რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
"არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან".
უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის ფონზე დღეს სოციალური ქსელის არაერთი მომხმარებელი [1, 2, 3, 4] წერს, რომ უცხოური, უმეტესად უკრაინული, ნომრებიდან ურეკავენ, უცენზურო სიტყვებით მიმართავენ და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებიან.
უცხოეთიდან შემოსული ზარების თემას ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი.
როგორც ანდრო ამბობს, მინიმალურია იმის ალბათობა, რომ დარეკვით ვინმე ჩვენი ტელეფონიდან ინფორმაციის მოპარვას შეძლებს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ზარისას ინფორმაცია თავად არ გავცეთ:
"არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან — არსებობს დიდი თანხების ჩამოჭრის საფრთხე", — აცხადებს ის.
ანდრო ხაზს უსვამს, რომ დღესდღეობით ჩვენი ხმაც ერთგვარი ინფორმაციაა, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ყალბი მასალის შესაქმნელად გამოიყენონ.
"დღეს ინფორმაციად განიხილება ასევე თქვენი ხმა, რომლის ჩაწერასაც შეიძლება ემსახურებოდეს ეს ზარი და შემდგომ, ამ ხმით ფეიკ შეთქმულების ორგანიზების საუბარი ან ლანძღვა-გინების ან სექსუალური კონტენტის ფაბრიკაცია მოახდინონ დისკრედიტაციის მიზნით. საუკეთესოა, თუ არ უპასუხებთ ზარს ან გინებაზე მაინც არ უპასუხებთ გინებით", — ამბობს ანდრო.
საგულისხმოა ისიც, პირდაპირ სატელეფონო კონტაქტისგან განსხვავებით, უცხოური ზარის აპლიკაციებში მიღება სხვა რისკებს შეიცავს და არც ისე უსაფრთხოა:
"სატელეფონოსგან განსხვავებით, აპლიკაციაში (ვაიბერი, ვათსაპი, ცუმ ბაიშპილ) განხორციელებული უცხო ზარები არ არის უსაფრთხო‼️ ამ დროს ინფორმაციის მოპარვა ან ტელეფონის დავირუსება შესაძლებელია, ტექნოლოგიურად სხვა ზარია და ამიტომ. ვათსაპში ამგვარი შემთხვევები ცნობილია, ძალიან ცნობილიც კი, პეგასუსი, მაგალითად. ეს ხვრელი ამჟამად ამოქოლილია, მაგრამ რადგან ასეთი პრეცედენტი იყო, არ უპასუხოთ უცხო ზარს აპლიკაციებში", — წერს ანდრო გოცირიძე.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ზარზე გაცილებით სახიფათოა ტექსტური შეტყობინება, რადგან, შესაძლოა, იგი ვირუსს ან საზიანო პროგრამას შეიცავდეს. სწორედ ამის გამო დაუშვებელია რაიმე ბმულზე გადასვლა ანდა ფაილის ჩამოტვირთვა.
"აქ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოქმედების (ბმულზე გადასვლა, ჩამოტვირთვა, ფაილის გახსნა) განხორციელების შემთხვევაში დამნაშავემ წვდომა მიიღოს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, პაროლებზე, მიმოწერაზე და სხვა", — განმარტავს ანდრო.
კომენტარები