რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ქართული გამომცემლობებისგან 2021 წელს
პანდემიის დაწყებისას ბევრნაირი იმედისმომცემი ვარაუდი გამოითქვა, თუ რას შეგვძენდა ეს გამოცდილება, როგორ გადავაფასებდით ღირებულებებს, რამდენად უკეთესობისკენ შეიცვლებოდა კაცობრიობა და ა.შ. ამათგან რომელიმეს რეალურად ახდენა საკუთარ თავზე ან ჩემ ირგვლივ მყოფებზე არ მიგვრძნია (ალბათ, უფრო სულ პირიქით), მაგრამ გასული წელი რამდენიმე ცხადი, მარტივი და გაცვეთილი ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ შეხსენებაში ნამდვილად დაგვეხმარა: მაგალითად ის, რომ ერთი ქვეყნის, სახლისა თუ ოთახის ჩაკეტილ საზღვრებშიც კი ლიტერატურის საშუალებით შეუზღუდავად შეგიძლია იმოგზაურო არა მხოლოდ სხვა ქვეყნებში, არამედ არარსებულ სამყაროებში და როგორც წარსულის, ისე მომავლის დროშიც კი.
შესაბამისად, ბევრი მკითხველი ახლა კიდევ უფრო დიდი იმედით ელის იმ სიახლეებს, რომლებსაც ქართული გამომცემლობები უახლოესი თვეების განმავლობაში შემოგვთავაზებენ. რამდენადაც ამის გაგება თავადაც მთელი გულით მინდოდა, დღეს წარმოდგენილ მნიშვნელოვანი და საინტერესო არჩევანის მქონე გამომცემლობებს ვთხოვე, იმ რამდენიმე გამორჩეული წიგნის შესახებ წინასწარ გაენდოთ ინფორმაცია, რომელთაც 2021 წელს გამოსცემენ.
აი, რას უნდა ელოდნენ ქართველი მკითხველები:
სულაკაურის გამომცემლობა
ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეს ქართველ მკითხველს ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სულაკაურის გამომცემლობა სთავაზობს. როგორც სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნეს, ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს წელი იქნება:
"2021 წელს შემოგთავაზებთ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ავტორებს, რომლებსაც უკვე ძალიან კარგად იცნობს ჩვენი მკითხველი და მათ ახალ წიგნებს დიდი ხანია ელოდება. ვთარგმნით იმ ავტორების მნიშვნელოვან ნაწარმოებებსაც, რომლებმაც მსოფლიო აღიარება უკვე მოიპოვა, თუმცა, ქართველი მკითხველი მათ ჯერ არ იცნობს. ერთი პირობის გაცემა აქედანვე შეგვიძლია: მკითხველებს ხარისხიან და ღირებულ ლიტერატურას ნამდვილად არ მოვაკლებთ", — აცხადებენ სულაკაურის გამომცემლობაში.
ამის დასადასტურებლად კი ის რამდენიმე წიგნი დააანონსეს, რომელთაც უახლოეს მომავალში გამოსცემენ. დავიწყოთ ქართველი ავტორებით: 2019 წელს ხელახლა დაბეჭდილი რომანი ვა, სოფელო ქართველი მკითხველისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა და დაგვიანებით, თუმცა მაინც დაფასდა მისი ავტორი, ზაირა არსენიშვილი. გასულ წელს გამოიცა არსენიშვილის მოთხრობების კრებული კენჭები, წელს კი მის რომანს რეკვიემი იხილავს მკითხველი.
კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი ავტორი, რომლის ახალ ნაწარმოებსაც სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს, თამთა მელაშვილია: წიგნების გათვლა და აღმოსავლეთით შემდეგ მისი მესამე რომანის — შაშვი შაშვი მაყვალი წაკითხვის შესაძლებლობა მოგვეცემა. ვინც უკვე იცნობს ამ ავტორის შემოქმედებას და გაფაციცებით ელოდება მისგან სიახლეებს, გამომცემლობაში გვპირდებიან, რომ ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს და თამთა მელაშვილის ახალი წიგნი სულ მალე გამოიცემა.
განსაკუთრებული სიახლეები გველის უცხოელი ავტორების ახალი თარგმანების მხრივაც: წელს გამოიცემა ირლანდიელი მწერლის სალი რუნის ბესტსელერი რომანი ჩვეულებრივი ხალხი, რომლის სატელევიზიო ეკრანიზაციაც შარშან გამოვიდა. ასევე ითარგმნება თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, დონა ტარტის რომანი ჩიტბატონა, რომელსაც 2014 წელს პულიცერის პრემია გადაეცა.
უკვე ითარგმნება და წელს მოგვეცემა მშობლიურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა ინდოელი ავტორის არუნდატი როის წიგნისა უსაზღვრო ბედნიერების სამინისტრო. ამ ავტორს მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც კარგად იცნობენ მისი სადებიუტო რომანით წვრილმანების ღმერთი, რომელიც თამარ ჯაფარიძემ შესანიშნავად გადმოაქართულა და მის მეორე რომანსაც სწორედ ის თარგმნის. შესაბამისად, კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს, რომ ამ წიგნის გამოცემას დაველოდოთ.
სულაკაურის გამომცემლობამ 2020 წელს წარმოგვიდგინა წიგნების ახალი სერია აკადემია, რომელიც პოპულარულ სამეცნიერო ნაშრომებს აერთიანებს და მის ფარგლებში უკვე გამოიცა იუვალ ნოახ ჰარარის საპიენსი და ნოამ ჩომსკის თანხმობის წარმოება. წელს ამავე სერიით გამოიცემა ჰარარის კიდევ ერთი გახმაურებული ნაწარმოები ჰომო დეუსი და საყოველთაოდ ცნობილი ასტრონომისა და მეცნიერის კარლ სეიგანის კოსმოსი.
დიოგენე
გარკვეული მიზეზების გამო არც ისე ხშირად ვართ განებივრებული დიოგენეს ახალ-ახალი გამოცემებით, თუმცა ყოველთვის, როცა ეს გამომცემლობა სიახლეს გვთავაზობს, ვრწმუნდებით, რომ ლოდინად ნამდვილად ღირდა (თანაც ამ პერიოდში იმ უკვე გამოცემული წიგნების საფუძვლიანად ათვისება შეგვიძლია, რომელთაც მანამდე სათანადო დრო ვერ დავუთმეთ).
გამომცემლობაში აცხადებენ, რომ წელს განსაკუთრებული შემართებით არიან და ერთგულ მკითხველებს უკვე ნაცნობი ავტორების ახალ თარგმანებთან ერთად, როგორც დიოგენესთვისაა დამახასიათებელი, ბევრისთვის სრულიად უცნობ და საინტერესო წიგნებსაც შესთავაზებენ.
სულ მალე გამოიცემა მოთხრობების ორი ახალი კრებული: პირველი ებრაული წარმოშობის ცნობილ იტალიელ ქიმიკოსსა და მწერალს, პრიმო ლევის ეკუთვნის და მისი სახელწოდებაა პერიოდული სისტემა; ხოლო მეორე ირლანდიური ლიტერატურის გამოჩენილი ავტორის უილიამ ტრევორის კრებულია, სახელწოდებით ნაწვიმარზე.
დიოგენემ ქართველ მკითხველს პირველმა გააცნო არაერთი მნიშვნელოვანი კანადელი მწერალი ქალი, იქნება ეს მარგარეტ ეტვუდი, ელის მანრო თუ მარგარეტ ლორენსი და წელსაც კანადური ლიტერატურის კიდევ ერთი გამორჩეული ქალი შემოქმედის წიგნს წარმოგვიდგენს — მევის გალანტის მეთხუთმეტე უბნიდან. მართალია, იტალიური წარმოშობით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ავტორია ნატალია გინძბურგიც, რომლის წიგნი ოჯახური ლექსიკა ასევე წელს გამოიცემა.
ახალ სახელებთან ერთად ვიხილავთ უკვე კარგად ნაცნობი ავტორების ახალ თარგმანებს: მათ შორისაა ფილიპ როთის ძუძუ (აქამდე დიოგენეს გამოცემული ჰქონდა ამ ავტორის რომანები პორტნოის სინდრომი და ამერიკული პასტორალი), ბოჰუმილ ჰრაბალის საგანგებო დანიშნულების მატარებლები (აქამდე გამოცემული იყო ამ ავტორის რომანები ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს და მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა) და მატიას ენარის კომპასი (აქამდე გამოცემული იყო ამ ავტორის რომანი ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე).
სიახლეებს ასევე უნდა ველოდოთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაშიც. დიოგენე ორი ქართველი ავტორის სადებიუტო რომანებს გამოსცემს და მათ შორის ერთ-ერთი ირმა ტაველიძეს ეკუთვნის, რომელსაც მკითხველი ძირითადად თავისი მთარგმნელობითი საქმიანობით იცნობს: მან მიშელ უელბეკის პლატფორმა და პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს წერილები აქ და ახლა თარგმნა. ირმა ტაველიძე ასევე ავტორია ესეების კრებულისა სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები. წელს გამოსაცემად დაგეგმილი მეორე ქართული რომანი კი თამარ ბართაიას ავტორობით იქნება, რომლის სახელიც აქამდე უფრო, ალბათ, მაყურებლებისთვის იყო კარგად ნაცნობი, რადგან ის არაერთი სპექტაკლის, ფილმისა თუ სატელევიზიო სერიალის სცენარისტია. აღსანიშნავია, რომ თამარ ბართაიას 2010 წელს პრემია საბა გადაეცა პიესისათვის მთავარი როლი და საინტერესოა, რამდენად წარმატებული გამოდგება მისი რომანის დებიუტი.
ინტელექტი
ქართულ საგამომცემლო სფეროში სულ უფრო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ინტელექტი იმ სახასიათო ხედვით შერჩეული წიგნებით, რომელთაც თავის მკითხველს სთავაზობს. სწორედ მსგავსი ხელწერის შენარჩუნებას გვპირდებიან 2021 წელსაც იმ არაერთი მნიშვნელოვანი სიახლით, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, ბევრი აქედანვე დაადგამს თვალს:
ამ წლის განმავლობაში გამოიცემა სხვადასხვა დროს ნობელის პრემიით დაჯილდოებული სამი ავტორის ცნობილი წიგნები: პოლონელი ოლგა ტოკარჩუკის აღიარებული რომანი წიგნები იაკობისა (პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა), ავსტრიელი პეტერ ჰანდკეს მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება (გერმანულიდან თარგმნა მზია გალდავაძემ) და ამერიკელი ტონი მორისონის სულა (ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ).
ბოლო წლებში ქართული გამომცემლობები ხშირად გვთავაზობდნენ წიგნების სერიებს და მათ შორის, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აკრძალული წიგნების თაროა, რომელიც სხვადასხვა დროსა და ქვეყანაში განსხვავებული მიზეზებით დაცენზურებულ წიგნებს აერთიანებს. სწორედ ამ სერიაში გამოიცემა წელს თანამედროვე სირიელი რომანისტის – ხალიდ ხალიფას წიგნი სიკვდილი მძიმე შრომაა (არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ), რომელიც 2019 წელს ამერიკული National Book Award-ის ფინალისტი იყო. ასევე ითარგმნება მეოცე საუკუნის ევროპული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის – არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი მზის დაბნელება (გერმანულიდან თარგმნა გიორგი შატბერაშვილმა). აღსანიშნავია, რომ ამავე სერიაში ვიხილავთ ჯორჯ ორუელის ორ საკულტო ნაწარმოებს, რომელთაც ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს, თუმცა ინტელექტი მათ ახალ თარგმანებს შემოგვთავაზებს: ცხოველების კარ-მიდამო (მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე) და 1984 (მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი).
როგორც წესი, გამომცემლობა ინტელექტი განსაკუთრებით აქტიურად აქვეყნებს ქართველი ავტორების ნაწარმოებებს და 2021-შიც ზღვა სიახლეს უნდა ველოდოთ: გამოიცემა რომანები და პროზაული კრებულები ისეთი თანამედროვე მწერლებისა, როგორებიც არიან ირაკლი სამსონაძე, სალომე ბენიძე, მაკა ჯოხაძე, ტორესა მოსი თუ ერეკლე დეისაძე და ასევე დაიბეჭდება ბესიკ ხარანაულის, ვახტანგ ჯავახაძის, გაგა ნახუცრიშვილისა და ნინო სადღობელაშვილის ახალი პოეტური კრებულები.
წიგნები ბათუმში
ეს გამომცემლობა ამ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ჰორიზონტზე და ქართველი მკითხველის შიმშილი ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, კიბერპანკისა თუ საშინელებათა ჟანრის მსოფლიოში უკვე აღიარებული, თუმცა ქართულად მანამდე ჯერ არ ნათარგმნი წიგნების გამოცემით დააკმაყოფილა.
როგორც ჩანს, წელს მათგან კიდევ უნდა ველოდოთ სიურპრიზებს:
"2021 წელს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნით დავიწყებთ: ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა გერტრუდ სტაინი და სულ მალე, იანვრის ბოლომდე გამოვა მისი რომანი სამი სიცოცხლე. ასევე ძალიან მალე გამოდის გუსტავ მაირინკის დასავლეთის სარკმლის ანგელოზი — ესეც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გამოცემაა, რადგან მაირინკის პირველად ქართულად გამოცემის პატივი ჩვენ გვერგო რომან გოლემით", — ამბობს გამომცემელი მარი კორინთელი.
გამომცემლობა წიგნები ბათუმში ჟანრულ ლიტერატურასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მწერალ ქალებს: სერიაში საკუთარი ოთახი იმ წიგნებს გამოსცემენ, რომელთა ავტორებმაც თავიანთი ცხოვრებითა და შემოქმედებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს როგორც ქალთა უფლებების გაძლიერებაში, ისე საერთო თანასწორობისთვის ბრძოლაში. წელს სწორედ ამ სერიაში განსაკუთრებული სიახლეებია დაგეგმილი: ენ ენრაიტის 2007 წელს ბუკერის პრემიაზე საუკეთესო რომანად დასახელებული თავმოყრა; როგორც მარი კორინთელი აღწერს, "ძალიან საინტერესო, ხმაურიანი და გამორჩეული თანამედროვე რუსი ხელოვანის", ლორა ბოჩაროვას ზეთისხილის წვენი და ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი ავტორის შარლოტ პერკინს გილმანის 1911 წელს გამოქვეყნებული ფემინისტური უტოპია მთების გადადგმა.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სამომავლო გეგმებისა, რომელთა განხორციელებას ეს გამომცემლობა უახლოესი თორმეტი თვის განმავლობაში აპირებს: მათ შორის სერია უკვდავ ბიბლიოთეკას შეემატება დიდი ამერიკელი კლასიკოსის, რობერტ პენ უორენის რომანი მეფის მთელი ამალა, რომელიც 1946 წელს პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა.
პალიტრა L
როგორც გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენელი, ანანო თავხელიძე On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, პანდემიის მიუხედავად, გასული წელი მაინც წარმატებული გამოდგა მათთვის: სამასამდე ახალი წიგნი შესთავაზეს მკითხველს, ამავდროულად კი მათი გამოცემული ნაწარმოებები ისეთი ლიტერატურული პრემიებით დაჯილდოვდა, როგორებიცაა საბა და ლიტერა. შესაბამისად, მკითხველებს სიახლეებს არც წელს მოაკლებენ.
"ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, ალბათ, მაინც Queen's Gambit (ლაზიერის გამბიტი) იქნება. ამ წიგნის მიხედვით გადაღებულმა სერიალმა არაერთი რეკორდი მოხსნა და საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდი იყო. ჩვენ მოვახერხეთ უფლებების მოპოვება და ვფიქრობთ, გაზაფხულზე უკვე შესაძლებლობა ექნება მკითხველს, რომ წიგნი ქართულ ენაზე წაიკითხოს", — აცხადებს გამომცემლობის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
ნეტფლიქსის ეკრანიზაციის შემდეგ გაპოპულარულებულ ამ ამერიკულ რომანთან ერთად, რომლის ავტორიც უოლტერ ტევისია, პალიტრა L იმ მნიშვნელოვანი მწერლების წიგნებსაც შემოგვთავაზებს, რომელთაც საერთაშორისო ლიტერატურული სამყარო უკვე კარგად იცნობს: მათ შორისაა ბრიტანელი მწერლის ბერნარდინ ევარისტოს Girl, Woman, Other, რომელსაც 2019 წელს მარგარეტ ეტვუდის რომანთან The Testaments ერთად ბუკერის პრემია გადაეცა, და ნიგერიელი მწერლის ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის 2013 წელს გამოქვეყნებული უმნიშვნელოვანესი რომანი Americanah. გასულ წელს გამოიცა ამავე ავტორის კიდევ ერთი ცნობილი წიგნი ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ.
ეს გამომცემლობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჟანრულ ლიტერატურას და სერია პორტალის ფარგლებში სამეცნიერო ფანტასტიკისა თუ ფენტეზის ჟანრის წიგნებს გამოსცემს. წელს ამ სერიით ითარგმნება ლეგენდარული ჯ.რ.რ. ტოლკინის გონდოლინის დაცემა და საპატიო ადგილს დაიკავებს ამავე ავტორის უკვე გამოცემული წიგნების – ბეჭდების მბრძანებელი, ბერენი და ლუთიენი, სილმარილიონი და ჰურინის შვილები – გვერდით.
ზოლიანი კატა
ზოლიანი კატა შედარებით ახალი და პატარა გამომცემლობაა, რომელიც ძირითადად საბავშვო წიგნებზე მუშაობს, თუმცა გამორჩეულად მაღალი ხარისხისა და საინტერესო წიგნების გამო უკვე მრავალი მკითხველის გული მოიგო: ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული წიგნია ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან, რომლის შესახებაც ადრე მოგიყევით.
გამომცემლობის ხელმძღვანელი ნიკი თარხან-მოურავი პირველ რიგში იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელთა გამოვლაც ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო მთელ ქართულ საგამომცემლო სფეროს გასულ წელს მოუწია.
"ალბათ, ბევრმა იცის, რომ საქართველოში გამოცემული წიგნების უმეტესობა საზღვარგარეთ იბეჭდება და შესაბამისად, ჩვენი წარმოების ხარჯი უცხოურ ვალუტაზეა დამოკიდებული, რის გამოც ბოლო პერიოდში გაიზარდა წიგნების თვითღირებულება. ასევე ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და მათთვის წიგნის ყიდვა ახლა ფუფუნებაა. პანდემიის გამო ჩვეულ ფორმატში არ ჩატარდა წიგნის ბაზრობები, ძალიან ბევრი პროექტი შეფერხდა და გადაიდო. მიუხედავად ამისა, იმედს მაინც არ ვკარგავთ, რომ ამ კრიზისიდან თავს დავაღწევთ და ჩვენ უკვე გამოსაცემად რამდენიმე წიგნს ვამზადებთ", — ამბობს ნიკი.
და აი, სამომავლო პროექტებიც: ყველაზე დამაინტრიგებლად დებიუტანტი ავტორის ირაკლი კეიდიას ფენტეზის ჟანრის გრაფიკული რომანი ანუნაკები გამოიყურება. დამეთანხმებით, ქართული ლიტერატურა განებივრებული არ არის ჟანრული ნაწარმოებებით, ამიტომაც ეს ამბავი აქედანვე შეგიძლიათ მოინიშნოთ, რომ შემთხვევით მხედველობიდან არ გამოგრჩეთ.
რადგანაც ჟანრული ლიტერატურის ნაკლებობა ვახსენეთ, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ქართულად თითქმის არ იწერება საყმაწვილო რომანები. სწორედ ამ დანაკლისის ნაწილობრივ შევსებას ეცდება თეა თოფურიას უჩინარი სახლი — რომანი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები მეგობრების უცნაურ თავგადასავალზე.
ზოლიანი კატა ასევე ტრადიციულად აგრძელებს სურათებიანი საბავშვო წიგნების გამოცემას: სულ მალე იხილავს მზის სინათლეს ია გაბუნიას წიგნი სად გაქრა დედამიწა, რომელიც მზის სისტემაში მოულოდნელად გაუჩინარებული ჩვენი მშობლიური პლანეტის მაძებარ ორ უცნაურ არსებაზე მოგვითხრობს; თანამედროვე ქართველი მწერლისა და დრამატურგის დათო გაბუნიას თარგმანით კი გამოიცემა მთელ მსოფლიოში ძალიან ცნობილი სურათებიანი წიგნი საძაგელი არსებების ქვეყანაში, რომელიც სკოლამდელი ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული (თუმცა არც უფროსი მკითხველები ინანებენ მის წაკითხვას).
გამომცემლობაში ასევე დასაბეჭდად ამზადებენ ვაჟა-ფშაველას ყველასთვის საყვარელ შვლის ნუკრის ნაამბობს, რომელსაც ანკა ბოჭორიშვილის ახალი და თვალწარმტაცი ილუსტრაციები დაამშვენებს.
როგორც თავადვე დარწმუნდებოდით, წელს ქართველ მკითხველს წინ ნამდვილად საინტერესო ლიტერატურული თავგადასავლები ელის: ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის თავის საკბილოს. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, აქედანვე დავიჭიროთ თადარიგი და თანხის შეგროვება დავიწყოთ, რათა თავის დროზე რჩეული ახალი წიგნების სახლში წამოცუნცულება და ჩვენს თაროზე ადგილის მიჩენა დანანების გარეშე შევძლოთ.
კომენტარები