2016 წელს საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტს გამოხატავდნენ თბილისსა, თუ რეგიონებში. On.ge წლის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა ამ მოვლენებს, წლის ბოლოს კი გთავაზობთ ყველაზე ხმაურიანი აქციების მოკლე მიმოხილვას, რათა ერთად გავიხსენოთ, რა ამოძრავებდა 2016 წლის საპროტესტო ტალღებს საქართველოში.

განათლების რეფორმა

საპროტესტო აქცია თსუ-ში. 14 მარტი, 2016.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ცნობილი, მასშტაბური აქციები, 2016 წლის 7 მარტს დაიწყო, თუმცა პროტესტი მანამდეც, ბევრი წლის განმავლობაში არსებობდა. თსუ-ს თვითმმართველობის მიერ მორიგ ტრენინგზე დახარჯული 24 600 ლარი სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრების უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რამაც ბიძგი მისცა პროტესტის ახალ ტალღას.

თავდაპირველად, მოძრაობა უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას, უნივერსიტეტებიდან ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის გაქრობას და სტუდენტური თვითმმართველობისთვის პრივილეგიების მოიხსნას ითხოვდა. ამასთან ამბობდა, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები არ შეწყდებოდა.

აუდიტორია 115-მა, თსუ-სა და ზოგადად განათლების სისტემაში გარკვეული ცვლილებები ნამდვილად მოიტანა: 14 მარტს გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, თსუ-ს თვითმმართველობის საპასუხო აქციების შედეგად თანამდებობა დატოვა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ. გადადგნენ თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. მოგვიანებით, პრემიერის გადაწყვეტილებით, განათლების მინისტრის პოსტზე, თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩაანაცვლა. თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობაზე განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი შარვაშიძე დაამტკიცა.

ცოტა ხნით შეწყვეტილი პროტესტი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სექტემბერში განახლდა. 2016 წლის 26 სექტემბერს, აუდიტორია 115-მა თსუ-ში დაგეგმილი ოფიციალური ცერემონია ჩაშალა. 24 ნოემბერს ჩანიშნული სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობამ აქცია დააანონსა.

23 ნოემბერს, ღამით, აუდიტორია 115-მა თსუ-ის მე-6 კორპუსი დაიკავა და ხელისუფლებას ულტიმატუმები წაუყენა. მათ შორის მეცნიერების დაფინანსების გაზრდასთან, საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციასთან და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივის განხილვასთან დაკავშირებით. მეექვსე კორპუსი ამ დრომდე პიკეტირებულია. სტუდენტები მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და დაპირებები არ შეასრულა.

26 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თსუ-ში 2017 წელს სტუდენტურ კვლევებზე 600 ათასი ლარია გათვალისწინებული. ასევე, ბიუჯეტიდან გამოიყო დაფინანსება უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში პირობების გასაუმჯობესებლად. ცვლილებები დადებითად შეაფასა აუდიტორია 115-მა, თუმცა სტუდენტური მოძრაობა სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც ითხოვს:

"მეექვსე კორპუსის დატოვება/არდატოვება დაკავშირებულია კანონში ცვლილების შეტანასთან. როდესაც იქნება იმის გარანტია, რომ ასე მოხდება, მაშინ დავტოვებთ."


ჰუმანური ნარკოპოლიტიკა

"არ დაიჭირო" - აქცია კანცელარიასთან. 2 ივნისი, 2016.

ფოტო: ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი / თორნიკე მანდარია

2016 წელს, არაერთი აქცია გაიმართა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. ეს თემა ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მოექცა 22 წლის დემურ სტურუას სუიციდის გამო, რომელმაც თვითმკვლელობამდე დაწერა წერილი, სადაც ზეწოლასა და შევიწროებაში პოლიციელს ადანაშაულებს. საზოგადოების ნაწილის მოთხოვნები ასეთია:

  • მოვითხოვთ ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების უპირობო დეკრიმინალიზაციას!
  • მოვითხოვთ ბოდიშს 10 წლიანი წნეხის გამო!
  • მოვითხოვთ ზრუნვას და არა დასჯას!

იყო ცვლილებებიც: საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის პატიმრობა გააუქმა. ადმინისტრაციული წესით პატიმრობა გაუქმდა მარიხუანას შეძენა-მოხმარებისთვისაც.

31 დეკემბერს, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აპირებს მარიხუანას დარგვას ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი. ულტიმატუმით გირჩმა ხელისუფლებას 16 ნოემბერს მიმართა. ისინი მოითხოვენ, რომ მარიხუანის კულტივირება და შენახვა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს სრულად ლეგალიზებული.


შრომის უსაფრთხოება

აქცია ზვარელი მუშების მხარდასაჭერად. 4 ნოემბერი, 2016.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევის შედეგად, 691 ადამიანი დაშავდა, 212 კი გარდაიცვალა. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შრომითი უსაფრთხოების არქონის გამო გარდაცვლილთა სტატისტიკა უფრო და უფრო იზრდება. იყო აქციები ზვარეში, სადაც მუშები უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. 16 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული ტყიბულელი მეშახტეები.


გარემოს დაცვა

ნატა ფერაძე

ნატა ფერაძე

აქცია - არა პამნორამას! თბერვალი, 2016. თბილისი.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

პანორამა თბილისი და ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ასწლოვანი ხეები - ეს ის საკითხებია, რომლებმაც პარტიზანი მებაღეებისა და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა და არაერთი აქციაც მიეძღვნა.

7 მაისს, ბოტანიკურ ბაღთან, მოძრაობის, "ერთად", წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების ის წევრები შეიკრიბნენ, რომლებიც პანორამა-თბილისის პროექტსა და ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ნაწილის შეძენას აპროტესტებდნენ. 17 მაისს, ხმაურიანი საპროტესტო აქციით დახვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები დავით ნარმანიას, რომელიც საკრებულოში ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ანგარიშის ჩასაბარებლად მივიდა.

პროტესტი მოჰყვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას, რომლის მიხედვით საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა.

ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი 13 საღი ხის გამო რამდენიმე დღით, თბილისის მერიასთან შიმშილობდა ნატა ფერაძე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა ჩაანაცვლა. მათი მთავარი მოთხოვნა თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომა იყო.


ლგბტ პირთა მიმართ ძალადობის აღკვეთა

აქცია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების პრევენციის მიზნით ქმედითი ზომების გატარების მოთხოვნით. 16 ოქტომბერი, 2016.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

2016 წელი ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა ლგბტ აქტივისტებისთვის. 17 მაისს, ლგბტ აქტივისტებმა მშვიდობიანი დემონსტრაცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ვერ ჩაატარეს. მეტიც, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს 10 ლგბტ აქტივისტი დააკავეს. ისინი საპატრიარქოს ღობეზე ცდილობდნენ წარწერის გაკეთებას: "სიყვარული თანასწორია!"

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების პრევენციის მიზნით ქმედითი ზომების გატარება მოითხოვეს მოქალაქეებმა 16 ოქტომბერს, შსს-ს შენობასთან. პროტესტი ტრანსგენდერ ქალზე მორიგ თავდასხმას მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.


ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა

აქცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს. 25 ნოემბერი, 2016.

ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია

ქალთა მკვლელობები გააპროტესტეს 13 ივლისს, ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ლოზუნგით - "პოლიცია, გამოფხიზლდი!" იმავე მოთხოვნით გამართეს აქცია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესაც. ქალთა მოძრაობა შსს-გან სპეციალური დანაყოფის შექმნას მოითხოვდნენ, რომელიც იქნება განსაკუთრებულად სენსიტიური, ექნება სპეციალური უნარები და ცოდნა ქალთა მიმართ ძალადობაზე სათანადო რეაგირებისთვის.

მნიშვნელოვანი იყო ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხი. 2 წელია საქართველო აჭიანურებს იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რომლებიც აუცილებელია კონვენციის რატიფიცირებისთვის და რომელთა დაჩქარება ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ არასმთავრობო ორგანიზაციებს. ამ საკითხის განსახილველად, 5 დეკემბერს, NGO-ებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორგანიზაციის კოალიცია თანასწორობისთვის ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი ცვლილებების მიღება და კონვენციის რატიფიცირება.


პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

აქცია უკანონო მოსმენების წინააღმდეგ. 19 მარტი, 2016

ფოტო: ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი / თამო ლიპარტელიანი

11 მარტს გავრცელდა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა. 14 მარტს ამ ტიპის კიდევ ერთი ვიდეო მასალა გამოქვეყნდა. ვიდეოს ავტორები ემუქრებოდნენ კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რომ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს კიდევ გაავრცელებენ, თუ 31 მარტამდე თავიანთ საქმიანობას არ შეწყვეტენ.

18 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკანონო მიყურადების პრაქტიკის წინააღმდეგ კამპანია "ეს შენ გეხება" დააანონსეს. მალე მათ პარლამენტს 3 კანონპროექტი წარუდგინეს, რომლებიც მოიცავს:

  • დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს დაარეგულირებს და ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება.
  • დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, რომელიც შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულს.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რეფორმების განხორციელებას, ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის გაუქმებასა და უსაფრთხოების სამსახურზე პარლამენტის კონტროლის გაძლიერებას.