სად და როდის ჩამოვარდება 500-კილოიანი საბჭოური ზონდი — უახლესი პროგნოზი

ფოტო: ESA/D. Ducros
საბჭოთა კავშირმა 1972 წელს კოსმოსური აპარატი, სახელად Kosmos 482, გაუშვა. მას ვენერასთვის უნდა მიეღწია და ამ პლანეტის ზედაპირზე დამჯდარიყო. მიუხედავად ამისა, გამშვებ რაკეტას ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ზონდმა დედამიწის ორბიტიდან ვერ გააღწია.
Kosmos 482-მა ორბიტაზე ნახევარი საუკუნე გაატარა, ახლა კი დედამიწისაკენ მოემართება.
მოსალოდნელია, რომ პლანეტის ზედაპირზე იგი 10 მაისს ჩამოვარდება. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) პროგნოზით, ეს დილით, თბილისის დროით 06:26-ზე, მოხდება. დროის ცდომილება +/- 4,35 საათია.
ზონდი 52°-ით არის დახრილი. ამ ფაქტისა და მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გათვალისწინებით, იგი შეიძლება ნებისმიერ ადგილას ჩამოვარდეს, რომელიც ჩრდილოეთ განედის 52°-სა და სამხრეთ განედის 52°-ს შორის ექცევა. ეს არეალი დაახლოებით ასე გამოიყურება:
Kosmos 482-ს ერთმეტრიანი კარკასისგან შედგება, რომელსაც თბოიზოლაცია აქვს — ზონდს ვენერას ატმოსფეროსთვის უნდა გაეძლო. მისი მასა 495 კილოგრამს შეადგენს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მისი ჩამოვარდნა შეიძლება ისეთი სახიფათო არ იყოს, როგორიც სხვა კოსმოსური ნაგვის ჩამოვარდნაა:
"იგი, სავარაუდოდ, დედამიწის ზედაპირზე მხოლოდ ერთი ობიექტის სახით მოაღწევს, ამიტომ რისკები უფრო დაბალია, მაგალითად, თუ Falcon 9-ის ზედა საფეხურის ჩამოვარდნას შევადარებთ, რა დროსაც მეტრის ზომის არაერთი ობიექტი გაიფანტა დიდ არეალზე", — დაწერა მარკო ლენგბროკმა, ნიდერლანდური სატელიტის დამკვირვებელმა.
CORDS-ის მიხედვით, არ გვაქვს საფუძველი ვშიშობდეთ, რომ ზონდი დაგვეცემა. დედამიწის ზედაპირის 71% წყლითაა დაფარული, ხმელეთის დიდი ნაწილი კი დაუსახლებელია. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ზონდი უსაფრთხო ადგილას დაეცემა.
"რისკი ნული არ არის, თუმცა დედამიწაზე ნებისმიერ ადამიანს მეხის დაცემის რისკი ბევრად დიდი აქვს, ვიდრე Cosmos 482-ით დაზიანებისა", — წერს საჰაერო-კოსმოსური კორპორაცია — "თუკი ზედაპირამდე დაუზიანებელი მოაღწევს, ჩვენი პროგნოზით, რისკი 0.4-ს უდრის 10 ათასიდან, ეს მაჩვენებელი კი უსაფრთხოების ამჟამინდელ ფარგლებშია".
Kosmos 482-ზე, საბჭოთა პერიოდის კოსმოსურ ზონდზე, მეტს ამ სტატიიდან შეიტყობთ.
კომენტარები