იმის შესახებ, რომ ატმოსფეროში სითბური აირების გაზრდილ კონცენტრაციას (ე.წ. ნახშირბადის ნაკვალევი), შეიძლება, სამყაროს დასასრულთან რაიმე კავშირი ჰქონდეს, ყურადღების ღირსი ჯერ არ გამხდარა.
განვიხილოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის დაღუპვის სავარაუდო სცენარებზე მოგვითხრობს: ფილმში ბირთვი (The Core) დედამიწის ბირთვი ბრუნვას წყვეტს და მის აღსადგენად ბირთვული აფეთქებები ხდება საჭირო. დენი ბოილის ფილმში მზის ნათება (Sunshine) ამჯერად უკვე მზე გამოდის მწყობრიდან და მისი სიცოცხლისუნარიანობის დასაბრუნებლად კვლავ ბირთვული აფეთქებები უნდა გამოიყენონ. კრისტოფერ ნოლანის ინტერსტელარში (Interstellar) მთავარი პრობლემა მოუსავლიანობაა. ალფონსო კუარონის სურათში კაცობრიობის შთამომავლობა (Children of Men) კი — უშვილობა. ასევე უნდა ვახსენოთ ბონ ჯუნ-ჰოს თოვლისმჭრელი (Snowpiercer), რომელიც კორეელმა რეჟისორმა ოსკაროსანი ფილმის პარაზიტი გამოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე გადაიღო. ამ დისტოპიურ ფილმში მოქმედება ახალ გამყინვარების ერაში ვითარდება. თუმცა იმის ნაცვლად, რომ იგი, მაგალითად, კლიმატის ცვლილებებს გამოეწვია, კატასტროფის მიზეზი მასთან გამკლავების წარუმატებელი მცდელობა გახდა, რის მიღწევასაც "ატმოსფეროს ზედა დონეებში ადამიანის ანტიგენის, CW7-ის, გაბნევით ცდილობდნენ".
ჰოლივუდის ერთადერთი მასშტაბური ფილმი, რომელსაც საპირისპირო გზავნილი აქვს, როლანდ ემერიხის ნამუშევარია — ზეგ (The Day After Tomorrow). გერმანელი სცენარისტი და რეჟისორი ცნობილია ფილმებით დამოუკიდებლობის დღე და გოძილა. ორივე ფილმში ბრწყინვალედ არის ასახული მასობრივი განადგურება, თუმცა ემერიხის ინტერესი ამინდის ექსტრემალური პირობებისა და ეკოლოგიური პრობლემების მიმართ ათწლეულების წინაც აშკარა იყო. სტუდენტურ ფილმში ნოეს კიდობნის პრინციპი (The Noah’s Ark Principle), რომელიც მან 1984 წელს გადაიღო, მოქმედება ვითარდება კოსმოსური სადგურზე, რომელსაც უძლიერესი შტორმების გამოწვევა შეუძლია. 1990 წელს მან კიდევ ერთი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ტრილერი, მთვარე 44 (Moon 44), შექმნა: ფილმში კორპორაციები მინერალების მოპოვებას მთელი გალაქტიკის მასშტაბით ცდილობენ, რადგან დედამიწის ბუნებრივი რესურსები ამოწურულია. მას შემდეგ, რაც ემერიხმა ჰოლივუდში თავი დაიმკვიდრა, არტ ბელისა და უიტლი სტრიბერის წიგნის მოახლოებული გლობალური სუპერშტორმი (The Coming Global Superstorm) მიხედვით და ვარსკვლავური შემადგენლობით 1970-იანების სტილის ფილმი გადაიღო კატასტროფაზე.
მისი სხვა ფილმების მსგავსად ზეგ იმდენად სულელური და კლიშეებით სავსეა, რამდენადაც კინო შეიძლება იყოს ასეთი. თუმცა, ფილმის ზოგიერთი ნაწილი საოცრად კარგად აჩვენებს მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, საკმაოდ წინასწარმეტყველურადაა შექმნილი სურსათის პანიკური ყიდვის სცენები (მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ტუალეტის ქაღალდს არავინ იმარაგებს) და გერმანელი რეჟისორის სატირა დროის გასვლასთან ერთად უფრო აქტუალური გახდა. ფილმში აშშ დიდწილად საცხოვრებლად უვარგისი ხდება, რის გამოც ლტოლვილები მდინარე რიო-გრანდეს სამხრეთით გადასვლას ცდილობენ. თუმცა, ადგილობრივები მათ მექსიკაში არ უშვებენ მანამ, სანამ ლათინოამერიკელების სესხები არ გაუქმდება. ეს იდეა 2004 წლისთვისაც კი თამამი იყო, თუმცა დღეს, მექსიკის საზღვართან "კედლის აშენების" ეპოქაში, რევოლუციურიც კია.
ჰოლივუდის მავნე ჩვევები
რაც მთავარია, რამდენადაც ჰოლივუდი ღელავდა ამაზე, ფილმის ზეგ გამოსვლიდან სალაროები დაცარიელდა. ფილმი 2004 წლის მეექვსე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ნამუშევარი იყო — ქრისტეს ვნებანს ოდნავ ჩამორჩებოდა. გერმანელი რეჟისორის ნამუშევარმა დაადასტურა, რომ კინომ შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს მწვავე ეკოლოგიურ საკითხებზე და თან ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავლები გამოიმუშაოს. მიუხედავად ამისა, ეკოლოგიურ პრობლემებზე ტრილერების გადაღება ამ ფილმის შემდეგაც არ გახდა ტენდენციური. ამ საკითხს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ისეთ დოკუმენტურ ფილმებში, როგორიცაა ოსკაროსანი უსიამოვნო სიმართლე (Inconvenient Truth). თუმცა, მხატვრული ფილმების რეჟისორები ჯერ კიდევ გაურბიან კლიმატის ცვლილებას, თავად ემერიხმაც კი აღარ არჩია ამ საკითხის კვლავ წინ წამოწევა. როდესაც მან გლობალურ კატასტროფაზე კიდევ ერთი ფილმი 2012 გამოუშვა, მსოფლიო წყალდიდობის გამოწვევაში დაადანაშაულა... მზეზე ამოფრქვევები და არა ადამიანის საბედისწერო ქმედებები.
შესაძლოა, ფილმის ზეგ სტრუქტურამ გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნას იმაზე, თუ რატომ არის ის ეკოლოგიურ პრობლემებზე გადაღებული ერთადერთი ჰოლივუდური ნამუშევარი. ფილმი საინტერესოდ იწყება: პროფესორი ჯეკ ჰოლი (რომლის როლსაც დენის ქუადი ასრულებს) ლამის უზარმაზარ ნაპრალში ვარდება, როცა მის ფეხქვეშ, ანტარქტიკაზე, ყინული ერთი მილის სიგრძეზე იბზარება. შემდეგ სცენაში, ის აშშ-ის სკეპტიკოს ვიცეპრეზიდენტს (დიკ ჩეინს, კენეტ უესლის შესრულებით) უხსნის, თუ რა გავლენას ახდენს ჩრდილოატლანტიკური დინება (თბილი წყლის დინება ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში). თუმცა, ემერიხი თეორიულ საკითხებზე დიდი დროის დათმობას საჭიროდ არ მიიჩნევს, სულ მალე კი შემდეგი მოვლენები ვითარდება: ტოკიოში ტენისის ბურთის ზომის სეტყვა ცვივა; ტორნადოები ლოს-ანჯელესს ანადგურებენ; ვერტმფრენები ციდან ვარდება, როდესაც შოტლანდიაში მათი საწვავის ხაზები იყინება; მანჰეტენს შემაძრწუნებლად რეალისტური ცუნამი გადაუვლის, მის ქუჩებს წყალი დაფარავს და ცათამბჯენებს კუნძულებად აქცევს; მოგვიანებით ნიუ-იორკი თოვლითა და ყინულით იფარება. შესაძლოა, მეცნიერული პროგნოზები სათანადოდ დამაჯერებელი არ იყოს, მაგრამ ეს სცენები საკმარისად თვალსაჩინოა იმისთვის, რომ საწვავზე მომუშავე ახალი მანქანის შეძენამდე კარგად დავფიქრდეთ.
მას მერე, რაც ფილმში თითქმის მიწასთან გასწორებულ ცივილიზაციას ვიხილავთ, როგორ გრძელდება მოვლენები? მისი მეორე ნაწილი უმეტესწილად ჯეკ ჰოლის მოზარდი შვილის, სემის (ჯეიკ ჯილენჰოლის შესრულებით) ირგვლივ ვითარდება. ის ნიუ-იორკის ყინვას საჯარო ბიბლიოთეკაში აფარებს თავს, ამ დროს კი ჯეკი მის მოსაძებნად თოვლის გორების გადალახვას ცდილობს. ეს კარგი სცენებია, თუმცა მანამდე ნანახ საყოველთაო განადგურების კადრებთან შედარებით — უმნიშვნელო. ბოლოს და ბოლოს, ვის ანაღვლებს ჯეკი და სემი? ბლოკბასტერები ძირითადად გვაჩვენებს, თუ როგორ ცდილობენ გმირები ათასობით ან მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა: ისინი ვირუსის სამკურნალო საშუალებას ქმნიან ან ბომბის განიარაღება შეუძლიათ. ემერიხის შემოქმედებითი პრინციპით, როგორც წესი, პერსონაჟები ამარცხებენ გიგანტურ მუტანტ ხვლიკს (გოძილა) და უცხოპლანეტელთა საჰაერო ხომალდების ესკადრილიას აფეთქებენ (დამოუკიდებლობის დღე). ამის საპირისპიროდ, ჯეკის მთავარი მიღწევა მხოლოდ ისაა, რომ შვილს იპოვის; დანარჩენ მსოფლიოში კი კვლავ ქაოსია.
იქნებ სწორედ ამიტომაა, რომ კლიმატის ცვლილებები ხშირად უგულებელყოფილია კინემატოგრაფების მიერ? შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ ეს თემა ძალიან მასშტაბური და დაუძლეველია ორსაათიანი ისტორიისთვის? და იქნებ იმიტომაც, რომ ამ პრობლემის მოგვარება კეთილ გმირს ბოროტების უბრალოდ დამარცხებით არ შეუძლია? გარკვეულწილად, ამ ამბის ანტიგმირები თითქმის ჩვენ ყველანი ვართ ყოველდღიურად მიღებული ისეთი პატარა გადაწყვეტილებების გამო, როგორებიცაა თვითმფრინავით მგზავრობა, სტეიკის ჭამა ან უახლესი მობილური ტელეფონის შეძენა. გასაგებია ისიც, რომ უსიამოვნო სიმართლის შეხსენებით ჰოლივუდის კინოსტუდიებს მაყურებელთან ურთიერთობის გაციება არ სურს. კომერციულად რომ ვიმსჯელოთ, უფრო გონივრულია, აპოკალიფსის გამოწვევა შეშლილი მეცნიერების ექსპერიმენტებს ან უცხო ქვეყნის დიქტატორების ბირთვულ რაკეტებს გადავაბრალოთ.
ისიც მართალია, რომ ჰოლივუდს უფლება არ აქვს, გარემოს მიმართ ჩვენს არამეგობრულ დამოკიდებულებაზე გვისაყვედუროს, თუ თავის ბრალეულობასაც არ დაინახავს. ერთი ჩვეულებრივი ფილმის გადაღება რესურსების დახარჯვის თვალსაჩინო მაგალითია: იქნება ეს კერძო თვითმფრინავებით მგზავრობა, ძვირადღირებული ბინების დაქირავება თუ დიზაინერების კოსტიუმების შეკერვა . ფილმიც ზეგ, ცხადია, ამ ყველაფრის ნაწილია. კამერის მიღმა ეს ინდუსტრია სულაც არ არის დანარჩენ სამყაროზე უკეთესი. მისი გამართულობა უამრავი ადამიანის მსოფლიოს გარშემო თვითმფრინავით მგზავრობაზეა დამოკიდებული: ჯერ ფილმის გადასაღებად, შემდეგ კი ამ პროდუქტისთვის პოპულარობის მოსაპოვებლად მოგზაურობენ. 2020 წლის დასაწყისში დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ თავი მოიწონა, რომ ხოაკინ ფენიქსს თავისი წილი შეჰქონდა "პლანეტის მომავლის" გადარჩენაში და რამდენიმე თვის განმავლობაში დაჯილდოებებზე ერთი და იმავე სამოსით გამოჩნდებოდა. ეს განცხადება მასხრად აიგდეს, განსაკუთრებით მათ, ვინც 20 წელია, ისედაც ამას ვაკეთებთ.
მიუხედავად ამისა, ეს განცხადება იმის ნიშანი მაინც იყო, რომ ჰოლივუდმა იცის საკუთარი მავნე ჩვევების შესახებ. ამის ნიშანი კიდევ ის იყო, რომ ამერიკის პროდიუსერთა გილდიამ მწვანე წარმოების რეკომენდაციები გამოსცა და კომპანია SONY-მ გადაწყვიტა, გადასაღებ მოედანზე მზის ენერგიის ბატარეები დაამონტაჟოს. მაგრამ, ჩაანაცვლებს ოდესმე ჯეიმს ბონდი თავის ასტონ მარტინს ველოსიპედით? ჩაიცვამს კი ხოაკინ ფენიქსი სტელა მაკარტნის იმავე კოსტიუმს მომავალი დაჯილდოების სეზონზეც? და როდესაც კინობიზნესი კვლავ აღდგება, გამოუშვებს ჰოლივუდი კიდევ რამდენიმე აპოკალიფსურ ფილმს, რომელიც ისევე შეეხება კლიმატის კრიზისის საკითხს, როგორც ეს ფილმში ზეგ მოხდა?
კომენტარები