ანონიმური ქართული ფეისბუქგვერდების წინასაარჩევნო კამპანია ოპოზიციისა და ოცნების წინააღმდეგ
ანონიმურმა ფეისბუქგვერდებმა საპარლამენტო არჩევნების წინ როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წინააღმდეგ გაატარეს კამპანიები
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, უამრავი ანონიმური ფეისბუქგვერდი ჩაერთო ნეგატიურ კამპანიაში პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ. ეს გვერდები ატარებდნენ კოორდინირებულ კამპანიებს როგორც პარტიების, ისე კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ. მათი სამიზნე გახლდათ მმართველი ძალაც და ოპოზიციაც, მოტივი კი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და ამომრჩეველთა შორის დაძაბულობის გაზრდა იყო. DFRLab-მა შეადარა ამ ქსელების აქტივობები: როცა ერთი მათგანი ქართულ ოცნებას, ხოლო მეორე — მათ ოპონენტებს მიემართებოდა.
DFRLab-მა წარსულშიც განიხილა პოლიტიკური პარტიების ოფიციალური ფეისბუქგვერდების წინასაარჩევნო კამპანიები. თუმცა, ფეისბუქზე აზრის შექმნაში, მათ გარდა, მონაწილეობდნენ ანონიმური ფეისბუქგვერდებიც, ორივე მხარის სასარგებლოდ, თუმცა ამ გვერდებსა და პარტიებს შორის კავშირი ყოველთვის აშკარა არ იყო. შენიღბული გვერდები მადისკრედიტირებელ კონტენტს ავრცელებდნენ და ინტერნეტში საინფორმაციო ეკოსისტემას აბინძურებდნენ. ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ფეისბუქგვერდები არჩევნების წინა თვეებში გააქტიურდნენ. ამის მიუხედავად, რთულია იმის გარკვევა, რა გავლენა ჰქონდათ ტროლებს ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე.
საზოგადოებრივი განწყობის ფორმირებისთვის სოციალურ მედიაში პოლიტიკური ტროლების გააქტიურება და არაავთენტური ქცევა საქართველოში უკვე ჩვეულ პრაქტიკად იქცა. 2019 წლის დეკემბერში ფეისბუქმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ტროლების ქსელი წაშალა. 2020 წლის მაისში კი სოციალური ქსელების გიგანტმა კიდევ ერთი დიდი ქსელი გააუქმა, რომლის ანგარიშებიც დაკავშირებული იყო ონლაინ მედიად წოდებულ კომპანია ესპერსონასთან.
ანონიმური ფეისბუქგვერდების მიერ წარმოებული უარყოფითი სახის კამპანია
ISFED-ის დეზინფორმაციასთან ბრძოლის პლატფორმა თავს უყრის ფეისბუქგვერდებს, რომლებიც საქართველოში დეზინფორმაციასა და უთანხმოების მაპროვოცირებელ ნარატივს ავრცელებენ. DFRLab-მა გამოიყენა ეს ხელსაწყო და შეისწავლა 20 ანონიმური ფეისბუქგვერდი, რომელთა ინტერაქციების რიცხვიც 2020 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში საგრძნობლად გაიზარდა. ამ 20 ფეისბუქგვერდიდან 10 — ოპოზიციური პარტიების "გაშავებას" ცდილობდა, ხოლო დანარჩენი 10 გვერდის სამიზნე ქართული ოცნება იყო.
ანტიოპოზიციური გვერდები ფოკუსირებული იყვნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ისინი აქვეყნებდნენ მიმებს მათ შესახებ და შემდეგ ჯგუფებში აქტიურად ავრცელებდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ ამ გვერდების გზავნილები ხშირად თანხვედრაში იყო ქართული ოცნების განცხადებებთან და დიდად არ განსხვავდებოდა იმ მოწოდებებისგან, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებდა. ნეგატიური შინაარსის პოსტებით, ისინი, უმეტესად ამ პოლიტიკოსების პიროვნულ მახასიათებლებს დასცინოდნენ და ნაკლებად აკრიტიკებდნენ მათ პოლიტიკურ ხედვას. ამ გვერდებზე ვერ შეხვდებოდით მათი ადმინისტრატორების შესახებ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.
ანტიოპოზიციური ფეისბუქგვერდების მსგავსად, მმართველი პარტიის წინააღმდეგ ამუშავებული ანონიმური ფეისბუქგვერდებიც პიროვნულ მახასიათებლებზე აკეთებდნენ აქცენტს.
DFRLab აკვირდებოდა ამ გვერდების ძირითად მაჩვენებლებს შემოდგომის პირველი ორი თვის განმავლობაში, რათა გაერკვია, რამდენად გააქტიურდებოდნენ ისინი წინასაარჩევნოდ. ორივე ბანაკში მყოფი ანონიმური ფეისბუქგვერდები ბევრად მეტ მასალას აქვეყნებდნენ სექტემბერსა და ოქტომბერში, ვიდრე მანამდე. თუმცა, აქტიურობა თანაბარი არ იყო: ანტიოპოზიციური ფეისბუქგვერდები ოქტომბერში 30%-ით გააქტიურდნენ, ხოლო ანტისამთავრობო ფეისბუქგვერდები — 8%-ით. ამის მიუხედავად, ანტისამთავრობო ფეისბუქგვერდებზე ჯამში 36%-ით მეტი პოსტი გამოქვეყნდა ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე ანტიოპოზიციურ, ანონიმურ გვერდებზე.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
იმის მიუხედავად, რომ ანტიოპოზიციურ ფეისბუქგვერდებს ბევრად ნაკლები პოსტი ჰქონდათ გამოქვეყნებული, ანტისამთავრობო ფეისბუქგვერდებთან შედარებით, მათი ინტერაქციის მაჩვენებელი ოქტომბერში დანარჩენ 10 ფეისბუქგვერდს თითქმის ორჯერ აღემატებოდა.
მიუხედავად სექტემბრიდან ოქტომბრამდე პოსტების რაოდენობის 8-პროცენტიანი ზრდისა, ანტისახელისუფლებო გვერდებმა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ნაკლები ინტერაქცია გამოიწვიეს. რაც შეეხება ანტიოპოზიციურ გვერდებს, მათთვის პოსტების რაოდენობაში 30%-იანი ზრდა ინტერაქციების 37%-იან ზრდაში აისახა. ეს ანალიზი აჩვენებს, რომ ანტიოპოზიციური კონტენტი არჩევნების წინ უფრო მეტ ადამიანს მისწვდა, ვიდრე — ანტისახელისუფლებო პოსტები.
არჩევნების წინ ორივე მხარის წინააღმდეგ მიმართული ფეისბუქგვერდები ცდილობდნენ აუდიტორიის გაზრდას. ანტიოპოზიციური ფეისბუქგვერდების მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც აღემატებოდა ანტისამთავრობო ფეისბუქგვერდების წარმატებას. ანტიოპოზიციური გვერდები სექტემბერსა და ოქტომბერში 7 000 და 10 000 მომხმარებელმა მოიწონა. ეს მიუთითებს, რომ ამ ანონიმურმა გვერდებმა ანტისამთავრობო ფეისბუქგვერდებთან შედარებით, აუდიტორიის გაზრდა თითქმის ორჯერ მეტად შეძლეს.
დასკვნა
სოციალურ მედიაში ნეგატიური შინაარსის კამპანიამ წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, საზოგადოების დაყოფა გამოიწვიოს. საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი საქართველოში ანონიმური წყაროებიდან გაძლიერდა. ანტისამთავრობო და ანტიოპოზიციური გვერდების ანალიზმა აჩვენა, რომ გაზრდილმა დაპირისპირებამ და უთანხმოებამ პოლიტიკურ გარემოში ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა ამ გვერდების პოპულარობის გაზრდის თვალსაზრისით.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატია მოამზადა DFRLab-მა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თარგმანი ეკუთვნის On.ge-ს. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან DFRLab და On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები