ოკეანე ადამიანებს უძველესი დროიდან ხიბლავდა და აშინებდა. სწორედ მისი უნარია, უჩვეულო არსებები და ძალები, როგორც კეთილი, ისე ბოროტი, წარმოშვას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გვიან ბრინჯაოს ხანაში იყო. ამ დროიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის წყლებში მეკობრეთა არმია გამოჩნდა. მათ "ზღვის ხალხს" უწოდებდნენ და დღემდე ამ სახელით მოვიხსენიებთ. ისინი მრავალ ძლიერ იმპერიას თავს ესხმოდნენ და ანადგურებდნენ, მათ შორის, მიკენებს, ხეთებსა და ეგვიპტელებს. ყოველ შემთხვევაში, სიმართლეა თუ არა ეს, ბევრი ისტორიკოსი ასე მიიჩნევს.

სამწუხაროდ, ზღვის ხალხს არანაირი მატერიალური კულტურა ან წერილობითი წყარო დაუტოვებიათ. ჩვენ არ ვიცით, ვინ იყვნენ ისინი, საიდან მოვიდნენ, ან საერთოდ, მართლა არსებობდნენ თუ არა. რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ ძვ.წ. XIII საუკუნის ბოლოსა და XII საუკუნის დასაწყისში, ბრინჯაოს ხანის ყველა დიდი ცივილიზაცია უეცრად დაინგრა. ამ მოვლენას ვიცნობთ, როგორც გვიანი ბრინჯაოს ხანის ნგრევა. მეცნიერები კატასტროფის გამომწვევად სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ, კლიმატის ცვლილებას, ეპიდემიებს და ე.წ. მსოფლიო ნულოვან ომს.

ეგვიპტის ფარაონ რამზეს III-ის სამარხის ტაძრის რელიეფი სხვა ვერსიას გვთავაზობს. მასზე ეგვიპტელ მშვილდოსნებსა და შუბებით შეიარაღებულ საზღვაო ძალებს შორის ქაოსური ბრძოლაა ასახული. ეს სცენა შესაძლოა, ზღვის ადამიანების მიერ ძვ.წ. 1175 წელს ეგვიპტეში შეჭრის მცდელობას ასახავდეს. აქვეა წარწერაც, რომელიც განმარტავს, რომ ზღვით მოსულ ამ იდუმალ მტერს სხვა ტომების გაერთიანება ქმნიდა. ისინი იყვნენ ფელესტები, შეკელეშები, დენიენები და ვეშეშები. ისინი სიცილიიდან, სარდინიიდან, კვიპროსიდან და ანატოლიიდან მოდიოდნენ.

"მათი ძალის წინააღმდეგ დადგომა არც ერთ ქვეყანას შეეძლო: ხეთის, ქოდის, ქარხემიშის, არზავასა და ალაშიას მიწები ერთდროულად განადგურდა", — წერია ფარაონის სამარხის ტაძრის რელიეფზე.

ფრესკა რამზეს III-ის სამარხზე, რომელიც ეგვიპტელებისა და ზღვის ხალხების დაპირისპირებას ასახავს.

ფოტო: IFLScience

სირიის სოლისებრი დამწერლობის ფირფიტა აღწერს, ზღვის ხალხებმა უღარითის ძლიერი სამეფო როგორ დაარბიეს. რეგიონში ბრინჯაოს ხანის არტეფაქტებია აღმოჩენილი, რომლებიც ბრძოლასთანაა დაკავშირებული. მათი რადიონახშირბადის მეთოდით დათარიღება მიუთითებს, რომ ეს თავდასხმა შესაძლოა, ძვ.წ. 1190 წლისთვის მოხდა. ეს დრო იმ მოსაზრებას ამყარებს, რომ ზღვის ადამიანებმა რამზეს III-თან დაპირისპირებამდე მრავალი გამარჯვება მოიპოვეს.

ზღვის ადამიანების წინსვლა სწორედ ეგვიპტეში შეჩერდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ისინი შემდგომში ფილისტიმში დასახლდნენ და ფილისტიმელებად იქცნენ. მიუხედავად მათი საბოლოო დამარცხებისა, მათ მიერ ეგვიპტისთვის მიყენებულმა ზიანმა, შესაძლოა, ახალ სამეფოში საუკუნის შემდეგ მომხდარ ნგრევას ხელი შეუწყო.

მიუხედავად ამისა, ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები მხოლოდ დიდების მოყვარული ფარაონის მიერ აშენებულ ტაძარზე დაყრდნობით გვაქვს. შესაბამისად, ზღვის ხალხებთან დაკავშირებული ცნობები საკმაოდ ბუნდოვანია. მეცნიერების ნაწილი კი ბრინჯაოს ხანაში მათ წვლილს დიდი იმპერიების დაცემაში ეჭვქვეშ აყენებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.