ახლახან შევიტყვეთ, რომ ინდოეთმა პაკისტანი დაბომბა. ეს ტერორისტულ აქტს მოჰყვა, რომელიც წინა თვეში ჯამუსა და ქაშმირში მოხდა; ამან 26 ადამიანი იმსხვერპლა, ორ ქვეყანას შორის კი დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა. ვინაიდან პაკისტანი და ინდოეთი ბირთვულ იარაღს ფლობს, მსოფლიო ბირთვული ომის პერსპექტივას განიხილავს.

და მაინც, სადამდე გავრცელდება აფეთქების გამანადგურებელი გავლენა, თუ ატომური ბომბი გამოიყენეს? მოგვწვდება თუ არა საქართველოში?

ამას ზუსტად ვერ გავიგებთ, თუმცა მიახლოებითი შეფასებისთვის შეგვიძლია ინტერაქტიური რუკა გამოვიყენოთ, სახელად Nukemap. იგი 2012 წელს დოქტორმა ალექს ველერშტაინმა შექმნა, ბირთვული იარაღების ისტორიკოსმა. მისი შექმნილი ხელსაწყო დაგვეხმარება გავიგოთ, რა მასშტაბის ზარალი შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულ ადგილას სხვადასხვა ტიპისა თუ სიმძლავრის ბომბის აფეთქებამ.

ზოგადად, აფეთქების გავლენა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის: ბომბის სიმძლავრეზე, ამინდზე, დღის მონაკვეთსა და აფეთქების ადგილის მახასიათებლებზეც. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, შეფასება ზუსტი ვერ იქნება.

ასევე იხილეთ: რას ნიშნავს ბირთვული ომი — ატომური იარაღის საფრთხეები

როგორ გამოვიყენოთ Nukemap?

პირველ რიგში ის ადგილი უნდა მოვნიშნოთ, სადაც ბომბის ჩამოგდებას ვამოწმებთ (ამ შემთხვევაში მაგალითისთვის ავირჩევ ჯამუს). შემდეგ ბომბი და მისი სიმძლავრე უნდა ავირჩიოთ.

ინდოეთი და პაკისტანი 5-40 კილოტონა (KT) სიმძლავრის ატომურ ბომბებს ფლობენ. შედარებისთვის, ჰიროსიმაში ჩამოგდებული "ბიჭუნა" 15 KT სიმძლავრისა იყო. ალექს ველერშტაინის ნაშრომის მიხედვით, მან დაახლოებით 140 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

Nukemap-ის ჩამონათვალში ორი ყველაზე მძლავრი ბომბი გვხვდება, რომელიც კი ინდოეთსა და პაკისტანს დაუტესტავს. ამ შემთხვევაში 60 KT სიმძლავრის ინდურ ბომბს ავირჩევ.

ფოტო: Nukemap by Alex Wellerstein

ასევე მივუთითებ, ბომბი ჰაერში აფეთქდება (Airburst) თუ მიწაზე (Surface). ჰაერში მომხდარი აფეთქება მიწიდან იმდენად ზემოთ ხდება, რომ წარმოქმნილი ცეცხლოვანი სფერო მიწას არ ეხება, მეორე შემთხვევაში კი ბომბი მიწაზე ან მასთან ძალიან ახლოს ფეთქდება. ხანმოკლე პერსპექტივაში ორივე სახის აფეთქება გარკვეულწილად განსხვავებულ შედეგებს იწვევს, რადიოლოგიური გავლენა კი ძალიან განსხვავებულია (მაგალითად, რადიოაქტიურ ნალექებს უმეტესად ზედაპირზე მომხდარი აფეთქება იწვევს).

ბოლოს რუკას შეგვიძლია ვთხოვოთ, შესაძლო მსხვერპლის რაოდენობა და რადიოაქტიური ნალექებიც შეაფასოს.

ფოტო: Nukemap by Alex Wellerstein

მას შემდეგ, რაც Detonate ღილაკს დავაჭერთ, ანუ ბომბს "ავაფეთქებთ", რუკა დახოცილებისა და დაშავებულების შესაძლო რაოდენობას გვეტყვის. ასევე, ფერადი რგოლების მიხედვით გვიჩვენებს, რა არეალზე იმოქმედებს ეს მოვლენა.

მიღებული მონაცემები ამ შემთხვევაში ასე გამოიყურება: 78 ათასი დახოცილი, 139 ათასი დაშავებული.

ფოტო: Nukemap by Alex Wellerstein

ფერების მიხედვით თითოეული რადიუსის განმარტებასაც დავინახავთ:

  • ყვითელი — ეს ცეცხლოვანი სფეროს რადიუსია, კერძოდ მისი მაქსიმალური ზომა (ამ შემთხვევაში 455 მეტრი). ზარალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სიმაღლეზე მოხდება აფეთქება. თუკი იგი მიწას შეეხება, რადიოაქტიური ნალექები ბევრად მეტი იქნება. ყველაფერი, რაც ცეცხლოვან სფეროში მოექცევა, მთლიანად აორთქლდება;
  • წითელი — ეს მძიმე ზიანის რადიუსია; ბეტონის შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდება ან დაინგრევა. სიკვდილიანობა ამ რადიუსში თითქმის 100%-ია;
  • მწვანე — ეს რადიაციის რადიუსია (500 რბე., ანუ რენტგენის ბიოლოგიური ეკვივალენტი, დოზა). სავარაუდოდ, მომაკვდინებელია დაახლოებით ერთ თვეში. გადარჩენილთა 15% თანდათან სიმსივნით დაიხოცება რადიაციის გამო;
  • ნაცრისფერი 1 — ეს საშუალო ზიანის რადიუსია. საცხოვრებელი სახლების უმეტესობა ინგრევა, ზიანდება ყველა და ხშირია სიკვდილიც. დიდი შანსია, რომ შენობების დაზიანების შედეგად ხანძარი გაჩნდება და გავრცელდება;
  • ნარინჯისფერი — ამ რადიუსში მესამე ხარისხის დამწვრობებია მოსალოდნელი. ასეთი დამწვრობა, გარდა კანისა, კუნთებამდეც აღწევს და ხშირად უმტკივნეულოა, რადგან ტკივილის ნერვული დაბოლოებები ნადგურდება. ასეთი დამწვრობა ხშირად მძიმე ნაწიბურებსა და ინვალიდობას იწვევს; საჭირო შეიძლება გახდეს ამპუტაციაც;
  • ნაცრისფერი 2 — ეს მსუბუქი ზიანის რადიუსია. აქ შუშის ფანჯრების მსხვრევაა მოსალოდნელი; აფეთქებისას, როცა სინათლე გაიელვებს, ადამიანები ფანჯრებთან მიდიან (აფეთქების სინათლე მისი წნევის ტალღაზე სწრაფად ვრცელდება), ამიტომ მათი დაშავების რისკია.

გამოსახულება გვიჩვენებს რადიოაქტიური ნალექების გადაადგილებასაც. ესაა აფეთქებიდან 1 საათის შემდგომი მონაცემი, როცა ქარის სიჩქარე 24 კილომეტრია საათში.

ფოტო: Nukemap by Alex Wellerstein

რადიოაქტიური ნალექების გავრცელებაზე უფრო დეტალურად ამ სტატიაში გაეცნობით: რა პრინციპით ვრცელდება რადიოაქტიური ღრუბელი და როგორ განვსაზღვროთ მისი შესაძლო ზარალი

რადიაციის საფრთხეები — შორიდან მიყენებული ზიანი

მიუხედავად იმისა, რომ აფეთქება საქართველომდე პირდაპირ ვერ მოაღწევს, რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში ადის და დიდ მანძილზე ვრცელდება. ნალექების — წვიმის, თოვლის — სახით ისინი შემდეგ ხმელეთზე ბრუნდება და აზიანებს როგორც ბუნებასა და ნიადაგს, ასევე ცოცხალ ორგანიზმებსაც.

გარდა ამისა, 2022 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ბირთვულ ომს შეუძლია, მილიარდობით ადამიანის შიმშილობა გამოიწვიოს. ამ კვლევის მიხედვით, ინდოეთისა და პაკისტანის ბირთვული დაპირისპირების შემთხვევაში, დაახლოებით 100 აფეთქების შედეგად, ატმოსფეროში 5 მილიონი მეტრული ტონა ნაწილაკი გაიფრქვევა; შედეგად ადამიანთა უმრავლესობას კალორიებზე ხელმისაწვდომობა 8 პროცენტით შეუმცირდება, მომდევნო წლებში კი 255 მილიონი ადამიანი შიმშილით დაიხოცება.

გარდა შიმშილისა, ამ ნივთიერებებმა მძიმე დაავადებებიც შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით კიბო. თუკი ადამიანი ისეთ გარემოში ხვდება, სადაც მაიონიზებელი რადიაცია დასაშვებზე მეტია, შეიძლება უჯრედები დაზიანდეს და სიმსივნური უჯრედები წარმოიქმნას.

ასევე იხილეთ: კიბოს გამომწვევიც და მკურნალიც — ყველაფერი რადიაციის შესახებ

საბოლოო ჯამში, ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ადგილობრივი ზარალს როდი გამოიწვევს. მსგავსი კონფლიქტი დედამიწის სხვა ადგილებში მაცხოვრებლებსაც შეგვეხება როგორც კლიმატის ცვლილებით, ასევე საკვები რესურსების დეფიციტითა და ჯანმრთელობის გრძელვადიანი რისკებით. ამ ყველაფრის სიმძაფრე არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კი ბირთვული ომის მასშტაბებზე.

ცხადია, სტატიაში მიმოხილული სცენარი მხოლოდ სამეცნიერო ცოდნას ემყარება და ჰიპოთეზურია. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ ბირთვული ომი და მის ეფექტებთან გამკლავება გვემუქრება — ეს მხოლოდ ვარაუდებია. თუ მაინც დაგვემუქრება, ჩვენი სხვა სტატიის წაკითხვას გირჩევთ, რომელიც უსაფრთხოების ზომების მიღებაში დაგეხმარებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.