როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
ახალი ნაშრომის ფარგლებში მკვლევრები მეთოდებს განიხილავენ, რომლებიც კამათისას რადიკალურ განწყობებს მეტად მოზომილს გახდის.
საკამათო საკითხების განხილვისას, იქნება ეს კანონმდებლობა, მიგრაცია თუ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა, ადამიანებს ხშირად რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, კამათი კი ემოციურ ელფერს იძენს. მკვეთრად ურთიერთსაპირისპირო განწყობების ქონისას მხარეებად დაყოფა, ანუ პოლარიზაცია, ყველაზე მძაფრია.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები შეგვიძლია უფრო მოზომილ პოზიციებამდე მივიყვანოთ, თუ მათი განწყობების საპირისპირო აზრებს გავუღვივებთ. ამ დასკვნამდე დოქტორები კაი სასენბერგი (ლეიბნიცის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი) და კევინ უინტერი (ჰოჰენჰეიმის უნივერსიტეტი) მივიდნენ, გერმანიაში მომუშავე ფსიქოლოგები.
მათი ნაშრომი ჟურნალში Current Directions in Psychological Science გამოქვეყნდა.
სოციუმში ხალხი ბევრ რამეს შეიძლება უდგებოდეს რადიკალურად. მაგალითად, კონსერვატიული პოლიტიკოსები საჯარო დაწესებულებებში გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენებას აჩერებენ; ფერმერები ცხენებზე შუქნიშნებს კიდებენ, რათა გერმანიის მთავრობის მიმართ ბრაზი გამოხატონ. რადიკალურ ქმედებად შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ ხალხის პირადი მონაცემების გასაჯაროებაც, რომლებმაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მიიღეს მონაწილეობა.
რადიკალური განწყობები, რომლებიც ამგვარ პოლარიზაციას განაპირობებს, საკმაოდ რთული შესაცვლელია. ახალ მოხსენებაში სასენბერგი და უინტერი წერენ, რომ, შესაძლოა, საპირისპირო აზრების განზრახ გაღვივებამ მეტად მოზომილ განწყობებამდე მიგვიყვანოს.
"იქნება ეს რთულად ჩამოსაყალიბებელი პირადი მიზნების გახსენება თუ საწინააღმდეგო ფაქტებთან შეპირისპირება. ასეთ კოგნიტიურ კონფლიქტებს [ერთგვარი დისკომფორტი, რომელსაც ადამიანში ურთიერთსაპირისპირო იდეებთან შეჯახება იწვევს] ნაკლებად რადიკალური პოზიციების არჩევამდე მივყავართ" — განმარტავს სასენბერგი — "განსაკუთრებით ამაღელვებელი ისაა, რომ ეს ეფექტი მაშინაც კი თვალსაჩინოა, როდესაც განზრახ გამოწვეულ აზრებს თემის თვალსაზრისით რადიკალურ მოსაზრებასთან საერთო არაფერი აქვს".
ფსიქოლოგები ამას ე. წ. მაინდსეტს უწოდებენ. ეს ფიქრის ერთგვარი ყაიდაა, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში ვლინდება. მაშ, კითხვა შემდეგია: როგორ შეიძლება ადამიანებში ასეთი მაინდსეტი ავამოქმედოთ?
როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები
კვლევები აჩვენებს, რომ რადიკალური განწყობების შესასუსტებლად საპირისპირო აზრები არაერთი მეთოდით შეგვიძლია გამოვიწვიოთ.
მაგალითისთვის, კოგნიტიური კონფლიქტი შეიძლება წარმოშვას ისეთი რიტორიკული შეკითხვების დასმამ, რომლებიც ადამიანს განსხვავებული სცენარის წარმოდგენაში დაეხმარება ("რუსული კანონის მიღებამ დემოკრატია რომ გააქროს?").
ამგვარ მენტალურ კონფლიქტებს ისეთ მიზნებზე საუბარიც წარმოშობს, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღება არც ისე მარტივია (მაგალითად, არჩევანის გაკეთება სამსახურის შენარჩუნებასა და საკუთარი პრინციპების დაცვას შორის).
არაერთი კვლევა მოწმობს, რომ წინააღმდეგობრივ მოსაზრებებზე ფიქრს რადიკალური განწყობის მქონე ადამიანები შედარებით მოზომილ პოზიციებამდე მიჰყავს. მაგალითისთვის, პოლიტიკურად მემარჯვენეებს მიგრანტების მიმართ უფრო მეტი ნდობა უჩნდებოდათ მას შემდეგ, რაც მათში კოგნიტიურ კონფლიქტებს აღძრავდნენ.
არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტსა და მემარჯვენე გერმანელებში. ესაა ისეთი შეკითხვების დასმა, რომლებიც ერთი შეხედვით ადამიანის რადიკალურ განწყობას შეესაბამება, თუმცა მას კიდევ უფრო რადიკალურსა და აბსურდულს ხდის. მაგალითად, დაისვა შეკითხვა: "რატომ გგონიათ, რომ მუსლიმი ლტოლვილების მომრავლების გამო გერმანიაში მალე შობის აღნიშვნა შეწყდება?"
"ასეთი განაცხადები წინააღმდეგობას იმ ადამიანებშიც კი აღძრავს, რომლებიც მუსლიმების გერმანიაში იმიგრაციას არ ემხრობიან", — ხსნის უინტერი.
ადამიანები, რომელთაც თავიდან საკითხისადმი რადიკალური დამოკიდებულება ჰქონდათ, თავის დისტანცირების მიზნით მეტად მოზომილ პოზიციას ირჩევდნენ.
მაშასადამე, იმის მიუხედავად, თუ რა გზით ჩნდება საწინააღმდეგო მოსაზრებები, არის შანსი, რომ ისინი რადიკალური განწყობების მქონე ადამიანებს შედარებით მოზომილ პოზიციებამდე მიიყვანს. ასეთი ფიქრები შედარებით მარტივი ტაქტიკებით შეიძლება გამოვიწვიოთ — ფსიქოლოგების აზრით, სწორედ ეს დაგვეხმარება, რომ განწყობების პოლარიზაცია შევასუსტოთ ინდივიდების დონეზე.
კომენტარები