ახალი სახეები და ყოფილი პრემიერმინისტრები — რეპორტაჟი ოცნების ყრილობიდან
ქართული ოცნების მეოთხე ყრილობა, რომელიც აქციის ფონზე გაიმართა, ღარიბაშვილსადმი განსაკუთრებული მისალმებითა და ივანიშვილის ღვაწლზე საუბრით დაიწყო. ყრილობის დასრულების შემდეგ კი ივანიშვილმა თავის სამომავლო გეგმებზე წერილის გამოქვეყნება დაანონსა.
ყრილობა დაგეგმილზე დაგვიანებით დაიწყო
14 მაისს სპორტის სასახლეში მმართველი პარტიის რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართა.
ყრილობაზე მოსულმა მოქალაქეებმა დარბაზი გაავსეს. შენობის შიგნით და გარეთ მობილიზებული იყო პოლიცია.
შეხვედრის პარალელურად, სპორტის სასახლის გარეთ ცენტრ პოინტისგან დაზარალებულები აქციას მართავდნენ და ხელისუფლებაში იმ პირების ყოფნას აპროტესტებდნენ, რომლებიც მათი ბრალდებით თაღლითებს მფარველობენ.
ყრილობა დაგეგმილზე თითქმის ნახევარი საათით გვიან დაიწყო. შეხვედრაზე მივიდნენ ყოფილი პრემიერები, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ყრილობაზე არ გამოჩენილა საქართველოს პრეზიდენტი. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, მისთვის მოსაწვევი არ გაუგზავნიათ.
ყრილობის გახსნა
შეხვედრა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. ტრიბუნასთან პირველი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მივიდა. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და მათ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ქართული ოცნების გენერალური მდივანი განსაკუთრებული პატივისცემით პარტიის ყოფილ თავჯდომარესა და ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მიესალმა, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის წვლილზე გააკეთა აქცენტი:
კახა კალაძის თქმით, პარტიაში უამრავი ახალი სახე იქნება:
“პარტია განახლებული და მაღალპროფესიონალური კადრების შემადგენლობით შეუდგება თქვენი ოცნებების რეალიზებაზე ზრუნვას”.
პარტიის თავჯდომარისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევა
კახი კალაძემ სიტყვის ბოლოს პარტიის ახალ თავჯდომარედ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.
“პოლიტიკური თვალსაზრისით ესაა დიდი გამოწვევა. ჩემი თანაგუნდელების გულწრფელი ნდობა კი ასმაგად ზრდის ამ პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო მისი წინსვლისა და განვითარებისთვის” - ამ სიტყვებით გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას მიესალმა და მადლობა გადაუხადა პარტიასა და ბიძინა ივანიშვილს.
გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი მისი ერთიანობაა.
კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თანადგომისთვის და დასძინა, რომ საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა:
“ჩვენ ვცდილობთ, ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, თუმცა ეს არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე”.
პრემიერმინისტრის თქმით, ქართული ოცნების მთავარი მიზანი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციაა:
“ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური ევროპული ქვეყანა რომ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩვენთან ყოფნის სურვილი. მათ უნდა ისარგებლონ ჩვენი ყველა სიკეთეებით, მათ შორის ევროპასთან უვიზო მიმოსვლით”.
ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 11 ძველი წევრი დატოვა და 9 ახალი წევრიც დაასახელა, რომლებიც დელეგატებმა ერთხმად დაამტკიცეს.
პოლიტსაბჭოს ძველი წევრები:
- კახა კალაძე
- გიორგი ვოლსკი
- მანანა კობახიძე
- ეკა ბესელია
- ირაკლი სესიაშვილი
- ირაკლი ტრიპოლსკი
- თემურ ჭკუასელი
- ნოდარ ხადური
- ზვიად კვაჭანტირაძე
- გედევან ფოფხაძე
- დავით საგანელიძე
პოლიტსაბჭოს ახალი წევრები:
- ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი; - დავით ბაქრაძე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი; - დავით კოღუაშვილი
აშშ-ს სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი; ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი; ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მრჩეველი საბაჟო რეფორმების საკითხებში; - მამუკა მდინარაძე
იურისტი, სამართლის დოქტორი. ორგანიზაცია ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე; - ირინე ფრუიძე
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი და ინტელექტუალურ კლუბის რა? სად? როდის? წევრი; - რომან კაკულია
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამჟამად ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი; - სოფიო კილაძე
საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტი, ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროექტორი და სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი; - აკაკი ზოიძე
კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი; - ზვიად გონაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მაგისტრი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
გიორგი კვირიკაშვილმა დასძინა, რომ მას სწამს 2016 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრების კომენტარები
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ყრილობის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
"საარჩევნო პროცესებში აქტიურად ვაპირებ ქართული ოცნების დახმარებას. მათ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას აღმოვუჩენ. ერთი კვირის თავზე წერილს გამოვაქვეყნებ, სადაც ყველაფერი იქნება მოთხრობილი, მოგახსენებთ რას ვაპირებ და როგორ ვაპირებ. ეს იქნება ერთგვარი ანგარიში".
ქართულ ოცნებას მხარდაჭერა გამოუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმაც, მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო სიაში ყოფნას არ აპირებს:
"როგორც ყოფილი პრემიერი და როგორც პარტიის ყოფილი თავჯდომარე, მზად ვარ მხარში დავუდგე გუნდს, თუ დასჭირდება, არჩევნების განმავლობაში. სიაში არ ვაპირებ ყოფნას, რადგან ვიყავი ამ პარტიის თავჯდომარე და მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს. ამ ეტაპზე არც ახალი პარტიის ჩამოყალიბებას ვაპირებ".
რატომ უჭერენ მხარს ქართულ ოცნებას
ყრილობაზე მისული ქართული ოცნების მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ როგორც ყოფილ პრემიერმინისტრებს, ისე პარტიის ახალ სახეებს.
"სიმართლეს ვხედავ მათში, მინდა შეიცვალოს ის ძველი, სააკაშვილის დროინდელი წავიდნენ, მაგრამ მათი ნარჩენები კიდევ არის" - უთხრა On.ge-ს ყრილობაზე მისულმა ქართული ოცნების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
"მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ სააკაშვილი მოაშორა აქედან".
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ქართული ოცნებას სხვა კონკრეტული საქმეების გამო უჭერს მხარს:
"ქართულმა ოცნებამ ბავშვებს წიგნები დაურიგა, ახლა ფული არ მჭირდება ისე მივდივარ ექიმთან და ანალიზებს ვიკეთებ. ივანიშვილმა საქართველოსთვის თავი გასწირა" - გვითხრა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ზოია ხინთიბიძემ.
ზოია ხინთიბიძემ აღნიშნა, რომ ის მთავრობისგან პენსიის მომატებას ელოდა, თუმცა იმედი აქვს, რომ ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებზე ზრუნვას და კეთილი საქმეების კეთებას განაგრძობს.
"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ უამრავი ადამიანი გადაარჩინა ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ბევრი კარგი საქმე გააკეთეს, თუმცა მათი მთავარი შეცდომა კოჰაბიტაცია იყო. ქართული ოცნების პირველ წელიწადნახევარს დაკარგულად ვთვლი" - უთხრა On.ge-ს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ზაირა გოცაძემ.
მედიის მუშაობა
მედიის წარმომადგენლები ყრილობაზე ყველაზე ადრე მივიდნენ, თუმცა ყრილობის დასრულებამდე მათ პარტიის წარმომადგენლებთან მისვლის და კითხვების დასმის საშუალება არ ჰქონდათ.
განსაზღვრული იყო ოპერატორებისა და ფოტოგრაფების ადგილიც. მათ მხოლოდ ზემოდან, ერთი განსაზღვრული სექტორიდან მუშაობის უფლება ჰქონდათ.
ყრილობის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა და ყოფილმა პარტიის წევრებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს, თუმცა მედიის წარმომადგენლები საუბრობდნენ დაცვის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და უსაფრთხოების გადაჭარბებულ ზომებზე.
კომენტარები