როგორ განსაზღვრავენ მეცნიერები უძველესი ჩონჩხების სქესს — მკვლევრების პასუხი

ფოტო: ABC News - The Walt Disney Company
როდესაც არქეოლოგები უძველესი ადამიანის ნაშთებს პოულობენ, ცდილობენ, ძვლების მიხედვით სქესი დაადგინონ. საინტერესოა, ამას როგორ ახერხებენ და მათი მეთოდები ზუსტია თუ არა.
"ჩვენ ძვლის ფორმასა და ზომას შორის განსხვავებებს ვაკვირდებით", — განუცხადა Live Science-ს ბოსტონის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ანთროპოლოგმა შონ ტალმანმა — "თუმცა 100%-ით ზუსტი არცერთი მეთოდია".
არქეოლოგები ზომებს ხშირად გრძელი და წვრილი ძვლებიდან, მაგალითად, ბარძაყისა და წვივის, იღებენ. შემდეგ ცდილობენ, სტატისტიკური მეთოდების დახმარებით სქესი დაადგინონ.
"საშუალოდ, კაცები ქალებზე დაახლოებით 15%-ით დიდები არიან", — ამბობს დასავლეთ კაროლინის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ანთროპოლოგი კეილი ბესტი.
სხეულის ზომაზე გავლენას ბევრი რამ ახდენს, მაგალითად, დიეტა, გენეტიკა, დაავადებები და გარემო. შესაბამისად, შესაძლებელია, ერთი სქესის წარმომადგენლებს შორისაც კი დიდი სხვაობა არსებობდეს.
სხეულის ზომებზე დაფუძნებული ტექნიკების უმეტესობა ვარაუდს ეფუძნება, რომ კაცები ქალებზე უფრო დიდები და მაღლები არიან. ასეთ მეთოდებზე დაყრდნობით სქესის განსაზღვრის სიზუსტე დაახლოებით 80%-დან 90%-მდე მერყეობს. თუ ჩონჩხის მენჯის ძვალი კარგად არის შენარჩუნებული, მხოლოდ მისი გარკვეული მახასიათებლების დათვალიერება, როგორც წესი, გაცილებით ზუსტ შედეგს იძლევა, ვიდრე ფეხის ძვლების ზომები.
მენჯის წინა მხარეს მდებარე ბოქვენის ძვლის ფორმები ადამიანის სქესს მჭიდროდ უკავშირდება. მაგალითად, თუ ეს ძვალი უფრო მაღალია, როგორც წესი, საქმე კაცის ჩონჩხთან გვაქვს, ხოლო თუ უფრო განიერი — ქალთან. ამ მეთოდით, გამოცდილ არქეოლოგს შეუძლია ჩონჩხის სქესი დაახლოებით 95%-იანი სიზუსტით განსაზღვროს.
უძველესი დნმ-ის ანალიზის მეშვეობით მეცნიერები ჩონჩხის ქრომოსომურ სქესს ზუსტად ადგენენ. ისინი კონკრეტულ გენს იყენებენ, რომელიც კბილების მინანქრის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული და სქესთან ასოცირდება. დღეს ამ მეთოდის სიზუსტე დაახლოებით 99%-ს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ ძალიან იშვიათად ცდება, თუნდაც ძველი ჩონჩხების შემთხვევაში. დნმ დროთა განმავლობაში ზიანდება, ამიტომ ყველა ძველ ჩონჩხზე ამ მეთოდით სქესს ვერ გაარკვევენ. მიუხედავად ამისა, ბიოლოგიური სქესი მარტო ქრომოსომებზე არ არის დამოკიდებული, მასზე გავლენას ახდენს ჰორმონები, რეპროდუქციული ორგანოები და სხვა.
"სქესი არ არის ბინარული, თუმცა შესაძლოა იყოს ბიმოდალური", — აცხადებს ფლორიდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი დონოვან ადამსი.
"ბიომოდალური" ნიშნავს, რომ თუ სქესის მონაცემებს გრაფიკულად გამოვსახავთ, ორ დიდ ტალღას მივიღებთ, ერთს მდედრობითისთვის, მეორეს მამრობითისთვის. მათ შორის, იქ, სადაც გადაკვეთის ადგილი იქნება, აღინიშნებიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად არცერთ კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ ისინი ინტერსქესები არიან. მათ შეიძლება ისეთი ქრომოსომები, ჰორმონები ან რეპროდუქციული ორგანოები ჰქონდეთ, რომლებიც კომბინირებული ან განსხვავებულია ჩვეულებრივისგან.
"პოპულაციის 1.7% ინტერსქესებს მიეკუთვნება", — ამბობს ვირჯინია ესტაბრუკი.
ინტერსქესის მდგომარეობის რამდენიმე მაგალითი არსებობს. ერთი არის ადრენოგენიტალური სინდრომი (CAH), მდგომარეობა, როცა მდედრობითი სქესის ახალშობილები "გაურკვეველი" გარეგანი სასქესო ორგანოებით იბადებიან, რაც მამაკაცის ჰორმონების გადაჭარბებულ წარმოქმნას უკავშირდება. მეორეა კლაინფელტერის სინდრომი (XXY ქრომოსომები), რაც კაცებში პატარა სათესლეებსა და მკერდის გადიდებას იწვევს. ასევე არსებობს ანდროგენების უგრძნობლობის სინდრომი. ამ დროს ადამიანი ქალის გარეგანი სასქესო ორგანოებით იბადება, მაგრამ შიდა რეპროდუქციული სისტემა არ აქვს. მეოთხე არის 5α-რედუქტაზი 2-ის დეფიციტი. ამ დროს ბავშვი ქალად იბადება, მაგრამ შემდგომში პენისი და სათესლეები უვითარდება.
ესტაბრუკი ამერიკის ომის გმირის, კასიმირ პულასკის ჩონჩხს იკვლევდა, რომელიც 1779 წელს ბრძოლაში მოკვდა. მისი ჩონჩხის რამდენიმე მახასიათებელი ქალის ტიპური ზრდა-განვითარების ნიშნებს შეესაბამებოდა, თუმცა ისტორიული ჩანაწერები ცხადად მიუთითებს, რომ პულასკი მთელი სიცოცხლე კაცად ითვლებოდა. ამის ერთ-ერთ შესაძლო ახსნად ესტაბრუკი კვლავ CAH-ს ვარაუდობს.
"ინტერსქესი გენერლის შემთხვევა შედარებით იშვიათია", — თქვა ესტაბრუკმა — "რადგან, როგორც წესი, არქეოლოგიაში როცა ჩონჩხს ვპოულობთ, არ ვიცით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები".
უმეტესად, ვინ ვართ, სიცოცხლის განმავლობაში ყალიბდება. ზოგი ქცევა კონკრეტულ გენდერთან ასოცირდებოდა და შეიძლება, ძვლებზე კვალსაც ტოვებდა. იქიდან გამომდინარე, რომ წარსული კულტურები ბოლომდე არ გვესმის, ეს ნიშნებიც შეიძლება, არასწორად ავხსნათ. ამიტომ ხანდახან არქეოლოგების დასკვნებიც ცდება.
მაგალითად, პომპეიში დნმ-ის ანალიზმა გამოავლინა, რომ ჩონჩხების წყვილი, რომლებიც დედად და შვილად მიიჩნიეს, სინამდვილეში კაცი და ბიოლოგიურად უცხო ბავშვი იყვნენ. ასევე 2019 წელს აღმოჩენილი ვიკინგის საფლავი, სადაც იარაღებიც იპოვეს, ქალს ეკუთვნოდა, ეს დნმ-ის კვლევამაც დაადასტურა.
"ყოველთვის, როცა ბიოლოგიური სქესის მკაცრი და მკვეთრი ხაზით გაყოფას ვცდილობთ, ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ამ ხაზებს გარეთ რჩებიან", — თქვა ესტაბრუკმა.
სხვა პრობლემაა ის, რომ არქეოლოგებს საკმარისი ინფორმაცია ინტერსქეს მდგომარეობებზე ჯერ კიდევ არ აქვთ, რადგან ამ თემაზე საკმარისი კვლევები არ ტარდება. მიუხედავად ამისა, ყოველი 50 ადამიანიდან დაახლოებით ერთი შესაძლოა, ინტერსქესად დაიბადოს.
"მომავალი კვლევების ბედი მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება სახელმწიფო დაფინანსებაზე", — აღნიშნა ტალმანმა.
მეცნიერულმა მიღწევებმა ძველი ძვლებიდან სქესის გარკვეული ნიშნების დადგენა გაამარტივა, მაგრამ ადამიანის სრული ვინაობის გაგება ძვლების მიხედვით გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ადრე ეგონათ.
კომენტარები