მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
იაპონელი მეცნიერები კიოტოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში "კბილების ზრდის წამალზე" მუშაობენ. ისინი სულ მალე პირველ კლინიკურ კვლევებს დაიწყებენ.
იაპონური სტარტაპ Toregem Biopharma-ს მკვლევრები ცდილობენ დაეხმარონ ისეთ პაციენტებს, რომლებსაც დაბადებიდან კბილები აკლიათ. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც თანდაყოლილი ანოდონტია ჰქვია.
პაციენტები მიიღებენ ანტისხეულების მკურნალობას, რომელიც დეაქტივირებს ცილას, სახელად USAG-1. ითვლება, რომ ეს ცილა "კბილის კვირტების" განვითარებას ხელს უშლის, რაც საბოლოოდ კბილის ჩამოყალიბებისთვის სერიოზული პრობლემაა.
ამ მდგომარეობის მქონე ადამიანები იმპლანტებსა და პროთეზირებას მიმართავენ. და, აი, ახლა მკურნალობის ეს მეთოდი მესამე და ბევრად უფრო კომფორტულ ალტერნატივას აჩენს.
მკვლევრების თქმით, მათ მიერ შემუშავებული მკურნალობის მეთოდი გამოსადეგი იქნება, როგორც ანოდონტიის მქონე პაციენტებისთვის, ისე მათთვის ვინც კბილები კარიესის გამო დაკარგა.
ადამიანზე კვლევები სექტემბერში დაიწყება და მასში მონაწილეობას 30 ზრდასრული კაცი მიიღებს. მათგან ყველას მინიმუმ ერთი კბილის დანაკლისი ექნება. კვლევების მეორე ფაზა სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება და მასში ორიდან შვიდ წლამდე ასაკის პაციენტები იქნებიან ჩართული. აღსანიშნავია, რომ პაციენტებს თანდაყოლილი ანოდონტია ექნებათ.
ცნობისთვის, მკვლევრებმა მკურნალობის ეს მეთოდი ცხოველებზე წარმატებით გამოცადეს და ეს ყველანაირი უარყოფითი გვერდითი ეფექტების გარეშე.
"ახალი კბილების გაზრდის იდეა ყველა სტომატოლოგის ოცნებაა. ამაზე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ", — ამბობენ კვლევის ავტორები.
კომენტარები