Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
Boeing-ის ახალი ხომალდის Starliner პირველი ეკიპაჟიანი მისია 7 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა რაკეტა Atlas V-ის პრობლემის გამო გადაიდო.
როგორც ცნობილია, ხარვეზი მის მეორე საფეხურ Centaur-ის ჟანგბადის მაკონტროლებელ სარქველში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ინჟინრების ჯგუფმა დაადგინა, რომ რაკეტა ისეთ კონფიგურაციაში არაა, რომ დღეს ფრენა შეძლოს", — განაცხადეს საკონტროლო ცენტრში აპარატის გაშვებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე. მისია თბილისის დროით 06:34 საათზე იყო ჩანიშნული.
რაკეტა Atlas V ამერიკული კომპანია United Launch Alliance-ის მიერაა წარმოებული. ის ფრენებში 2002 წლიდან გამოიყენება და წარმატების 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. ამის მიუხედავად, კოსმოსში Starline-ის გატანით ის ეკიპაჟიან მისიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
NASA-ს ინფორმაციით, ეს ისტორიული ფრენა 10 მაისზე ადრე ვერ განხორციელდება.
თუ ამ დროს Starliner კოსმოსში გავა, ის ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მიიყვანს. ეკიპაჟი ორი ადამიანისგან შედგება, ესენი არიან ბარი უილმორი და სანი უილიამსი, რომლებიც ორბიტაზე 1 კვირას გაატარებენ. 1968 წლის შემდეგ ისინი პირველები იქნებიან, რომლებიც აშშ-ის კოსმოსური ძალების სადგურიდან გაფრინდებიან. ასევე, პირველები, რომლებიც 1963 წლის შემდეგ რაკეტა Atlas-ით იმგზავრებენ (მაშინ გორდონ კუპერი Mercury-Atlas 9-ით გაფრინდა).
აღსანიშნავია, რომ Starliner, SpaceX-ის ხომალდის შემდეგ, რიგით მეორე აპარატი იქნება, რომელიც აშშ-ის ტერიტორიიდან გაეშვება ხოლმე.
კომენტარები