ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით ხვდება. სხვადასხვა დარგის ექსპერტები საუბრობენ საფრთხეებზე, რომლებიც ამ კანონმა შეიძლება გააჩინოს.
კანონის მიღება აჩენს რისკებს, რომ ეს ქვეყნის განვითარებაზე ცუდად იმოქმდებს. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებდა თუ როგორ შეიძლება ეს აისახოს მეცნიერებასა და განათლებაზე. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ ნანა დიხამინჯიას, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელს.
ნანას თქმით, 90-იან წლებში საქართველოში კვლევითი ინსტიტუტები და საწარმოები ბოლომდე დაიშალა, რამაც მეცნიერების მიმართულებით ისედაც კრიზისული ვითარება კიდევ უფრო გააუარესა. ეს ყველაფერი 2003 წლამდე გაგრძელდა, სანამ არ გამოჩნდა დასავლური დაფინანსებები.
"ამ ფულის უკეთ გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ პროგრესი მაინც სახეზეა", — ამბობს ნანა.
ნანას თქმით, ის რომ საქართველოში მეცნიერების განვითარებაში დასავლეთს დიდი როლი ჰქონდა, ამის დასანახად უბრალოდ ფაქტების გადამოწმებაა საჭირო.
"ავიღოთ 20 წამყვანი უნივერსიტეტი და ვნახოთ, თუ ვისი დაფინანსებულია შესაბამისი სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური პროექტები. ეს ყველაფერი ინტერნეტშია ხელმისაწვდომი და ამის ნახვა ყველას შეგვიძლია. იქნება ეს გაცვლითი პროგრამა, სამეცნიერო კვლევა, პროფესორებისა თუ სტუდენტების კონფერენციებზე გაშვება, ყველაფერი ეს არის დასავლური დაფინანსებით", — აღნიშნა ნანამ.
ნანას აზრით, ქვეყნის არადემოკრატიულობაზე ისიც მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს აქვს ბერკეტები რითაც უნივერსიტეტებზე მოქმედებს. ამით სახელმწიფო უნივერსიტეტებს ერთგვარად "აშანტაჟებს", რის გამოც ბევრი უნივერსიტეტი რუსულ კანონს საჯაროდ ვერ გმობს.
"ამის მაგალითია შავი ზღვის უნივერსიტეტი, როდესაც შეთხზული მიზეზების გამო შარშან უნივერსიტეტს ერთი წლით სტუდენტების მიღება შეუზღუდეს. რა თქმა უნდა, ამან ძალიან ცუდად იმოქმედა და ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი დაწია უკან. დღეს ყველა უნივერსიტეტს ასეთი ბერკეტების ეშინია. იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტები საჯაროდ დააფიქსირებენ თავიანთ აზრს, ეს ყველაფერი მათ ავტორიზაციაზე ცუდად შეიძლება აისახოს", — ამბობს ნანა.
ნანას თქმით, ეს კანონი ჩვენს ახალგაზრდებს განათლების გარეშე დატოვებს, ვეღარ მოხდება მათი უცხოურ უნივერსიტეტებში გაგზავნა და რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ვეღარ მოხერხდება საერთაშორისო პროგრამებში ჩართვა. ყველაფერი ეს ქვეყნის განათლებას სრულ იზოლაციაში მოაქცევს.
"დღეს ყველა სფეროს ტექნოლოგიები ავითარებს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ კანონს სულ 2 წლით მივიღებთ, ეს 10 წლიან ჩამორჩენაზე აისახება. შედეგად ყველა წამოწყებული პროექტი გაჩერდება და მათ თავიდან დასაწყებად ბევრი წელი დაგვჭირდება", — ამბობს ნანა.
ნანას თქმით, დღეს საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს განვითარებული ევროპული ქვეყანა და ამის საწინააღმდეგოდ, რუსული კანონის მიღებით ყველაფრის დაკარგვის საფრთხეა.
"ახლა არის სერიოზული საფრთხე, რომ ქვეყანა მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით კვლავ 90-იანებში დაბრუნდება", — ამბობს ნანა.
ინტერვიუს სრულად მოსმენა აქ შეგიძლიათ.
კომენტარები