მივიწყებული ისტორიის შეხსენება — ყოჩაღი ქართველი ქალების ამბები
იყო და არა იყო არა — ყველა ჩვენგანს ამ წინადადებით დაწყებული არაერთი ისტორია მოგვისმენია, განსაკუთრებით მცირე ასაკში, რათა მათი საშუალებით ერთი შეხედვით ჯადოსნურ სამყაროში გვემოგზაურა, თუმცა სინამდვილეში, იმ რეალური ცხოვრების შეფარული გაკვეთილები მიგვეღო, რომლის კარსაც სულ მალე შევაღებდით.
ასეთი ამბების უმეტესობას ერთი რამ აერთიანებს: ხშირ შემთხვევაში მათი მთავარი გმირი მამაცი ბიჭია და სწორედ ის ამარცხებს ურჩხულს, ასულელებს დევს, რთულად, თუმცა მაინც წარმატებით უმკლავდება დაბრკოლებებს და სხვების გადამრჩენადაც გვევლინება. ცხადია, არაერთი ზღაპარი გაგახსენდებათ თუნდაც ამ აბზაცის კითხვისას, რომლის სიუჟეტის ძირითადი ხაზი გოგო პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება, თუმცა, მათაც ერთი რამ აერთიანებთ: როგორც წესი, ისინი პრინცესები არიან, რომელთაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ; სხვებს კი, ვისაც მსგავსი მაღალი სოციალური სტატუსი არ ხვდათ წილად, საბოლოოდ მაინც სხვისი, ზემოთ ხსენებული გმირი ბიჭების შველა სჭირდებათ.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში კაცობრიობამ ნელ-ნელა დაიწყო ამ ტრადიციული ფაბულის გადააზრება და იმ ფარდის მიღმა გახედვა, რომელიც არათუ ხელოვნების სხვადასხვა დარგს, არამედ მთლიანად ისტორიასაა ჩამოფარებული: საკმაოდ გვიან, მაგრამ მაინც არაერთი ადამიანი დაინტერესდა ქალების იმ გამოცდილებით, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, ისტორიის ფურცლებზე არ აღიბეჭდა და/ან უმნიშვნელოდ ჩაითვალა.
თუ საუკუნეების წინ შექმნილი ზღაპრების ავტორებისთვის ამ ისტორიებში არ გამოინახა ძლიერი ქალების ადგილი, სანაცვლოდ, ჩვენს ყოველდღიურობაში საკმარისია ერთი მიმართულებით ყურება შევწყვიტოთ, რომ მაშინვე მოვახერხებთ "უხილავი გმირების" შემჩნევას.
იმისათვის, რომ ამ გმირების ცნობა არ გაგვიჭირდეს, გამომცემლობამ ზოლიანი კატა გადაწყვიტა, ჯერ იმ ყოჩაღი გოგოების შესახებ მოეთხრო ყველასთვის, ვისი მიღწევებიც დღემდე გაოცებას იწვევს, თუმცა რატომღაც მათ შესახებ კვლავ ცოტა რამ თუ ვიცით.
ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან — ასე ჰქვია სულ რამდენიმე დღის წინ გამოცემულ წიგნს, მასში ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ცნობილი ქალების ამბებია მოთხრობილი. ამ ქალებმა თავს მოხვეულ დაბრკოლებებს თავიანთი სიმტკიცით სძლიეს და მათი შინაგანი ხმის სხვებისთვის გაგონება სცადეს.
ამ ხმების პატარა მკითხველებისთვის მოკლე და შთამაგონებელ ამბებად გარდაქმნა გენდერის მკვლევარმა მარიამ ჭანჭალეიშვილმა და მწერალმა თამთა მელაშვილმა ითავეს. როგორც მარიამი On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, ამ წიგნზე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისთვის. მასაც არც ისე იშვიათად უწევს იმის მტკიცება, რომ როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს ისტორიაშიც არსებობდნენ ძლიერი ქალები, რომელთა სახელსაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ უკავშირდება.
"ქალების შესახებ ხშირად რთულია ინფორმაციის მოძიება და თუ იკითხავ, რატომ არ იძებნება, მარტივად გეტყვიან, რომ ალბათ, არაფერი შეუქმნიათ დასამახსოვრებელიო ან საკმარისად ვერ ეცადნენო. დომინანტური ისტორიული დისკურსი ძირითადად ყვება მებრძოლ, მამაც, ცვლილებების მომტან კაცებზე. ამ ისტორიების მიღმა და არამხოლოდ მიღმა, არამედ ძალიან ახლოს, ხშირად მათ გვერდითაც ყოველთვის არის ასევე საინტერესო და აღმაფრთოვანებელი ამბები ქალებისა, რომელთა შესახებაც თხრობა ისევ კაცებმა, ვისაც სიკეთეებსა და პრივილეგიებზე უფრო მიუწვდებოდათ ხელი, არ ჩათვალეს საჭიროდ", — აღნიშნავს მარიამი.
დროის დაუნდობლობის ან იმათი შერჩევითი ობიექტურობის გამო, ვინც ისტორიის მდინარებას საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა, უამრავი ქალის ამბავი ისე გაუჩინარდა, რომ მათი მთავარი მოქმედი პირების სახელი-გვარებიც კი აღარ შემოგვრჩა. სწორად ამ დანაკლისის შევსებას ემსახურება ამ ახალი წიგნის გამოცემაც.
"აუცილებელია ამ უფსკრულის ნელ-ნელა ამოვსება და ყველასთვის შეხსენება, რომ ქალები დაუჯერებელ საქმეებს აკეთებდნენ, თან იმის გათვალისწინებით, თუ რა გარემოში და რა შეზღუდვებით უწევდათ ცხოვრება. მე თუ მკითხავ, ქალის გაკეთებული საქმე ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე იმას, რაც ჩანს", — ამბობს მარიამ ჭანჭალეიშვილი.
განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა იმ ქალების შერჩევა, რომელთა ისტორიებიც ამ წიგნში უნდა გაერთიანებულიყო: ყველა, ვინც უსამართლოდ დავივიწყეთ, იმსახურებს, რომ მისმა გამოცდილებამ წლების შემდეგ მაინც მიაღწიოს სხვების ყურამდე და იქნებ, დიდ შთაგონებადაც გადაიქცეს.
მარიამის თქმით, წიგნზე მუშაობისას პირველ რიგში ბავშვებზე და მათი თვითრწმენის განმტკიცებაზე ფიქრობდნენ:
"გვინდოდა, გვეთქვა მათთვის, რომ გოგოების ადგილი ყველგანაა, სადაც მოისურვებენ, ყველა პროფესიაში თუ ხელობაში. წიგნში შევიდა ნამდვილი ამბები არქიტექტორი, მეცნიერი, სპორტსმენი, მფრინავი, მოქანდაკე, რეჟისორი, მსახიობი, მწერალი, პოეტი, მხატვარი ქალების შესახებ".
წიგნში შეხვდებით არქიტექტორი ნინო ჯორჯაძის, მსახიობი ნატო ვაჩნაძის, ეროვნული გმირი მარო მაყაშვილისა თუ პოეტი ანა კალანდაძის ემოციურ, გასაოცარ და დაუჯერებელ ისტორიებს, რომელთაც თან ამ მთავარი გმირების ნაირფერი ილუსტრაციები ახლავს.
ეს ილუსტრაციები სალი ნიკოლაიშვილმა შექმნა, რომელიც მუშაობის პროცესის გახსენებისას აღნიშნავს, რომ ერთდროულად ცდილობდა, ბავშვებისთვის მარტივად და სასიამოვნოდ აღსაქმელი ვიზუალები შეექმნა, ამავდროულად კი თუნდაც მცირე დეტალებით თითოეული პიროვნების ხასიათისა თუ პროფესიის ნიშნები გამოეკვეთა.
"საბოლოოდ, ძალიან საინტერესო და საამაყო პროექტი გამოდგა ჩემთვის, რადგან ვთვლი, რომ ამ წიგნის არსებობა ყველა ოჯახში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კარგად უნდა ვიცნობდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დღეს აქამდე მოგვიყვანეს. მუშაობის პროცესის დროს ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე მათი ბიოგრაფიების კითხვამ, მოტივაცია და სტიმული მომცა და დარწმუნებული ვარ, სხვებისთვისაც ასე იქნება", — ამბობს სალი ნიკოლაიშვილი.
წიგნის ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან იდეის ავტორი ნიკი თარხან-მოურავია, რომელიც ამავდროულად გამომცემლობა ზოლიან კატას ხელმძღვანელობს. ეს პატარა გამომცემლობა პირველად 2016 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ქართველ მკითხველს ძირითადად სწორედ ერთმანეთზე უფრო საინტერესო ახალ-ახალ საბავშვო წიგნებს სთავაზობს, რომელთა როგორც ავტორები, ისე დიზაინერები ძირითადად ქართველი შემოქმედები არიან.
"თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მთავარი პრიორიტეტი საბავშო წიგნები უნდა ყოფილიყო, რადგან ეს სფერო, ასე ვთქვათ, ყველაზე განუვითარებელია. არა იმიტომ, რომ ნიჭიერი მხატვრები და ავტორები არ გვყავს, უბრალოდ ისე მოხდა, რომ გამომცემლებმა აირჩიეს ძირითადად უცხო ენებიდან თარგმნილი ლიტერატურა გამოეცათ ბავშვებისთვის. საბავშო ილუსტრირებული წიგნის შექმნა დიდ რესურს მოითხოვს — როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. მე არსად მეჩქარებოდა, ჩემი გამომცემლობა არასდროს ეყრდნობოდა კლასიკურ ბიზნეს მოდელს, არამედ უფრო ჰობივით იყო თავიდანვე, ამიტომ ეს გარემოებები ხელს დიდად არ მიშლიდა და შედარებით უფრო ნელა ვმუშაობთ, რათა ის პროდუქტი შევქმნათ, რაც ყველაზე მეტად აკლია ქართულ ბაზარს და თან ხარისხი შევინარჩუნოთ", — აღნიშნავს ნიკი ჩვენთან საუბარში.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სულ უფრო აქტიურად ქვეყნდება წიგნები, რომლებიც სწორედ სხვადასხვა დარგში ქალების წარმატების შესახებ მოგვითხრობს, თუმცა რახან მსგავსი წიგნების სრული უმეტესობა უცხოური გამოცემაა, მათში ქართველი ქალების ამბებს ვერ გადააწყდები. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს დანაკლისი გამოესწორებინა და ქართველი მკითხველებისთვისაც თავისი თანამემამულე ქალების გამოცდილება გაეზიარებინა.
ზოლიანი კატის როგორც ამჟამინდელ, ისე სამომავლო სიახლეებს შეგიძლიათ გამომცემლობის ფეისბუქგვერდზე გაეცნოთ. რაც შეეხება ყოჩაღ გოგოებს, მისი შეძენა უკვე შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში, რომლის წაკითხვითაც, დაგვერწმუნეთ, არა მხოლოდ პატარები, არამედ ზრდასრული მკითხველებიც კი მივიწყებული, თუმცა უსაზღვროდ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის შესახებ შეიტყობენ, რაც ყველას ერთად დაგვეხმარება, უფრო ყოჩაღები ვიყოთ.
"ეს წიგნი ყველასთვისაა. მე თუ მკითხავ, ბევრი ზრდასრული ადამიანი ამ წიგნით ძალიან ბევრი ქალის შესახებ პირველად შეიტყობს. შესაბამისად, ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც ძალიან მნიშვნელოვან ქალებზე საქართველოს ისტორიიდან ცოდნა არ აქვთ. განსაკუთრებულად გვინდა, რომ ბიჭებმა წაიკითხონ, რომ მეგობარ გოგოებს იმ თემაზე კამათისას, თუ რა შეუქმნიათ ქალებს, მხარში ამოუდგნენ", — მარიამ ჭანჭალეიშვილი.
კომენტარები