რას ფიქრობს ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე
ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სანქციები მკაცრდება ამომრჩეველთა იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. სხვადასხვა პარტიის ლიდერები იმ მოსაზრების გარშემო გაერთიანდნენ, რომ ამ ბერკეტს ხელისუფლება მხოლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი, გირჩის ერთ-ერთ ლიდერი, იაგო ხვიჩია და ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე On.ge-სთან აფასებენ.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ეს დანაშაულებები [იძულება, დაშინება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა] კანონით ისედაც დასჯადი იყო, თუმცა არც ერთ აქამდე მომხდარ შემთხვევას ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
მისივე თქმით, ხელისუფლების გულწრფელობას მთელი პოლიტიკური სპექტრი მაშინ დაიჯერებდა, თუკი იმ ადამიანებს დასჯიდნენ, ვინც დანაშაული არაერთხელ ჩაიდინა.
მან აღნიშნა ისიც, რომ ეუთოს/ოდირის ბევრი რეკომენდაცია არ შესრულდა საარჩევნო ცვლილების დახვეწის პროცესში, ხოლო "ფარისევლობა და სიყალბე" ნამდვილად არ გამორჩება საზოგადოებას ქართული ოცნების მხრიდან.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, როდესაც ამ თემას [საარჩევნო კოდექსს] განიხილავდნენ, ერთადერთი იყო ოპოზიციიდან, ვინც ფიქრობდა, რომ ამ ცვლილებას მათ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ.
"როცა გამკაცრების, სისხლის სამართლის თემა შემოდიოდა, მცირე ოდენობის მოსყიდვების ამბავში, ჩვენ [ოპოზიცია] ამას კაჭრეთში განვიხილავდით. მაშინ მე ვიყავი და ერთადერთი, ვინც ყვიროდა — ხალხო, ამას გამოიყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ და ხელისუფლების წინააღმდეგ არ აღასრულებენ. მაშინ, უბრალოდ, არ მომისმინეს და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ტაშისკვრით გავაცილეთ ეს ცვლილებები", — აცხადებს ხვიჩია.
მისივე თქმით, კრიტიკა რომ სრულყოფილი იყოს, ოპოზიციამ უნდა თქვას, რომ თავის დროზე ცვლილებების მხარდაჭერა შეცდომა იყო და ამის გაგრძელებაც არასწორია.
ანა ნაცვლიშვილმა On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა უმძიმესი დანაშაულია, თუმცა მასთან საბრძოლველად არაა საკმარისი მხოლოდ კანონი, აუცილებელია მისი აღსრულება.
"ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება არის ძალიან მძიმე დანაშაული და ძირს უთხრის არჩევნებს დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ იმისათვის, რომ ამ პრობლემებს ეფექტურად ებრძოდეს ხელისუფლება, არ არის საკმარისი მხოლოდ კანონი. აუცილებელია იმ კანონის შესრულება, რომელიც უკვე მიღებულია. ვერც ერთ შემთხვევას ვერ გავიხსენებ, როცა ხელისუფლებამ კანონი აღასრულა მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებზეც ყოფილა კანონის დარღვევის შემთხვევები", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, თალაკვაძის ინიციატივა არის "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს" ამბავი. ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებას სურს საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენონ, როგორი "სუპერ დემოკრატიულები" არიან, თუმცა ასევე ამბობს იმასაც, რომ ამის ჩვენებას სჭირდება არა კანონის ცვლილება, არამედ უკვე "არსებული კანონის კეთილსინდისიერად აღსრულება".
მანვე ისაუბრა ია კერზაიას საქმეზეც, რომელსაც ნაცვლიშვილი არა გარდაცვალებად, არამედ მკვლელობად აფასებს.
"ეს მკვლელობა ჩადენილი იყო სწორედ საარჩევნო იძულებითი მანქანის შედეგად. ეს საქმე დახურეს და თქვეს დანაშაულის ნიშნები არ იყოო, სასამართლომდეც კი არ მივიდა. სასამართლოსაც კი, რომელსაც ოცნება აკონტროლებს, არ ენდნენ. პროკურატურის წიაღშივე ჩაკლეს ეს საქმე", — თქვა მან.
ნაცვლიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ დანაშაულებთან შეურიგებელი ბრძოლა არის მნიშვნელოვანი, თუმცა კანონის დარღვევის ბერკეტი აქვს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, არსებობს რისკები, ხელისუფლებამ ეს კანონი მხოლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ აამოქმედოს.
ამავე თემაზე სხვადასხვა მედიასთან ისაუბრეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ ჩუგოშვილმა, ეკა ბესელიამ და ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ტვ პირველთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ზოგადად ცვლილების წინააღმდეგი არაფერი აქვს, თუმცა პრობლემა არასდროს ყოფილა კანონში სიმკაცრის არარსებობა, მთავარი იმპლემენტაციაა.
"თვითონ ამ ცვლილებების საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს, ზოგადად საარჩევნო დარღვევებზე მკაცრი უნდა იყოს პასუხისმგებლობა, ეს იყო გარე აქტორების მხრიდან მიღებული რეკომენდაციებიც. მაგრამ, მთავარი პრობლემა არის არა სიმკაცრის ნაკლებობა, მიუხედავად იმისა რომ ამის გამკაცრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, არამედ მთავარი პრობლემა არის იმპლემენტაცია, ანუ კანონის სამართლიანად და თანასწორად აღსრულება", — ამბობს ჩუგოშვილი.
მისივე თქმით, დანაშაულებები, რომელზეც კანონის გამკაცრების ინიციატივა ვრცელდება, ძირითადად მოდიოდა ხელისუფლებიდან.
ჩუგოშვილმა თქვა, რომ ხალხს იმ შემთხვევაშიც უნდა ჰქონდეს კანონის აღსრულების განცდა, თუ დარღვევები მმართველი ძალის მიერ იქნება ჩადენილი.
პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს ინიციატივა "აცდენაა" და ისინი "დროსა და სივრცეში არიან არეულები".
"თუ ამ ინიციატივას, ახლა სექტემბერში პარლამენტი კენჭს უყრის, მაშინ ჩემი შემხვედრი წინადადება და ძალიან პრინციპული მოთხოვნაა, რომ ის პროექტი, რომელიც წარვადგინე ხმების დასაცავად, განიხილონ ამ პაკეტთან ერთად. ამას მხარს უჭერს ყველა ოპოზიციური პარტია", — აცხადებს ბესელია.
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ლიდერი, სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ ამგვარი ცვლილებით ქართული ოცნება ცდილობს საერთაშორისო დამკვირვებლებს მოაჩვენოს, რომ ხელისუფლება შეზღუდავს ამომრჩეველზე რაიმე ტიპის გავლენას.
"აი ამ ინიციატივაზე ითქმევა ზუსტად, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. ეს ყველაფერი ისედაც დასჯადი იყო და როგორც ჩანს უნდა გამოჩნდნენ თეთრი და ფუმფულა საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომ აი თურმე კანონში შეაქვთ ცვლილება. მთავარი პრობლემა არის, თუ ამ კანონის შემდეგ როგორ ასრულებენ და ვის მიმართ ასრულებენ", — განაცხადა კაპანაძემ.
ქართული ოცნების განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში 26 აგვისტოს უნდა დარეგისტრირდეს და სექტემბერში რეგლამენტით გათვალისწინებულ სესიებზე განიხილოს.
კომენტარები