დღეს, 10 მაისს, დედამიწაზე კოსმოსური ზონდი Kosmos 482 ჩამოვარდა. მან ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ნახევარი საუკუნე გაატარა.

Roscosmos-ის, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, ცნობით, ზონდი ატმოსფეროში თბილისის დროით 10:24-ზე შემოვიდა. იგი ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა, კერძოდ ჯაკარტის დასავლეთით, ინდონეზიასთან ახლოს. როგორც ჩანს, Kosmos 482-ის დაბრუნებას ზიანი არ მოუტანია.

ჩვენს ატმოსფეროში ზონდის დაფიქსირებაც მოხერხდა, როცა მან რომს ჩაუარა. ეს ასტრონომმა ჯანლუკა მასიმ შეძლო.

ფოტო: Gianluca Masi/The Virtual Telescope Project

მასის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ ზონდი "ჩანს კვალის სახით, რომელიც ხედვის არეში ზემოდან შემოდის და ქვედა მარჯვენა კუთხისკენ მიემართება". ასტრონომის თქმით, "Cosmos 482-ის კვალი წყვეტილად იმიტომ ჩანს, რომ ეს ფოტო ოთხი სურათის გაერთიანებითაა მიღებული".

ზოგადად, დიდი ზომის კოსმოსური ნაგავი, თუნდაც ძველი სატელიტები, დედამიწაზე ჩამოვარდნისას ნაწილებად იშლება და მეტეორთა ხელოვნურ წვიმას ქმნის. მეორე მხრივ, აგებისას Kosmos 482-ს თბოიზოლაცია გაუკეთეს, რათა ვენერას ატმოსფეროსთვის გაეძლო; შესაბამისად, სავარაუდოდ, იგი ჩვენს პლანეტაზე დაბრუნებისას მთლიანობას შეინარჩუნებდა.

Kosmos 482 დაახლოებით ერთი მეტრი სიგანისაა და 495 კილოგრამს იწონის. მარკო ლენგბროკის, ნიდერლანდური სატელიტის დამკვირვებლის, შეფასებით, დედამიწის ზედაპირს იგი დაახლოებით 240 კმ./სთ. სიჩქარით დაეჯახებოდა — თუ, რა თქმა უნდა, გზად არ დამსხვრეულა.

ცნობისთვის Kosmos 482 საბჭოთა კავშირმა 1972 წელს გაუშვა. მას ვენერასთვის უნდა მიეღწია და ამ პლანეტის ზედაპირზე დამჯდარიყო. მიუხედავად ამისა, გამშვებ რაკეტას ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ზონდმა დედამიწის ორბიტიდან ვერ გააღწია. აქ მან 53 წელი გაატარა, სანამ 2025 წლის 10 მაისს ჩვენს პლანეტაზე ჩამოვარდებოდა.

Kosmos 482-ზე, საბჭოთა პერიოდის კოსმოსურ ზონდზე, მეტს ამ სტატიიდან შეიტყობთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.