სამხრეთ აფრიკა ოკეანიდან ზევით იწევს — მეცნიერებმა შესაძლო მიზეზი დაადგინეს

ფოტო: SciTechDaily
ყოველწლიურად სამხრეთ აფრიკა ოკეანიდან დაახლოებით 2 მილიმეტრით ზევით იწევს. აქამდე ამის გამომწვევად დედამიწის ქერქში მანტიის გადაადგილება მიიჩნეოდა, მაგრამ ბონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევა სხვაგვარ ახსნას გვთავაზობს. მათ დაასკვნეს, რომ ხმელეთის ასეთი ვერტიკალური მოძრაობის უფრო სარწმუნო მიზეზი გვალვები და შედეგად დაკარგული წყლის მარაგებია.
სამხრეთ აფრიკის ქვეშ მიმდინარე პროცესების შესახებ მეცნიერებმა GPS სადგურების მეშვეობით იციან. ისინი ლანდშაფტის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ცვლილებებზე გვაწვდის მონაცემებს, თანაც მილიმეტრების სიზუსტით. სწორედ ასე გაარკვიეს, რომ 2012-2020 წლებში ამ არეალმა საშუალოდ 6 მილიმეტრამდე ზევით აიწია.
ადრე ამას გეოდინამიკურ მექანიზმებს მიაწერდნენ, კერძოდ მანტიურ პლუმს — დედამიწის სიღრმიდან ამომავალ სტრუქტურას, რომლის გავლითაც ცხელი ნაკადები მოძრაობს. მას ქერქის ამოზნექის გამოწვევა შეუძლია, თუმცა გაირკვა, რომ იგივე ეფექტი აქვს გვალვის გამო მიწისზედა და მიწისქვეშა წყლების დაკარგვასაც.
ამ საკითხის შესასწავლად და საკუთარი ჰიპოთეზის გამოსაცდელად მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა რეგიონში ატმოსფერული ნალექის მახასიათებლები გააანალიზეს. მათ საინტერესო პარალელებს მიაგნეს: ყველაზე ხანგრძლივი გვალვის მქონე არეალები უფრო მეტად იყო ზემოთ გადანაცვლებული, ვიდრე სხვები.
სპეციალისტებმა თანამგზავრ GRACE-ს მონაცემებიც გამოიყენეს, რათა რეგიონის სხვადასხვა ზონაში წყლის მოცულობის ცვლილება გამოეთვალათ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მცირეა წყლის მოცულობა, მით უფრო ზემოთაა აწეული ხმელეთი იმ ადგილას. მკვლევართა ჰიპოთეზა ჰიდროლოგიურ მოდელებთანაც თანხვედრაშია.
"ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ხმელეთის აღმასვლა შეიძლება გვალვითა და ამასთან დაკავშირებული წყლის დანაკარგით აიხსნას", — აცხადებენ ავტორები.
საქმე ისაა, რომ მიწის გამოშრობისას ის "იბერება", როგორც რბილი ქაფი, რომელიც ზეწოლის ქვეშ აღარაა. ხმელეთის შემთხვევაში ზეწოლის ეფექტი სწორედ წყალს აქვს, ამიტომ მისი აორთქლება შესამჩნევ ცვლილებებს იწვევს.
ამ ფენომენის მიხედვით გვალვის შედეგების დეტალურად შესწავლაა შესაძლებელი. ეს კი წყლის დარჩენილი რესურსის განსაზღვრაში დაგვეხმარება, განსაკუთრებით გლობალური დათბობის პირობებში.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Geophysical Research: Solid Earth გამოქვეყნდა.
კომენტარები