ავსტრალიაში მდებარე Zoos Victoria-ს ზოოპარკის მომვლელებმა სპილოების საოცარი ხმები ჩაიწერეს. ჩანაწერი გაკეთდა მაშინ, როდესაც დიდი ხნით დაშორებული სპილოები ერთმანეთს კვლავ შეხვხდნენ. მომვლელების თქმით, ჩანაწერში ისეთი ბგერებია, რომლებიც იქამდე ათწლეულების განმავლობაში საერთოდ არ გაუგიათ.

თანამედროვე ზოოპარკების მფლობელები სულ უფრო ცდილობენ თავი კონსერვაციისა და კვლევის ცენტრებად წარმოაჩინონ. ამ მიდგომის გამო, ცხოველებს უქმნიან ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებს, რაც ხშირად მოითხოვს ისეთ დიდ ფართობს, როგორიც ბევრ ზოოპარკს არ გააჩნია.

ფოტო: Zoos victoria

იმის გააზრების შემდეგ, რომ მელბურნის ზოოპარკი ვერასდროს შესთავაზებდა თავის სპილოებს საკმარის ადგილს, Zoos Victoria-მ ქალაქის გარეუბანში დიდი მიწის ნაკვეთი შეიძინა და დაიწყო სპილოებისათვის იდეალური გარემოს შექმნა. სპილოები სულ ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს ახალ ტერიტორიაზე, მაგრამ ამ პროცესს თან დაერთო სპილოს სახელად ლუკ ჩაისა და ფარის დანარჩენ წევრებს შორის უჩვეულოდ ხანგრძლივი განშორება.

შესაბამისად, მათი გაერთიანება განსაკუთრებით ემოციური იყო. ერთი მხრივ, დიდი ხნის უნახაობა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი და თავისუფალი სივრცე. მომვლელმა ჯეს მაკდონალდმა განაცხადა, რომ არ იცის, კონკრეტულად რომელი ფაქტორი იყო უცნაური ხმების მიზეზი, მაგრამ სპილოები იმაზე ბევრად მეტად "ლაპარაკობდნენ", ვიდრე ოდესმე უნახავთ.

ველურ ბუნებაში სპილოების ჯგუფები ძირითადად მდედრებისა და მათი ნაშიერებისგან შედგება. მამრები ან განცალკევებით ბინადრობენ, ან ქმნიან მცირე "მამრულ ჯგუფებს". შეჯვარების სეზონზე ისინი მდედრების ჯგუფებს სტუმრობენ და ხშირად სოციალური მიზნებისთვისაც იყრიან თავს.

ზოოპარკი ცდილობს ამ ბუნებრივი დინამიკის მიბაძვას. ლუკ ჩაი, რომელიც სპეციალურად გამრავლების პროგრამისთვის ჩამოიყვანეს, ძირითადად ცალკე იყო მოთავსებული, თუმცა ხშირად ეწყობოდა შეხვედრები მდედრებთან. ამის შედეგად, 2022-23 წლებში ავსტრალიის ზოოპარკში სამი სპილო დაიბადა. მას შემდეგ ლუკ ჩაი სისტემატურად ურთიერთობს მის ნაშიერებთან.

გადასვლის პროცესში, ახალი გარემოს სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ლუკ ჩაი რამდენიმე კვირით ოჯახს დააშორეს.

"სპილოების ხმების მრავალფეროვნება მართლაც საოცარი იყო. განსხვავებული ტონალობები და სიხშირეები ერთდროულად ისმოდა, თითქოს ერთი დიდი მუსიკალური კონცერტი მიმდინარეობდა. ისინი ერთმანეთთან აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ", — ამბობს მომვლელი კრისტი ტრერისი.

ტრერისისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ის მომენტი, როდესაც ნაშიერები თავად მიუახლოვდნენ ლუკ ჩაის. მისი თქმით, ლუკ ჩაი მათ ძალიან ფაქიზად ექცეოდა. ძნელია დაზუსტებით იმის თქმა, აცნობიერებენ თუ არა სპილოები თავიანთ ბიოლოგიურ კავშირებს. ლუკ ჩაი ერთადერთი ზრდასრული მამრია რეგიონში, ამიტომ ნაშიერებს სხვა მამრი ფიგურა არ უნახავთ, შესაბამისად მათი ემოციების გადამოწმება რთულია.

ზოოპარკის თანამშრომლებმა გაიხსენეს, რომ ფილმში "იურული პერიოდის პარკი" დინოზავრების ხმებისთვის სწორედ სპილოების ხმები გამოიყენეს, მაგრამ ახლად ჩაწერილი ეს მასალა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი და მოქნილი ხმა აქვთ მათ, გაცილებით საოცარი, ვიდრე ხშირად წარმოგვიდგენია ხოლმე.

სპილოების ხმების მოსმენა აქ შეგიძლიათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.