სატელიტური სურათი, რომელსაც ზემოთ ხედავთ, სპირალურად მოძრავ ორგანულ მასებს ასახავს პოლონეთის სანაპიროს მიმდებარედ. როცა ფოტო გადაიღეს, ამ უზარმაზარი მორევების შედგენილობა უცნობი იყო, თუმცა 2023 წლის კვლევამ ამას ნათელი მოჰფინა.

თვალისათვის თითქმის შეუმჩნეველი ორგანული აფსკები, მორევები, სატელიტმა პირველად 2000 წელს დააფიქსირა. ისინი ოკეანის ზედაპირზე — კერძოდ გდანსკის ყურეში და მის გარშემო — პერიოდულად ჩნდებოდა. ეს ბალტიის ზღვის ის ნაწილია, რომელიც ქალაქ გდანსკს ესაზღვრება პოლონეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე.

მორევები ყველაზე თვალსაჩინოდ 2018 წელს ვიხილეთ, როცა ისინი სანაპიროდან 210 კილომეტრზე გავრცელდა. ამის ამსახველი სურათები (რომლებსაც ზემოთ და ქვემოთ უყურებთ) რედაქტირებულია, რათა უჩვეულო ნივთიერებიდან მომავალი სინათლის ტალღები უკეთ გამოჩნდეს; შედეგად გდანსკის მიმდებარე ხმელეთი წითელი ჩანს.

ფოტო: ESA/Copernicus

თავიდან მეცნიერებმა ზუსტად არ იცოდნენ, რისგან შედგებოდა აფსკები. ეს ყველაფერი ვიზუალურად ფოტოსინთეზური წყალმცენარეების ყვავილობას წააგავდა — ამ დროს წყალმცენარეები მასობრივად მრავლდება, მათი გროვები კი შეიძლება ოკეანის დინებებისა და ქარის შედეგად გადაადგილდეს. მიუხედავად ამისა, ასეთი მორევების დანახვა, ჩვეულებრივ, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შეიძლება სატელიტურ გამოსახულებებში. ასევე, წყალმცენარეების ყვავილობა ხშირად რამდენიმე თვით იმაზე ადრე იწყება, ვიდრე უჩვეულო აფსკები ჩნდებოდა ხოლმე.

მკვლევრები შემდგომში ვარაუდობდნენ, რომ ეს ნივთიერება შეიძლება "ზღვის ცინგლი" ყოფილიყო — ლორწოვანი ნივთიერება, რომელსაც ზოგიერთი პლანქტონი წარმოქმნის; იგი ზოგჯერ სანაპიროზე გროვდება ან გემებს ეწებება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას ამ ტერიტორიაზე ლორწოს უჩვეულო მატება არ დაუფიქსირებია.

2023 წელს მეცნიერებმა ეს მორევები შეისწავლეს და საბოლოოდ დაადგინეს, რომ ისინი ხის ყვავილის მტვრისგან შედგებოდა.

ნაშრომის ავტორებმა NASA-ს სატელიტების — Terra-სა და Aqua-ს — მონაცემები გამოიყენეს. დაადგინეს, რომ მსგავსი აფსკები 2000-იდან 2001 წლამდე პერიოდში 14-ჯერ გამოჩნდა. ეს უმეტესად მაისსა და ივნისში ხდებოდა, ეს დრო კი ზუსტად ემთხვევა ფიჭვის (Pinus sylvestris) დამტვერვის პერიოდს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქარს ხის მტვერი ზღვაში მიჰქონდა, ის კი ოკეანის ზედაპირზე ილექებოდა.

ეს ჰიპოთეზა აფსკებიდან არეკლილი სინათლის ანალიზმა დაადასტურა.

"ოკეანის მტვერი"

ფიჭვი პოლონეთში ყველაზე გავრცელებული ხეა. ადრინდელი კვლევებით უკვე დადასტურებული იყო, რომ შესაძლებელია, ამ ზის ყვავილის მტვერი ზღვაში აღმოჩნდეს. მიუხედავად ამისა, NASA-ს დედამიწის ობსერვატორიის ინფორმაციით, 2023 წლამდე არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ეს ასე მასშტაბურად ხდებოდა.

ყვავილის მტვერში დიდი რაოდენობით ორგანული ნახშირბადი გვხვდება. მკვლევრების აზრით, ამის გამო დამატებითი კვლევებით უნდა შეფასდეს, რა გავლენა აქვს ამ ნივთიერებას მსოფლიოს საზღვაო ეკოსისტემებზე.

"თუ სხვადასხვა ადგილას მტვრის დაგროვებას მივადევნებთ თვალს, მეთევზეობასთან დაკავშირებული კვლევებისთვის შეიძლება სასარგებლო მონაცემები მივიღოთ", — განაცხადა ჩუანმინ ხუმ, ოპტიკური ოკეანოგრაფიის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის კვლევას ხელმძღვანელობდა.

ოკეანეებში ყვავილის მტვერი, სავარაუდოდ, თანდათან უფრო მასშტაბურად ხვდება, ეს კი ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია. 2021 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1990-დან 2018 წლამდე ყვავილის მტვრის წლიური დონე 21%-ით გაიზარდა, ხოლო დამტვერვის სეზონი საშუალოდ 20 დღით გახანგრძლივდა. ამას ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრდა იწვევს, რაც მცენარეებს მეტი მტვრის გამოყოფაში უწყობს ხელს. ეს ტენდენცია მთელს მსოფლიოში აქტუალურია.

2023 წლის ნაშრომი გამოცემაში Remote Sensing of Environment გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.