დედამიწას სტადიონის ზომის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდმა ჩაუარა — სად ვუყუროთ ჩანაწერს

ფოტო: dzika_mrowka/Getty Images
დღეს, 9 მაისს, დედამიწას სტადიონის ზომის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდმა ჩაუარა. მის ყურებას ტრანსლაციით შევძლებთ, რომელიც ვირტუალური ტელესკოპის პროექტმა შემოგვთავაზა.
საუბარია მთავარი ასტეროიდული სარტყლის ასტეროიდზე, სახელად 612356 2002 JX8. NASA-ს მიხედვით, მისი დიამეტრი 290 მეტრს შეადგენს. დედამიწასთან იგი ყველაზე ახლოს დაახლოებით 11 საათზე მოვიდა, ტრანსლაციის ხილვა კი ვირტუალური ტელესკოპის პროექტის YouTube არხზე ან აქვე შეგიძლიათ:
"დამატებით ვაკვირდებოდით პოტენციურად სახიფათო ასტეროიდს, (612356) 2002 JX8-ს, რომელიც ჩვენს პლანეტას ნელ-ნელა უახლოვდებოდა: 2025 წლის 9 მაისს იგი უსაფრთხოდ მოვა 4.2 მილიონ კილომეტრ მანძილზე", — 6 მაისს დაწერა ჯანლუკა მასიმ, ვირტუალური ტელესკოპის პროექტის დამფუძნებელმა.
ორგანიზაციამ 2002 JX8 რამდენჯერმე აღბეჭდა. გამოსახულებებზე ასტეროიდი სინათლის შორეული წერტილის სახით ჩანს, რომლის დანახვაც იმის წყალობით შეგვიძლია, რომ უკან არსებული ვარსკვლავების ფონზე პოზიციას იცვლის. ცნობისთვის, ვირტუალური ტელესკოპის პროექტი ხშირად გვთავაზობს ონლაინსესიებს, რათა ასტეროიდების ჩავლა და მსგავსი მოვლენები ვიხილოთ.
NASA-ს მიხედვით, პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებს (PHA-ები) ამ კატეგორიაში მათი სიკაშკაშის მიხედვით აქცევენ; ასევე ითვალისწინებენ მათ უნარსაც, რომ "დედამიწასთან სახიფათოდ ახლო მანძილზე მოვიდეს". თავის მხრივ, ეს მანძილი 0.05 ასტრონომიული ერთეულია (AU), ანუ ჩვენი პლანეტიდან 7.5 მილიონი კილომეტრი. შედარებისთვის, 1 ასტრონომიული ერთეული 150 მილიონ კილომეტრს უდრის; საშუალოდ სწორედ ამ მანძილითაა დაშორებული მზე და დედამიწა.
NASA-ს მეცნიერები მიიჩვევენ, ჩვენი მზის სისტემაში დაახლოებით 4 700 PHA მოძრაობს. ეს შეფასება WISE მისიის მონაცემებს ემყარება. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, ჩვენს სიცოცხლეში დედამიწას არცერთი მათგანი არ შეეჯახება. ნასას შეფასებით, 140-მეტრიანი განივკვეთის ასტეროიდი ყოველ 20 ათას წელში ერთხელ ეჯახება დედამიწას, ხოლო ათასმეტრიანი დიამეტრისა კი — ყოველ 700 ათას წელიწადში ერთხელ.
კომენტარები